30.ოქტომბერი .2020 19:00

20 სავალუტო აუქციონი და გაყიდული $650 მილიონი - ინტერვენციების შედეგები

views 417
უკან

$80 მილიონის მოცულობის ინტერვენციები არჩევნების წინა კვირაში და ჯამურად, 20 აუქციონის მეშვეობით გაყიდული $650 მილიონი დოლარი - ასეთია ეროვნული ბანკის მიერ მიმდინარე წლის განმავლობაში განხორციელებული ინტერვენციების ოდენობა.

შედარებისთვის, გაყიდული თანხა ბევრად მეტია ვიდრე სებ-ის მიერ სხვა რომელიმე წლის განმავლობაში განხორციელებული სავალუტო აუქციონები. მაგალითად, 2016 წელს აუქციონების გზით სებ-მა $280 მლნ გაყიდა, 2015 წელს ეს თანხა $287 მილიონი დოლარი, 2014-ში კი $300 მილიონი იყო. თავისმხრივ, წელს ამ მასშტაბის ინტერვენციების განხორციელება დონორებისგან მიღებული საგარეო დახმარებით გახდა შესაძლებელი. მთავრობამ წელს $1.5 მილიარდის საგარეო ვალი აიღო, რომლის ნაწილიც სებ-ში მიიმართა, ნაწილი კი ბიუჯეტის მხარდამჭერ კრედიტს წარმოადგენს.

ამ აუქციონების მიზანს ბაზარზე უცხოური ვალუტის ლიკვიდობის ზრდა და ლარის კურსის მერყეობის შერბილება წარმოადგენს.

2020 წლის განმავლობაში ლარი ყველაზე მკვეთრად კორონავირუსის პირველი შემთხვევის გამოვლენის შემდგომ გაუფასურდა. პირველ მარტს ერთი დოლარი 2.79 ლარი ღირდა, ორი კვირის ვადაში დოლარის გაცვლითმა კურსმა ჯერ 2.99-ს მიაღწია, შემდეგ კი პიკურად გაუფასურდა და ერთი დოლარის ღირებულება 3.40 ლარს გადასცდა. ლარის არსებობის ისტორიაში დოლარის მაქსიმალური კურსი 2020 წლის 27 მარტს იყო, როდესაც ერთი დოლარი 3.48 ლარი ღირდა.

ასეთი მერყეობის შესამცირებლად, ეროვნულმა ბანკმა სავალუტო ინტერვენციების განხორციელება 13 მარტს დაიწყო და $20 მილიონი დოლარი გაყიდა. მარტში სებ-მა სამი სავალუტო აუქციონი გამართა და $100 მილიონი გაყიდა. თვის ბოლოს ლარი საგრძნობლად გამყარდა, რაც მთავრობის მიერ წარდგენილ ანტიკრიზისულ გეგმას და დონორების მხრიდან საქართველოსთვის გადაუდებელი დახმარების გამოყოფისთვის გაცხადებულ მზადყოფნას უკავშირდებოდა. აპრილში დოლარის ღირებულება 3.15 ლარი გახდა. ამავე თვეში სებ-მა მხოლოდ ერთი ინტერვენცია განახორციელა და $20 მილიონი დოლარი გაყიდა.

ივნისში ლარი შედარებით გამყარდა და დოლარის ღირებულება 2.95 ლარი გახდა, თუმცა მალევე კურსი კვლავ გაუფასურდა, რაც სხვა ფაქტორებთან ერთად ტურიზმის შესახებ შეცვლილ მოლოდინებს უკავშირდებოდა, რადგან საზღვრების გახსნა მთავრობის მიერ თავდაპირველად დაპირებული გეგმით არ წარიმართა და ის რამდენჯერმე გადაიდო.

სექტემბერში რამდენიმე ინტერვენციის დღეს ლარი დოლართან მიმართებით გამყარების ნაცვლად გაუფასურდა. სავარაუდოდ სწორედ ამ ფაქტს უკავშირდებოდა სებ-ის მიერ გავრცელებული განცხადება იმის თაობაზე, რომ ინტერვენციის უშუალოდ მიზანს კურსის გამყარება არ წარმოადგენს.

სებ-ის მიერ განხორციელებული 20 სავალუტო აუქციონის შედეგად, ინტერვენციის დღეს ლარის გაცვლითი კურსის ცვლილება ასეთი იყო:

1. 13-მარ-2020 - 20 000 000 დოლარის ინტერვენცია, კურსის ცვლილება - გაუფასურება -4.48 თეთრი;
2. 19-მარ-2020 - 40 000 000 დოლარის ინტერვენცია, კურსის ცვლილება - გამყარება 2.36 თეთრი;
3. 25-მარ-2020 - 40 000 000 დოლარის ინტერვენცია, კურსის ცვლილება - გაუფასურება -0.82 თეთრი;
4. 27-აპრ-2020 - 20 000 000 დოლარის ინტერვენცია, კურსის ცვლილება - გაუფასურება -0.17 თეთრი;
5. 21-მაის-2020 - 40 000 000 დოლარის ინტერვენცია, კურსის ცვლილება - გამყარება 0.92 თეთრი;
6. 10-ივნ-2020 - 29 650 000 დოლარის ინტერვენცია, კურსის ცვლილება - გამყარება 2.55 თეთრი;
7. 17-ივნ-2020 - 20 000 000 დოლარის ინტერვენცია, კურსის ცვლილება - გამყარება 2.39 თეთრი;
8. 02-ივლ-2020 - 20 000 000 დოლარის ინტერვენცია, კურსის ცვლილება - გამყარება 1.04 თეთრი;
9. 22-ივლ-2020 - 40 000 000 დოლარის ინტერვენცია, კურსის ცვლილება - გამყარება 1.09 თეთრი;
10. 13-აგვ-2020 - 20 000 000 დოლარის ინტერვენცია, კურსის ცვლილება - გამყარება 0.57 თეთრი;
11. 27-აგვ-2020 - 40 000 000 დოლარის ინტერვენცია, კურსის ცვლილება - გამყარება 1.08 თეთრი;
12. 10-სექ-2020 - 40 000 000 დოლარის ინტერვენცია, კურსის ცვლილება - გაუფასურება -0.14 თეთრი;
13. 16-სექ-2020 - 40 000 000 დოლარის ინტერვენცია, კურსის ცვლილება - გაუფასურება -0.01 თეთრი;
14. 23-სექ-2020 - 40 000 000 დოლარის ინტერვენცია, კურსის ცვლილება - გაუფასურება -1.04 თეთრი;
15. 02-ოქტ-2020 - 20 000 000 დოლარის ინტერვენცია, კურსის ცვლილება - გამყარება 0.13 თეთრი;
16. 09-ოქტ-2020 - 30 000 000 დოლარის ინტერვენცია, კურსის ცვლილება - გამყარება 0.61 თეთრი;
17. 19-ოქტ-2020 - 30 000 000 დოლარის ინტერვენცია, კურსის ცვლილება - გამყარება 0.69 თეთრი;
18. 22-ოქტ-2020 - 40 000 000 დოლარის ინტერვენცია, კურსის ცვლილება - გამყარება 0.93 თეთრი;
19. 27-ოქტ-2020 - 40 000 000 დოლარის ინტერვენცია, კურსის ცვლილება - გამყარება 0.43 თეთრი;
20. 29-ოქტ-2020 - 40 000 000 დოლარის ინტერვენცია, კურსის ცვლილება - გამყარება 0.07 თეთრი.

საშუალოდ ერთი ინტერვენციის შედეგად, აუქციონის დღეს ლარი აშშ დოლართან მიმართებით 0.425 თეთრით მყარდებოდა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა