13.მაისი .2021 14:22

2 კვირის შემდეგ, თუ დადებითობის მაჩვენებელი შემცირდა, შეზღუდვების საკითხი გადაიხედება - თურნავა

2  კვირის შემდეგ, თუ დადებითობის მაჩვენებელი შემცირდა, შეზღუდვების საკითხი გადაიხედება - თურნავა
views 910
უკან

ეკონომიკისა და მდრადი განვითარების მინისტრ ნათია თურნავას განცხადებით, ორი კვირის შემდეგ, ინფიცირების დადებითობის მაჩვენებლის შემცირების შემთხვევაში, შეზღუდვების საკითხი გადაიხედება. როგორც მინისტრმა თქვა, ეს შეეხება ყველა შეზღუდვას, მათ შორის - ე.წ. "კომენდანტის საათს".

"ღამის საათებში გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა და შაბათ-კვირის შეზღუდვები არ არის ქართული ნოუ-ჰაუ; მსოფლიოს არაერთი ქვეყანა მიმართავს ამ შეზღუდვებს, ამიტომ, რა თქმა უნდა, არც ტურისტებს უკვირთ, რომ მსგავსი სახის შეზღუდვა იქნება. მეტიც, ტურისტები ამ ბოლო დროს მეტად კითხულობენ, რამდენად უსაფრთხოა ქვეყანა, რამდენად იცავს სხვადასხვა პროტოკოლს და ა.შ. ქვეყანა, სადაც ელემენტარული შეზღუდვები არ არის დაცული, ეჭვს გამოიწვევს", - განაცხადა ნათია თურნავამ.

ამასთან, ეკონომიკის მინისტრი ეთანხმება მოსაზრებას, რომ შაბათ-კვირას დაკეტილი რესტორნები დისკომფორტს წარმოადგენს.

"იმაშიც გეთანხმებით, რომ გარკვეულ დისკომფორტს ქმნის ის, რომ ჩვენი მოქალაქეები და სტუმრები ვერ სადილობენ რესტორნებში. ეს, რა თქმა უნდა, ამ სექტორისთვის დარტყმაა. ჩვენ ვფიქრობთ, რომ უახლოესი ორი კვირის შემდეგ, კიდევ ერთხელ ვნახავთ დადებითობის მაჩვენებელს და შევძლებთ, გარკვეული შეზღუდვები შევამსუბუქოთ", - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

ცნობისთვის: გადაადგილებაზე შეზღუდვა შესაძლოა, მაისის ბოლოს შემსუბუქდეს. რამდენიმე დღის წინ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ თქვა, რომ გადაადგილების შეზღუდვის მოხსნის საკითხი შესაძლოა, მაისის ბოლოს გადაიხედოს.