მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

200 000-ზე მეტი ფუტკარი უკვე განადგურდა - რა იწვევს ფუტკრის დაცემას

606219ff8e71a
თათია ჩაფიჩაძე
29.03.21 23:06
1998
საქართველოში ფუტკრები მასობრივად იხოცება. მეფუტკრეების თქმით, ქვეყანაში ფუტკრების ნახევარზე მეტი განადგურდა. მთავარი მიზეზი კი პრეპარატებია, რომელთა მიმართ ტკიპამ იმუნიტეტი გამოიმუშავა.
საქართველოს მეფუტკრეთა გაერთიანების დამფუძნებელი ლეკო პაპავა აცხადებს, რომ დარგის გადარჩენისთვის აუცილებელია სამინისტროსთან ერთად ახლებური მიდგომების შემუშავება, მეფუტკრეების დატრეინინგება, ვეტერინარების გაძლიერება და შესაბამისი კვალიფიციური კვლევების ჩატარება.

„გაზაფხულზე ჩატარებული გამოკითხვიდან ჩანს, რომ ზარალი უკვე გადასცდა 200 ათასს. ფუტკრის ოჯახების დაღუპვა ლარებში რომ გადავიყვანოთ, დაახლოებით 5 მლნ ლარია, მთლიანი შემოსავალი კი რასაც მივიღებდით, ჩვენი გათვლებით 50 მლნ ლარს აღწევს. თუმცა ზარალი მხოლოდ ეს არ არის, იცით, რომ ის სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის 80%-ზე მეტს მტვერავს და ამ მიმართულებითაც ზარალი თვალსაჩინო გახდება", - აღნიშნა პაპავამ.

მისივე თქმით, ეს პანდემიურმა ვითარებამაც გამოიწვია, ვინაიდან საქართველოში არ მოხერხდა რიგი პრეპარატების შემოტანა.

"ამ შემთხვევაში ფუტკრის ძირითადი მტერი არის ვარუას ტკიპა, რომელთან ბრძოლისთვის გამოყენებული პრეპარატის მიმართ ტკიპამ უკვე იმუნიტეტი გამოიმუშავა. ახლა მასთან საბრძოლველად საჭიროა ახლებური მეთოდების დანერგვა. ჩვენ ვთანამშრომლობთ სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან და ვგეგმავთ რიგ ღონისძიებებს. აუცილებელია საფუტკრეების იდენტიფიკაცია, ვეტერინარების გაძლიერება და დარგის განვითარება, ჩვენ დიდი წყვეტა გვაქვს ამ მიმართულებით, არ გვყავს სპეციალისტები და შესაბამისი ანალიზების დადება ვერ ხდება თუ რას რა იწვევს. ამ ყველაფერს სჭირდება ქმედება, თუ ეს არ გამოსწორდება, იგივე განმეორდება მომდევნო წლებშიც", - განმარტა მან.

მეფუტკრეთა გაერთიანების დამფუძნებელი ასევე ამბობს, რომ ამ მხრივ საქართველოში დანაკარგები საშუალოდ 10-15%-ს შორის მერყეობდა, მაგრამ წელს უკვე ეს მაჩვენებელი 50%-ს გადასცდა. 

"არადა 2021 წელი საკმაოდ პოზიტიურად დაიწყო, იანვარში გავიტანეთ საკმაო რაოდენობა ბულგარეთში, ასევე არაბეთში და კიდევ დიდი პარტიების გატანას ველოდებით. “ - განაცხადა პაპავამ. მისივე თქმით, ფუტკრის ოჯახების დაცემა მხოლოდ საქართველოში არ ხდება, იგივე პრობლემაა მეზობელ ქვეყნებშიც.