25.ნოემბერი .2019 17:15

$20 მლნ მცირე ჰესებისთვის - რას ელოდება "უსასრულო ენერგია" თანხის ინვესტირებისთვის

views 387
უკან

შპს "უსასრულო ენერგია" მცირე ჰიდროელექტროსადგურების პროექტებში $20 მლნ-ის დახარჯვას გეგმავს. ამის შესახებ ჟურნალისტებს კომპანიის ხელმძღვანელმა თორნიკე ბახტურიძემ განუცხადა.

მიუხედავად საინვესტიციოდ კომპანიის მზაობისა, ჯერჯერობით, ეს პროექტები სამშენებლო ეტაპზე ვერ გადადის, რადგან როგორც ბახტურიძე განმარტავს, ჯერ საჭიროა ქვეყანაში იმ სამართლებრივი გარემოს ჩამოყალიბება, რაც განახლებადი ენერგიების ათვისებისთვის წამახალისებელ, მხარდამჭერ მექანიზმებს გულისხმობს.

"მცირე ჰესები, რომელთაც არ გააჩნიათ კაშხალი და დამოკიდებულნი არიან მდინარის ჩამონადენზე, განსაკუთრებით საჭიროებენ მხარდაჭერის მექანიზმის არსებობას, რომელიც გრძელვადიან პერსპექტივაში შექმნის სიცხადეს ინვესტორებისთვის. ეს შეიძლება იყოს გარანტირებული შესყიდვის ტარიფი ან დანამატი საბაზრო ფასსა და შეთანხმებულ ფასს შორის, ანუ კომპენსირების მექანიზმი, ასევე მწვანე სერტიფიკატი და ა.შ. ამის ერთ-ერთი წინაპირობა გახლავთ ასევე ის, რომ ბაზარი იყოს ფუნქციონირებადი, გამოცდილი და არსებობდეს ფასის ტენდენცია ზამთრის, ზაფხულის თვეების მიხედვით, დღისა და ღამის საათების მიხედვით და ა.შ, თუმცა ჩვენთან ბაზარი, ჯერჯერობით, ჩამოყალიბების ეტაპზეა და დაანონსებული სტრატეგია, რომ ელექტროენერგიის მწარმოებლები უნდა გადავიდნენ საბაზრო ვაჭრობაზე, ჯერ ეს ინიციატივა უნდა მივიდეს ბოლომდე, ფუნქციონირებადი გახდეს ბაზარი და შემდეგ უკვე შევძლებთ მშენებლობის ეტაპზე გადასვლას", - განაცხადა თორნიკე ბახტურიძემ.

რაც შეეხება კონკრეტულ პროექტებს, ბახტურიძის განმარტებით, "უსასრულო ენერგია" ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობას აღმოსავლეთ საქართველოში, მდინარეების - ხრამისა და მაშავერას აუზებში გეგმავს. მათი ჯამური საინვესტიციო მოცულობა 20 მილიონ აშშ დოლარამდეა.

"უსასრულო ენერგიამ" ამ პროექტებთან დაკავშირებით ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევები დაასრულა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა