მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

20 სექტემბრიდან სკოლის სივრცეში გაკვეთილები მხოლოდ აცრილ მოსწავლეებს ჩაუტარდებათ - „ბექას სკოლა“

61377beeb9439
ვიქტორია მღებრიშვილი
07.09.21 20:30
951
„20 სექტემბრიდან, „ბექას სკოლაში“ ინგლისურის ახალ კურსებს ვიწყებთ და ველით სტუდენტებს Covid უსაფრთხო სკოლაში“, - აღნიშნულ განცხადებას დამფუძნებელი ბექა ბერიკაშვილი სკოლის ფეისბუქ გვერდზე აქვეყნებს.

მისი ინფორმაციით, სკოლაში ყველა თანამშრომელი აცრილია, შესაბამისად სკოლის სივრცეში დასწრებულ სწავლებაზე მხოლოდ აცრილი მოსწავლეები შეძლებენ მისვლას.

“ჩვენი, ყველას უსაფრთხოებიდან გამომდინარე, ვაგრძელებთ ჩვენს გუნდზე და მოსწავლეებზე ზრუნვას და განახლებულ მიღებაზე სკოლის სივრცეში გაკვეთილები მხოლოდ ვაქცინირებულ მოსწავლეებს ჩაუტარდებათ.

რა თქმა უნდა, ონლაინ კურსებზე რეგისტრაცია და ინგლისურის სწავლა ისევ ყველას შეუძლია, მიუხედავად ვაქცინაციის მიმართ ინდივიდუალური დამოკიდებულებებისა თუ არჩევანისა.

გთხოვთ, იხილოთ სკოლის ოფიციალურ Facebook გვერდზე გამოქვეყნებული პოსტი“, - ნათქვამია „ბექას სკოლის“ ფეისბუქ გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

ცნობისთვის, „ბექას სკოლა“ ქართველი და უცხოელი პროფესიონალებით დაკომპლექტებული ინგლისური ენის სკოლაა.

„ჩვენი მისიაა - თანამედროვე ინგლისური ენის სწავლება ქართველებზე ადაპტირებული ნოვატორული მიდგომებით, არაფორმალური და აკადემიური განათლების მეთოდების სინთეზით. სწავლების მაღალი ხარისხის ერთ-ერთი მთავარი წინაპირობა ჩვენი მასწავლებლების კვალიფიკაცია და გამოცდილებაა.

სკოლა 2016 წელს შეიქმნა, ეტაპობრივად განვითარდა და დღეს 30-მდე თანამშრომელი, მათ შორის კემბრიჯის მიერ სერტიფიცირებული ქართველი, ბრიტანელი, ამერიკელი და სამხრეთ აფრიკელი მასწავლებლები, 14000-მდე გადამზადებული და 400-მდე მიმდინარე მოსწავლე გვყავს.

ჩვენი სოციალური პასუხისმგებლობის (CSR) ფარგლებში, მუდმივად ვცდილობთ, ინგლისურის შესწავლაში დავეხმაროთ ყველას, არა მხოლოდ ჩვენ მოსწავლეებს და ამისთვის:

• შექმნილი გვაქვს 60-ზე მეტი უფასო ვიდეო-გაკვეთილი
• ბოლო 3 წლის განმავლობაში ვმუშაობთ ინგლისურის გრამატიკის ინტერაქტიულ თვითმასწავლებელ წიგნზე
• წამოვიწყეთ crowdsourcing პროექტი ‘სოციალური ლექსიკონი’ - ჯგუფი Facebook-ზე, სადაც ადამიანები ერთმანეთს ეხმარებიან სხვადასხვა გამოყენებითი ტერმინების თარგმნაში
• პერიოდულად ვმართავთ უფასო საჯარო ლექციებს და ვებინარებს
• მუდმივად ვაზიარებთ ინგლისურის სასწავლო სხვა მულტიმედია რესურსებს და რეკომენდაციებს“, - აცხადებს სკოლის დამფუძნებელი ბექა ბერიკაშვილი.