მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

20 წლის სტარტაპერი სოლიდური დღიური შემოსავლით

600e7fa99cc78
თათია კაკიაშვილი
26.01.21 00:15
5333

ბენ გულივერი 20 წლის ანტრეპრენერია, რომელმაც შეძლო, პანდემიის დროს დღეში 12.000 ფუნტ-სტერლინგის გამომუშავება და ახლა ხალხს მოუწოდებს, არასოდეს თქვან უარი იმ საქმიანობაზე, რითაც გატაცებული არიან. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

პანდემიის დროს, მაშინ, როცა სახლში გამოკეტილ ხალხს მაღაზიებში პროდუქტების შესაძენად გასვლა თავად არ შეეძლოთ, ბენმა საჭირო და მოთხოვნადი პროდუქციის გაყიდვა დაიწყო მხოლოდ თვითიზოლაციაში მყოფი ხალხისთვის. 20 წლის ანტრეპრენერისთვის წარმატებული აღმოჩნდა კბილების საწმენდი მოწყობილობების გაყიდვა მაშინ, როცა სტომატოლოგიური კლინიკები დაიხურა. ასევე, დახურული სპორტდარბაზების დროს, სავარჯიშო ინვენტარის გაყიდვის იდეამაც გაამართლა. 

თავად ბენ გულივერი, პატარა ასაკში მიღწეული წარმატების შემდეგ, ამბობს, რომ პანდემიამ ნათლად აჩვენა ყველას, რამდენად შეიძლება ერთ წელიწადში ყველაფერი შეიცვალოს. მისი თქმით, ამ პროცესებში მთავარი ისაა, რომ ცვლილებები საქმიანობისთვის სასიკეთოდ გამოვიყენოთ.

დიდ ბრიტანეთში მოქმედი პირველი ლოქდაუნის დროს, ბენი ლონდონში Advanced Hair Studio-ში მენეჯერის პოზიციაზე მუშაობდა. პანდემიის გამო, სამსახური დაკარგა და სწორედ მაშინ გადაწყვიტა, საკუთარი მცირე ბიზნესი წამოეწყო. იდეებს Youtube-ში ეძებდა. ანტრეპრენერისთვის მთავარი დაბრკოლება ისეთი პროდუქტების მოძიება იყო, რაც ხალხს სჭირდებოდა. ეს პრობლემაც მალე მოგვარდა - ბენმა აქტიურად დაიწყო ელექტრონული კომერციით სარგებლობა.

ბენ გულივერის ისტორიაში საინტერესო ის არის, რომ მან სკოლის ასაკიდანვე იცოდა, მომავალში საკუთარ ბიზნესს რომ წამოიწყებდა. ამბობს, რომ ამ პროცესის სამართავად, ყველა უნარს თავისუფლად ფლობს. ჯერ კიდევ მოსწავლე იყო, როცა ჯოხიან კანფეტებს ყიდდა და მისი მაშინდელი სტარტაპი საკმაოდ სარფიანიც გამოდგა. თინეიჯერობის პერიოდში კი ნილ ვესტვუდთან თანამშრომლობის შესაძლებლობას მიეცა და IT მიმართულებით საკუთარი ძალები მოსინჯა. 16 წლის ასაკში მასშტაბურ კომპანიაში მუშაობით, ბენ გულივერის თქმით, დიდი გამოცდილება მიიღო და საჭირო კონტაქტების დამყარებაც შეძლო. საკუთარი ახალი სტარტაპის წამოწყების შემდეგ კი, ამ სამსახურიდან წამოვიდა. მიზეზი ერთია - მცირე ბიზნესით 20 წლის სტარტაპერს დღეში 12.000 ფუნტი სტერლინგის გამომუშავება შეუძლია.

ბიზნეს მოდელი, რომელსაც ბენი იყენებს, გულისხმობს იმას, რომ ბიზნეს პროვაიდერი მომხმარებლის მიერ შეკვეთილი პროდუქციის ხარისხზე იღებს პასუხისმგებლობას. ამბობს, რომ საკმაოდ კონკურენტულ ბაზარზე ხარისხიანი პროდუქცია აუცილებელი პირობაა იმისთვის, რომ საქმიანობამ ოპერირება გააგრძელოს, ამისთვის კი ბენი პროდუქციის შეძენამდე, თავად ამოწმებს მის ხარისხს, ონლაინ შეკვეთების შემთხვევაში კი, მხოლოდ სანდო და მაღალი რეპუტაციის მქონე ონლაინ მაღაზიებს ენდობა. 

ამასთან, პანდემიის დროს ფიტნეს აღჭურვილობაზე გაზრდილი მოთხოვნის გამო, ბენ გულივერს მომხმარებელთა მხარდაჭერის გუნდის ჩამოყალიბებაც დასჭირდა და საკუთარი მეგობარი დაასაქმა, რომელსაც სტაბილური შემოსავალიც დაუნიშნა.

დაბოლოს, მისი რჩევა ყველა იმ ადამიანისთვის, ვინც ფიქრობს, რომ პანდემიამ ბევრი თავისუფალი დრო გამოუჩინა, არის შემდეგი: “თუ სახლში მობილური ან ლეპტოპი გაქვთ, აუცილებლად იფიქრეთ ბიზნეს იდეებზე, დღეს ყველაზე მარტივი კონცეფცია ყველაზე მეტად ამართლებს!”