მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2-მილიონიანი დავალიანება დაიფარება - რა ელით ყოფილი ონკოლოგიური კლინიკის თანამშრომლებს?

5ee3608113304
ინგა მურუსიძე
12.06.20 19:00
1093
უნივერსალური სამედიცინო ცენტრის, (ყოფილი ონკოლოგიური საავადმყოფოს) კლინიკის მედიკოსებისთვის გადასახდელი დავალიანების ჯამური მოცულობა დაახლოებით 2 მლნ ლარს შეადგენს, - ამის შესახებ bm.ge-ს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ გიორგი წოწკოლაურმა განუცხადა.

საქმე ისაა, რომ ყოფილი ონკოლოგიური კლინიკის მედიკოსებმა გუშინ აქცია გამართეს, საავადმყოფოს მოქმედი დირექტორის გადადგომა და დაგროვილი სახელფასო დავალიანებების ანაზღაურება მოითხოვეს.

წოწკოლაურის თქმით, დავალიანების დაფარვა ამ დრომდე ვერ მოხდა, ვინაიდან ეს თანხა დაკორექტირებულ ბიუჯეტში უნდა გაწერილიყო.

„ჯამური დავალიანება დაახლოებით 2 მლნ ლარს შეადგენს და ეს დავალიანება ჰქონდა კომპანიას, რომელიც ამ დრომდე იყო კლინიკის მართვაში, იქამდე, ვიდრე ჩვენთან გადმოვიტანდით. სახელფასო დავალიანების გასტუმრება მოხდება ივნისის და ივლისის თვეში. გავისტუმრებთ ამ 10 თვის დავალიანებებს, თანამშრომლებზე გავცემთ 2-თვიან კომპენსაციებს, რადგან საავადმყოფო დროებით უნდა შეჩერდეს, რათა მოხდეს მისი რეაბილიტაცია და აღჭურვა, რაც უკვე უნდა დავიწყოთ. ამაზე დონორებთან ინტენსიური მოლაპარაკებები იყო და პრაქტიკულად უკვე გადაწყვეტილია. როგორც კი დასრულდება რეაბილიტაცია-აღჭურვა, უპირობოდ დაბრუნდებიან ისინი იგივე პოზიციებზე, რა პოზიციებზეც ახლა არიან“, - განაცხადა წოწკოლაურმა.

მისივე განმარტებით, რეაბილიტაციის ვადების დასახელება ახლა რთულია, თუმცა მაქსიმალური მცდელობა იქნება, რომ კლინიკის რეაბილიტაცია „იმაზე სწრაფად მოხდეს, როგორც არასდროს, ვინაიდან ქვეყანას კიდევ ერთი მულტიპროფილური კლინიკა ძალიან სჭირდება“.

კითხვაზე, შერჩეულია თუ არა დონორი, წოწკოლაური ამბობს, რომ დონორებთან მოლაპარაკება დასრულებულია და იმის პერსპექტივა, რომ აღნიშნული საავადმყოფო დასრულდება უმოკლეს ვადებში, არის პოზიტიური.