13.სექტემბერი .2021 23:30

2008 წლის შემდეგ, გადამზიდ ინდუსტრიას ყველაზე მაღალი მოგება აქვს

2008 წლის შემდეგ, გადამზიდ ინდუსტრიას ყველაზე მაღალი მოგება აქვს
views 230
უკან

პანდემიური წელიწადნახევრის შემდეგ, თამამად შეიძლება ითქვას, რომ გლობალურად გადაზიდვის ინდუსტრია, 2008 წლის შემდეგ, ყველაზე მეტს გამოიმუშავებს. მიზეზი - სხვადასხვა პროდუქციაზე გაზრდილი მოთხოვნაა, რაც ტვირთის ფასებს კიდევ უფრო მეტად ზრდის. ამ ფონზე კი შემოსავალი ყველა ტიპის გემისთვის იზრდება - იქნება ეს ფოლადის ყუთებით დატვირთული სპეციალიზიბული გემები თუ ავტომანქანებისა და სატვირთო მანქანებისთვის განკუთვნილი კონტეინერები.

"ბლუმბერგის" ცნობით, დღეის მდგომარეობით, გადაზიდვის ინდუსტრია მსოფლიო ვაჭრობის 80%-ს შეადგენს და გაზრდილი გამომუშავებული ანაზღაურებაც დედამიწის ყველა ნაწილს მოიცავს, სადაც შიპინგ ინდუსტრია დამკვიდრებულია. კოვიდპანდემიამდე კი ინდუსტრიის ე.წ. ბუმი 2008 წელს დაფიქსირდა, როდესაც გაზრდილ მოთხოვნას გემების ახალი შეკვეთების უზარმაზარი ტალღა მოჰყვა. თუმცა მაშინ ინდუსტრიის “აღმავლობის ხანა” დიდხანს არ გაგრძელებულა - მოთხოვნამ მალევე იკლო, როდესაც ფინანსურმა კრიზისმა ყველაზე ღრმა გლობალური რეცესია გამოიწვია.

რაც შეეხება ინდუსტრიაში კოვიდპანდემიურ “ბუმს”, სპეციალისტების განმარტებით, ამის მიზეზი მარტივია - სხვადასხვა რეგულაციის და არაერთი ლოქდაუნის ფონზე, საქონელსა და ნედლეულზე მომხმარებლის გაზრდილი მოთხოვნა. საგულისხმოა ისიც, რომ ვირუსი გლობალური მიწოდების ჯაჭვის შეფერხებას აგრძელებს - ეტაპობრივად იკეტება პორტები და ფერხდება გემების გადაადგილება, რაც ოკეანეებში გადასაზიდი საქონლის რაოდენობას ზღუდავს.

იმას, რომ 2008 წლის შემდეგ, კოვიდპანდემიურ ეპოქაში გადაზიდვების ინდუსტრია ყველაზე მაღალ შემოსავლებს გამოიმუშავებს, მსოფლიოს უდიდესი გემთმფლობელი კომპანია - “კლარკსონ რისერჩ სერვისიც” ადასტურებს. კომპანიაში აცხადებენ, რომ ყველაზე მაღალი მოთხოვნით კვლავ სპეციალიზებული კონტეინერების ტრანსპორტირება სარგებლობს: ჩინეთიდან ევროპაში 40-ფუტიანი ფოლადის ყუთის ტრანსპორტირება დღეს 14,287 დოლარი ღირს, რაც გასულ წელთან შედარებით, 500%-ითაა მომატებული და ნებისმიერი ნივთის ტრანსპორტირების ღირებულებას აძვირებს, იქნება ეს სათამაშო თუ ყავა. ამ ფონზე, ცხადია, გაზრდილია შიპინგ კომპანიების წლიური მოგების სავარაუდო ოდენობაც. მაგალითად, მსოფლიოში უდიდესი კონტეინერების კომპანია “მოლერ მაერსკში” პროგნოზირებენ, რომ წელს მათი მოგება, გასულ წელთან შედარებით, 5 მილიარდი დოლარით გაიზრდება.