მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

19 აპრილს საქართველოს ჩეხეთის განვითარების სააგენტოს დელეგაცია ეწვევა - გაფორმდება მემორანდუმები

607aaa231dc59
თამთა ჯიჯავაძე
17.04.21 13:27
991
ჩეხეთის რესპუბლიკა აგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას მისი განვითარებისა და თანამშრომლობის პროგრამის ფარგლებში. ამ მიზნით, 19-22 აპრილს საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ჩეხეთის განვითარების სააგენტოს დელეგაცია ეწვევა, რომლის შემადგენლობაშიც შედიან ჩეხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე მიკაელა მარკსოვა-ტომინოვა, ჩეხეთის განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი იან სლივა და მათი გუნდის წევრები.

ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ჩეხეთის დელეგაცია შეხვედრებს გამართავს ქართველ კოლეგებთან და საქართველოში ჩეხეთის საელჩოს ადგილობრივ პარტნიორებთან, მათ შორის ადგილზე გაეცნობა ჩეხეთის მხარის დახმარებით საქართველოში განხორციელებულ პროექტებს.

19 აპრილს სააგენტოს დელეგაცია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან ურთიერთგაგების ორ მემორანდუმს გააფორმებს. მემორანდუმები გულისხმობს თანამშრომლობას ორ პროექტთან, რომლებიც ჩეხეთის რესპუბლიკის ფინანსური დახმარებით განხორციელდა საქართველოში: „გზა სახლისკენ“, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოში მოზარდთა განვითარების ალტერნატიული სოციალური სერვისის შექმნას (მთლიანი ბიუჯეტი დაახლოებით 780 000 ევრო) და პირველადი ჯანმრთელობის დაცვის გაძლიერებას საქართველოში (მთლიანი ბიუჯეტი 1 233 000 ევრო).

ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში დელეგაცია ასევე დაესწრება მეფუტკრეობის მულტიფუნქციური რეგიონული ცენტრის გახსნის ცერემონიას და ეწვევა რუხისა და ბათუმის საავადმყოფოებს აჭარაში. რუხისა და ბათუმის ახალაშენებული საავადმყოფოები თანამედროვე ტექნიკით ჩეხეთის განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით აღიჭურვა.

დელეგაცია ასევე ეწვევა ზუგდიდის სკრინინგცენტრს, რომელიც ჩეხეთის განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით, ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის მიერ აშენდა და აღიჭურვა.

დელეგაციის ოფიციალური ვიზიტის დასასრულს ხელი მოეწერება ურთიერთგაგების მემორანდუმს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსთან. მემორანდუმი ითვალისწინებს ჯანმრთელობისა და გარემოსდაცვითი რისკების შეფასებასა და ბათუმის ყოფილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხნის რეაბილიტაციისთვის მხარდაჭერის კუთხით თანამშრომლობას.