01.აგვისტო .2020 00:21

200-ლარიან კომპენსაციებზე მთავრობამ 460 მლნ გადადო, 3 თვეში კი მხოლოდ 69 მლნ გასცა

views 1367
უკან

2020 წლის 24 აპრილს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ანტიკრიზისული ბიუჯეტი წარადგინა, რომელიც უმუშევრად დარჩენილებისთვის 6 თვის განმავლობაში 200 ლარის კომპენსაციას ითვალისწინებდა. მთავრობის კალკულაციით, ეს სოციალური გასაცემელი დაახლოებით 350,000 მოქალაქეზე იყო გათვლილი, შესაბამისად საბიუჯეტო პარამეტრებიდან გამომდინარე, 200 ლარზე მეტი გასაცემლის დარიგება ვერ ხერხდებოდა.

პროგრამის ბიუჯეტი თავდაპირველად 460 მილიონი ლარით განისაზღვრა. ამ დრომდე სახელმწიფომ უმუშევრობის კომპენსაციის 3 თვის გადახდა განახორციელა. იმ შემთხვევაში, თუ პროგრამის ათვისება იქნებოდა სრული მაშინ ამ სამი გადახდის განმავლობაში სახელმწიფოს უმუშევრად დარჩენილი მოსახლეობისთვის დაახლოებით 230 მილიონი ლარი უნდა ჩაერიცხა. თუმცა, სოციალური დახმარების პროგრამის შესრულება ამაზე 3.3-ჯერ ნაკლებია და მოქალაქეებისთვის 200-ლარიანი კომპენსაციების სახით მხოლოდ 69 მილიონი ლარი არის გადახდილი. ამასთან, 350,000 ბენეფიციარის ნაცვლად, რაზეც ბიუჯეტი იყო დაგეგმილი, დახმარების მიმღებთა რაოდენობა ბევრად ნაკლებია.

ყველაზე მეტი ბენეფიციარი პროგრამას მაისში ჰყავდა, როდესაც კომპენსაცია 135 ადამიანმა მიიღო.

ცალკეული თვეების მიხედვით, დახმარების მიმღებთა რაოდენობა ასეთი იყო:

● აპრილი - 90,131 ადამიანი;
● მაისი - 135,670 ადამიანი;
● ივნისი - 118,058 ადამიანი.

ჯამში გაცემული თანხა 68,771,800 ლარს შეადგენს.

ამ დახმარების მიღებისთვის ბენეფიციარი უნდა აკმაყოფილებდეს მოთხოვნას, რომ მას 2020 წლის პირველი კვარტლის შემდეგ აღარ უნდა უფიქსირდებოდეს 10 ლარზე დიდი სახელფასო შემოსავალი.

რაც შეეხება თვითდასაქმებულთა კომპენსაციებს, მისი ათვისებაც თავდაპირველად დაანონსებულზე ნაკლებია.

მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის მიხედვით, 300-ლარიანი კომპენსაციებისთვის 75 მილიონი ლარი არის გათვალისწინებული. თუმცა, 31 ივლისის მდგომარეობით
300-ლარიანი დახმარება 160,161 ადამიანმა მიიღო, გადარიცხული თანხა კი 48,048,300 ლარს შეადგენს.

კომპენსაციების მიღებისთვის რეგისტრაციის ვადა დღეს ამოიწურა, თუმცა უკვე რეგისტრირებული მოქალაქეებისთვის დახმარებების ჩაირცხვის პროცესი შემდგომი დღეების განმავლობაშიც გაგრძელდება.

არსებულ ვითარებაში შეიძლება ითქვას, რომ ბიუჯეტის კორექტირების პროცესში საქართველოს მთავრობამ უმუშევრობის მოსალოდნელ ტალღასთან დაკავშირებით, გააკეთა ისეთი პროგნოზი, რომელიც ჯერ-ჯერობით რეალობად არ იქცა. ამის გამო კი, ბიუჯეტში დარეზერვებული ნახევარი მილიარდი ლარის სრულად ათვისების საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა.

თანხა, რომელსაც მთავრობა უმუშევრობის კომპენსაციების სახით ვერ ითვისებს, პირობითად შეიძლება მიმართული იყოს ან ამ პროგრამის ვადის გახანგრძლივებაზე, ან თავად კომპენსაციის მოცულობის გაზრდაზე, რომელიც დღეს ფაქტობრივად საარსებო მინიმუმის ტოლფასია.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა