მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

183,000 სესხზე საპროცენტო განაკვეთები არ შემცირდება - "საზოგადოება და ბანკები"

63da4cdd8dadd
BM.GE
01.02.23 15:40
486
ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი უცვლელად, 11%-ზე დატოვა. სებ-ის შეფასებით, ქვეყანაში ინფლაციური მოლოდინები მცირდება, თუმცა ამის მიუხედავად, ჯერჯერობით რეფინანსირების განაკვეთის შემცირების საჭიროება დღის წესრიგში არ დგას. შესაბამისად, არ შეიცვლება იმ სესხების განაკვეთიც, რომლებიც რეფინანსირების განაკვეთზე არის მიბმული. ამ კრედიტების შესახებ მიმოხილვა გამოაქვეყნა არასამთავრობო ორგაბიზაცია "საზოგადოება და ბანკებმა". ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ ამჟამად ამ სახის 183,100 სესხი არის მოქმედი, ხოლო კრედიტების ჯამური პორტფელი 10.54 მილიარდი ლარია. 

ამასთან, "საზოგადოება და ბანკები" მიიჩნევს, რომ სებ-მა დღეს ფრთხილი გადაწყვეტილება მიიღო.

"183100 ხელშეკრულებიდან 80100 სამომხმარებლო ტიპის სესხია, მოცულობა კი 1647 მილიონი ლარი. ლარში გაცემული სამომხმარებლო სესხების საშუალო შეწონილმა საპროცენტო განაკვეთმა 1 იანვრის მდგომარეობთ 19.57% შეადგინა.

რაოდენობრივად მეორე ადგილზეა უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი სესხები. რეფინანსირების განაკვეთზე 1 იანვრის მონაცემებით 73900 სესხია მიბმული, საშუალოდ 13.44%-ში. მთლიანი პორტფელი კი 3390 მილიონი ლარია.

28100 ხელშეკრულებაა გაფორმებული ბიზნეს სესხების გასაცემად, რაც 1 დეკემბერთან შედარებით 300-ით ნაკლებია. მთლიანი პორტფელი 5469 მილიონი ლარია, საშუალოდ 14.70%-ში.

ყველაზე მცირე რაოდენობით გაცემულია რეფინანსირების განაკვეთზე მიბმული ავტოსესხი. სულ 1 იანვრის მონაცემებით 800 ხელშეკრულებაა გაფორმებული. 23.7 მლნ ლარი ბანკებმა საშუალოდ 18.51%-ში გაასესხეს.

ასევე გაცემულია 300 ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული სესხი, რომელთა კონკრეტული მიზნობრიობა უცნობია. ამ სესხების მთლიანი მოცულობა 17.3 მილიონი ლარია.

1 იანვრის მდგომარეობით ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული სესხები ლარში გაცემული მთლიანი საკრედიტო პორტფელის 42.8%-ია. მათ შორის ყველაზე მაღალი საპროცენტო განაკვეთი სამომხმარებლო სესხზე - 19.57%-ია, რომელსაც მოყვება ავტო სესხი - 18.51%-იანი განაკვეთით.

1 იანვრის მდგომარეობით, გაზრდილია სასესხო პორტფელი, ხოლო ხელშეკრულებების რაოდენობა შემცირებულია. 1 დეკემბრის მონაცემებთან შედარებით საპროცენტო განაკვეთების არსებითი ცვლილება არც ერთი მიზნობრიობით გაცემულ სესხებში არ შეიმჩნევა.

„საზოგადოება და ბანკების“ აზრით, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის დღევანდელი გადაწყვეტილება, ინფლაციის გამომწვევი შიდა და გარე ფაქტორების შესუსტების ფონზე, სიფრთხილითაა გამოწვეული. საერთაშორისო ბაზარზე სურსათზე ფასების კლების, ტრანსპორტირების ხარჯების შემცირებისა და ლარის მეტნაკლებად გამყარების მიუხედავად, რეფინანსირების განაკვეთი კვლავ 11%-იან ნიშნულზე დარჩა, რაც სამიზნე ინფლაციიდან საკმაოდ ხანგრძლივი გადახრის შენარჩუნებითა და გეოპოლიტიკური მდგომარეობით გამოწვეული გაურკვევლობით აიხსნება. მსოფლიოს ქვეყნების უმრავლესობაში ინფლაციური წნეხი გაზრდილია, რასაც შესაბამისი გამკაცრებული პოლიტიკით პასუხობენ ცენტრალური ბანკები. ეს კი, თავის მხრივ, მსოფლიო ეკონომიკური ზრდის პროგნოზს მნიშვნელოვნად აუარესებს.

მიუხედავად იმისა, რომ ინფლაციის მაჩვენებელი იკლებს, დეკემბერში მან 9.8% შეადგინა, იგი საკმაოდ დიდხანს დარჩა სამიზნე მაჩვენებლიდან გადახრილი, რაც უარყოფითად მოქმედებს ინფლაციურ მოლოდინებზე და ინფლაციაზე ზრდის მიმართულებით ქმნის ზეწოლას. მოსალოდნელია, რომ ინფლაცია სამიზნე მაჩვენებელს წლის მეორე ნახევარში დაუბრუნდება, მანამდე კი შენარჩუნდება მკაცრი მონეტარული პოლიტიკა, რომელსაც მაკროპრუდენციული ინსტრუმენტებიც თან ახლავს.

გამკაცრებულმა მონეტარულმა პოლიტიკამ და ამოქმედებული მაკროპრუდენციული ინსტრუმენტების ზემოქმედებამ საკრედიტო აქტივობა შეანელა. ასევე, ევროპის ცენტრალური ბანკისა და ფედერალური სარეზერვო სისტემის მიერ მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება საქართველოში ევროსა და დოლარის სესხებზე მოთხოვნის შემცირებას განაპირობებს.

მნიშვნელოვანია, ეროვნულმა ბანკმა ეკონომიკურ პროცესებზე დაკვირვება გააგრძელოს და გამოიყენოს ყველა ის ინსტრუმენტი, რაც სამომავლოდ ფასების სტაბილურობასა და მაღალ ეკონომიკურ ზრდას შორის წონასწორობას უზრუნველყოფს,"- ნათქვამია ორგანიზაცია "საზოგადოება და ბანკების" მიმოხილვაში.