მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

200 ათასი ლარის ზარალი - რა გავლენა იქონია COVID-19-მა „მადარტზე"?

5f22ac794cd7b
ვიქტორია მღებრიშვილი
31.07.20 10:10
1487
"მადარტს" პანდემიის პერიოდში საქმიანობის დროებით შეჩერებით 200 000 ლარამდე ზარალი მიადგა - ამის შესახებ bm.ge-ს საკონდიტორო კომპანიის ფინანსურმა დირექტორმა ბექა ბოსტაშვილმა განუცხადა.

"მადარტის" ფინანსური დირექტორი აღნიშნავს, რომ 1.5 თვის განმავლობაში გაჩერების მიუხედავად, კომპანიამ ახალი დღის წესრიგზე გადაწყობა ადვილად მოახერხა, რადგან უსაფრთხოების ზომები, რომლებიც გაიწერა, მათთვის უკვე ნაცნობი იყო.

"უსაფრთხოების ახალი წესებით დადგენილ ყველა ზომას კომპანია იქამდეც იცავდა. ეს ვალდებულება სურსათის უვნებლობის სტანდარტებიდან გამომდინარე გვქონდა, მხოლოდდამხოლოდ დაგვემატა პირბადე და დამცავი ფარი, რომლის შეძენისთვის ხარჯები დიდად არ გაზრდილა. დანარჩენი ყველაფერი: დეზობარიერები, ერთჯერადი ხელთათმანის გამოყენება, სადეზინფექციო ხსნარებით ზედაპირების დამუშავება, და ა.შ. მანამდეც იყო დაცული", - აღნიშნა "მადარტის" ფინანსურმა დირექტორმა.

ზარალზე საუბრისას "მადარტის" ფინანსური დირექტორი ამბობს, რომ პანდემიამ მათ 200 000 ლარის ზარალი მიაყენა და ამოქმედების შემდეგ გაყიდვებიც შეამცირა.

"იანვარ-თებერვალში კომპანიის შემოსავლების 15%-იანი ზრდა გვქონდა, რაც ასე უნდა გაგრძელებულიყო, რომ არა პანდემია. გახსნის შემდეგ წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით შემოსავლების 25%-იანი კლება გვაქვს“, - განაცხადა ბექა ბოსტაშვილმა.

მიუხედავად ამისა, კომპანიაში მიაჩნიათ, რომ 2020 წელი "მადარტისთვის" წარმატებული იქნება და წელს გაყიდვების იმ მაჩვენებლით დაასრულებენ, რაც 2019-ში ჰქონდათ.

"გასულ წელს „მადარტის“ ბრუნვამ დღგ-ს გარეშე 25 მლნ ლარი შეადგინა. პანდემიის მიუხედვავად არ ველით კლებას, რადგან ახალი ფილიალის გახსნა შემოსავლის გაზრდაში დაგვეხმარება“, - განაცხადა კომპანიის ფინანსურმა დირექტორმა.

საკონდიტრო კომპანია „მადარტი“ ქართულ ბაზარზე 2009 წელს შემოვიდა. დღეისთვის ის ბაზარზე მრავალფუნქციური წარმოება-გაყიდვის 3 ფილიალით და ერთი ნახევარფაბრიკატების საწარმოთია წარმოდგენილი. ამასთან, კომპანია სექტემბერში 4 მლნ ლარის ინვესტიციით ახალი, თანამედროვე სტანდარტების ფილიალის გახსნასაც გეგმავს.