17.მარტი .2020 14:26

2 გადაწყვეტილება და 1 დავალება, რომელიც პრემიერმა დღეს გააჟღერა

views 1122
უკან

პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ უწყებათაშორისი საბჭოს სხდომის შემდეგ მედიას ახალი გადაწყვეტილებები გააცნო.

1. ხვალიდან სამარშრუტო ტაქსების მოძრაობა აიკრძალება.

პრემიერის თქმით, ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გავრცელების კერა. „ამიტომ, ეს გადაწყვეტილება იყო მიღებული და სამარშრუტო ტაქსები ხვალიდან აიკრძალება. შესაბამისად, ქალაქში დარჩება მერიის ტრანსპორტი, ისევე, როგორც მეტრო, მაგრამ, მათ დაევალათ და ექნებათ ვალდებულება, ყოველდღიურად მოახდინონ ტრანსპორტის დეზინფექცია, შესაბამისად, აქ ჩვენ რისკების მართვა უკეთ შეგვიძლია“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

2. სრულად შეიზღუდება სპორტდარბაზების და სპა-ცენტრების ფუნქციონირება.

„დღეს შესაბამის უწყებებს დაევალათ, გააკონტროლონ, როგორ სრულდება მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები. მსგავსი მექანიზმები შეიქმნება თითოეულ სამინისტროში და ეს მოგვცემს იმის საშუალებას, რომ ადეკვატურად ვუპასუხოთ ამ გამოწვევებს“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

3. შეიქმნება მექანიზმი რისკ ჯგუფებისთვის იმ მომსახურების გასაწევად, რომელიც მათ ყოველდღიურად ესაჭიროებათ. დავალება ეკონომიკის სამინისტრომ და „საქართველოს ფოსტამ“ მიიღეს.

„მთავრობის რეკომენდაცია გახლავთ, რომ 70 წელს გადაცილებული მოქალაქეები, უკლებლივ თითოეული, უნდა მოექცნენ თვითიზოლაციაში. ეს არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი და ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ეს არის ჩვენი ვალდებულება, თითოეულის. ამ ამოცანის სწორად გადასაწყვეტად დღეს ეკონომიკის სამინისტროს და საქართველოს ფოსტას დაევალა, ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად, შექმნან მექანიზმი, რომელსაც შესთავაზებენ სოციალურად დაუცველებს და პენსიონერებს, 70 წელს გადაცილებულ პენსიონერებს, იმ მომსახურების გაწევისთვის, რომელიც მათ ესაჭიროებათ ყოველდღიურად, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ.

ცნობისთვის: ამ დროისთვის საქართველოში 34 მოქალაქეა კორონავირუსით ინფიცირებული.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა