მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

18 ხშირად დასმული კითხვა და პასუხი საგანგებო მდგომარეობაზე

5e83757d3f578
თელარა გელანტია
31.03.20 20:51
2837
საქართველოში საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში მოქმედ შეზღუდვებსა და დაშვებებთან დაკავშირებით, მთავრობას ხშირად დასმულ 18 კითხვაზე პასუხებს ავრცელებს. მისივე ცნობით, ინფორმაცია პერიოდულად განახლდება. 

1. რა შემთხვევაშია ავტომობილით გადაადგილება ნებადართული?

ნებადართულია მსუბუქი ავტომობილებით (მათ შორის ტაქსებით) მგზავრობა, იმ შემთხვევაში, თუ ავტომობილში იქნება მხოლოდ 3 ადამიანი, მათ შორის 2 უნდა იჯდეს უკანა სავარძელზე. ამასთან, საღამოს 9 საათიდან დილის 6 საათამდე სრულად იკრძალება გადაადგილება, როგორც ქვეითად, ისე - სატრანსპორტო საშუალებით.

2. როგორ შეიძლება მანქანით 3-ზე მეტი წევრისგან შემდგარი ოჯახის ქალაქგარეთ გაყვანა?
მსუბუქი ავტომობილით მხოლოდ 3 პირის მგზავრობაა დასაშვები. ეს შეზღუდვა ეხება ოჯახის წევრებსაც, მათ შორის - ბავშვებს.

3. რა შემთხვევაშია ნებადართული საჯარო სივრცეში 3-ზე მეტი პირის შეკრება?

3-ზე მეტი ფიზიკური პირის თავშეყრა შესაძლებელია მხოლოდ დაშვებული ეკონომიკური საქმიანობების განხორციელებისას. მათ შორის, სურსათისა და სამედიცინო/ფარმაცევტული საქონლის/პროდუქტის რეალიზაციისას, ობიექტის სპეციფიკის გათვალისწინებით, არანაკლებ 2 მეტრის სოციალური დისტანციის დაცვით, ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შესაბამისად.

ეს შეზღუდვა არ ეხება: სამედიცინო დაწესებულებებში, საჯარო დაწესებულებებში, თავდაცვის ძალებში, სპეციალურ პენიტენციურ დაწესებულებებში, სამართალდამცავ ორგანოებში პირთა თავშეყრას, მათზე დაკისრებული ფუნქციების შესრულების მიზნით; ასევე, სამშენებლო-ინფრასტრუქტურული სამუშაოების შესრულებას.

4. როდის შეუძლია 70 წელზე მეტი ასაკის მოქალაქეს სახლიდან გასვლა?

70 წელს ზემოთ მოქალაქეებს სახლიდან გასვლა შეუძლიათ მხოლოდ მაშინ, თუ ისინი მიდიან სურსათისა და სამედიცინო/ფარმაცევტული პროდუქტის შესაძენად. ასევე, ისეთი სამედიცინო მომსახურების მისაღებად, რომელსაც სახლიდან გაუსვლელად ვერ მიიღებენ.

ეს შეზღუდვა არ ეხებათ სამედიცინო დაწესებულების თანამშრომლებს.

5. თუ 70 წელს გადაცილებული მარტოხელაა?

იმ შემთხვევაში თუ, 70 წელს გადაცილებული მოქალაქეები არიან მარტოხელები, მათ დაეხმარება ეკონომიკის სამინისტრო (საქართველოს ფოსტა) და ჯანდაცვის სამინისტრო, ასევე ადგილობრივი მუნიციპალიტეტები. ასეთ შემთხვევაში მოქალაქეებმა უნდა დარეკონ ცხელ ხაზზე - 144.

6. რას ნიშნავს სრული კარანტინი - ე.წ „კომენდანტის საათი“?

მთელი ქვეყნის მასშტაბით, საღამოს 9 საათიდან დილის 6 საათამდე სრულად იკრძალება გადაადგილება, როგორც ქვეითად, ისე სატრანსპორტო საშუალებით.

7. როდის და ვისთვისაა აუცილებელი პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ტარება?

ნებისმიერ ფიზიკურ პირს, ნებისმიერ დროს გადაადგილებისას თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

8. იმ შემთხვევაში თუ არ მაქვს პირადობის დამადასტურებელი მოწმობა?

ასეთ შემთხვევაში იქონიეთ ნებისმიერი სხვა დოკუმენტი რომლითაც შესაძლებელია თქვენი პიროვნების იდენტიფიცირება. მაგალითად, მართვის მოწმობა.

9. იმ შემთხვევაში თუ არასრულწლოვანი დაარღვევს საგანგებო მდგომარეობის რეჟიმს, ვის ეკისრება პასუხისმგებლობა?

16 წლამდე ასაკის პირის მიერ საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევისათვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა ეკისრება მის მშობელს ან ბავშვის სხვა კანონიერ წარმომადგენელს.

10. კომენდანტის საათის დროს შემიძლია შინაური ცხოველის გასეირნება?

კომენდანტის საათის დროს აკრძალულია გადაადგილება.

11. საღამოს 9 საათის შემდეგ იმუშავებს თუ არა სურსათის მაღაზიები, აფთიაქები?

9 საათის შემდეგ იმუშავებს მხოლოდ აფთიაქი, რომლით სარგებლობა შეეძლებათ მხოლოდ იმ პირებს, რომლებსაც აქვთ საღამოს 9 საათიდან დილის 6 საათამდე გადაადგილების უფლება (მაგალითად პოლიციელები, ექიმები და სხვა პირები, რომლებსაც აქვთ გადაადგილების ნებართვა მათი საქმიანობიდან გამომდინარე).

12. მაქვს ეკონომიკური საქმიანობის უფლება, თანამშრომლები სამსახურში როგორ ვატარო?

თანაშმრომლების ტრანსპორტირება სახლიდან და უკან უნდა უზრუნველყოთ თავად, მიკროავტობუსის, ავტობუსის მეშვეობით, რომლებზეც არ ვრცელდება 3 კაციანი შეზღუდვა. ტრანსპორტირების შესახებ თანხმობა უნდა აიღოთ მუნიციპალიტეტებიდან. აღნიშნული არ ეხება თანამშრომლების გადაყვანას მსუბუქი ავტომანქანებით, რაზეც ვრცელდება 3 კაციანი შეზღუდვა.

13. ტაქსისტი ვარ, შემიძლია თუ არა განვაგრძო საქმიანობა?

დიახ, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ავტომობილში იქნება მხოლოდ 3 ადამიანი - თქვენს გარდა, ორი ადამიანი უნდა მგზავრობდეს უკანა სავარძელზე. ამასთან, მთელი ქვეყნის მასშტაბით, საღამოს 9 საათიდან დილის 6 საათამდე სრულად იკრძალება გადაადგილება.

14. ითვლება თუ არა ბავშვი 3 კაციან შეზღუდვაში?

დიახ.

15. მაქვს თუ არა ეკონომიკური საქმიანობის უფლება?

იზღუდება ყველა საქმიანობა, გარდა:

1. სამედიცინო დაწესებულების საქმიანობისა;
2. სურსათის/ცხოველის საკვების, ცხოველის, ცხოველური და მცენარეული პროდუქტების, ვეტერინარული პრეპარატების, პესტიციდებისა და აგროქიმიკატების, სათესლე და სარგავი მასალების საცალო რეალიზაციისა, ასევე მათი წარმოების, შენახვის, საბითუმო ვაჭრობისა და დისტრიბუციის, სურსათის შესაფუთი მასალების/ტარის წარმოებისა;
3. წისქვილების, პურ-ფუნთუშეულის საცხობების, რძის მიღება-გადამუშავების საწარმოების საქმიანობისა;
4. ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის, წყლის წარმოებისა/გადაცემისა/განაწილებისა/მიწოდებისა, ბენზინის, დიზელის, თხევადი აირის მიწოდებისა, ასევე სატელეკომუნიკაციო, საფოსტო და ნარჩენების მართვასთან დაკავშირებული მომსახურების მიწოდებისა;
5. კომერციული ბანკების საქმიანობისა;
6. იმ საგადახდო მომსახურების პროვაიდერებისა და მათი აგენტების საქმიანობისა, რომლებიც აწვდიან მომსახურებას თვითმომსახურების კიოსკების მეშვეობით;
7. საგადახდო სისტემის ოპერატორების საქმიანობისა;
8.ბანკომატების, თვითმომსახურების კიოსკებისა და პოსტერმინალების უწყვეტი ფუნქციონირებისათვის საჭირო საქმიანობისა;
9. მიკროსაფინანსო ორგანიზაციების საქმიანობისა;
10. საბანკო-საფინანსო პროდუქტების/მომსახურების დისტანციური არხებით მიწოდებისა/რეალიზაციისა;
11. სამედიცინო დანიშნულების საქონლის, ფარმაცევტული პროდუქტის წარმოებისა/დისტრიბუციისა/რეალიზაციისა;
12. სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების ჩატარებასა და მეცხოველეობასთან/მეფრინველეობასთან დაკავშირებული საქმიანობისა;
13. მსუბუქი ავტომობილით – ტაქსით (M1 კატეგორია) გადაადგილებით მომსახურებისა;
14. საკვები პროდუქტის მიტანის მომსახურებისა (ე.წ. „დელივერი სერვისი“);
15. კერძო დაცვითი საქმიანობისა;
16. საადვოკატო საქმიანობისა;
17. ავტოტექმომსახურების გამწევი სუბიექტების საქმიანობისა;
18. პრესის ჯიხურებისა.
ზემოაღნიშნულის გარდა, მთავრობის დადგენილებით პერიოდულად განისაზღვრება დამატებითი ეკონომიკური საქმიანობები, რომელთა განხორციელებაც კრიტიკულად აუცილებელია საგანგებო მდგომარეობის დროს. ყველა ცვლილება ქვეყნდება საკანონმდებლო მაცნეს ყველასათვის ხელმისაწვდომ ბმულზე - https://matsne.gov.ge/ka/document/search…  

ყველა ასეთი საგამონაკლისო საქმიანობა უნდა განხორციელდეს ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების მკაცრი დაცვით.

16. ოჯახში სამზე მეტი პირი ვცხოვრობთ, ვარღვევთ თუ არა ამ დადგენილების მოთხოვნას?

რა თქმა უნდა, არა.

17. ვრცელდება თუ არა 3 კაციანი შეზღუდვა მიკროავტობუსებსა და ავტობუსებზე?

მთელი ქვეყნის მასშტაბით საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა შეჩერებულია.

დაშვებულია იმ შემთხვევაში თუ საგანგებო მდგომარეობის მოქმედების პერიოდში ნებადართული საქმიანობის განმახორციელებელი კომპანია თავად უზრუნველყოფს თანამშრომლების ტრანსპორტირებას სახლიდან და უკან, მიკროავტობუსის/ავტობუსის მეშვეობით. ამასთან, ასეთმა კომპანიებმა ტრანსპორტირების შესახებ თანხმობა უნდა აიღონ მუნიციპალიტეტებიდან.

18. საქმიანობა უჩერდებათ თუ არა სავალუტო ჯიხურებს და ლომბარდებს?

დიახ, უჩერდებათ.

ინფორმაცია განახლებადია!

#StopCoV #COVID19