მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

20-მდე კლინიკამ ეკატერინე ტიკარაძესთან შეხვედრა ითხოვა, მინისტრი თანახმაა

60081c1d0feb1
თელარა გელანტია
20.01.21 16:03
874
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე კლინიკების მენეჯმენტს უახლოეს დღეებში შეხვდება. ამის შესახებ bm.ge-ის მინისტრის პრეს-სამსახურში განუცხადეს.

საქმე იმაშია, რომ როგორც დღეს bm.ge-ისთვის გახდა ცნობილი, საქართველოში მოქმედი ათეულობით კლინიკის ხელმძღვანელობა ეკატერინე ტიკარაძესთან შეხვედრას ითხოვს - მიზეზი სამედიცინო სექტორში არსებული მძიმე ეკონომიკური კრიზისია. „იმისათვის, რომ სამედიცინო სექტორმა გაუძლოს ამ ვითარებას და არ მოხდეს მისი სრული კოლაფსი, მოგმართავთ თხოვნით უახლოეს დღეებში მოხდეს შეხვედრა, სადაც ჩვენ ჩვენის მხრივ წარმოგიდგენთ ჩვენს ხედვებს თუ როგორ შეიძლება იქნას არიდებული თავიდან ის უმძიმესი მდგომარეობა და მისგან გამოწვეული ზიანები რომელიც უკვე გარდაუვალი ხდება“, - წერია წერილში, რომელიც მინისტრს წინა კვირას გაეგზავნა; მისი ასლი საქართველოს ბიზნესომბუდსმენის მოვალეობის შემსრულებელმა ნინო კვეტენაძემაც მიიღო, მაგრამ ჩვენი ინფორმაციით, ადრესატებისგან რეაგირება დღემდე არ მოჰყოლია.

ეკატერინე ტიკარაძე რომ კლინიკების მენეჯმენტთან შეხვედრის მზაობას გამოთქვამს, როგორც ჩანს, უკვე იციან სამედიცინო სექტორშიც.

„ევექსი ჰოსპიტლების“ გენერალური დირექტორის გიორგი მინდიაშვილის ინფორმაციით, კლინიკების და ჯანდაცვის მინისტრის შეხვედრა მომავალ კვირას, სავარაუდოდ, 25 იანვარს იგეგმება. ამის შესახებ მან „საქმის კურსში“ სტუმრობისას კლინიკებში არსებულ მძიმე მდგომარეობაზე საუბრისას განაცხადა და განმარტა, რომ პრობლემის მოგვარებისთვის სამუშაო პროცესი სამინისტროსთან დაწყებულია.