მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2012-2020: საქართველოს ეკონომიკის რუსეთზე დამოკიდებულება რიცხვებში

5f859852db63c
BM.GE
14.10.20 09:45
2896
ბოლო წლებში ქართული ეკონომიკის რუსეთზე დამოკიდებულება საგრძნობლად გაიზარდა. მეზობელ ქვეყანასთან გაღრმავებული ეკონომიკური კავშირები მხოლოდ პოზიტიურად შეფასდებოდა, რომ არა ორ ქვეყანას შორის არსებული ომის გამოცდილება, მცოცავი ოკუპაცია და რუსეთის, როგორც არასანდო პარტნიორის საერთაშორისო იმიჯი. 2012 წელს, როდესაც საქართველოში ხელისუფლება შეიცვალა, რუსეთის მიმართ მანამდე არსებული ხისტი პოლიტიკა შერბილდა. ბოლო წლებში პერმანენტული უკანონო ბორდერიზაციის პარალელურად, გაიზარდა საქართველოში შემოსული რუსი ტურისტების რაოდენობა და ქვეყნებს შორის სავაჭრო ურთიერთობები კვლავ გაღრმავდა. აღსანიშნავია, რომ ბაზრების დივერსიფიცირების არარსებობის შემთხვევაში, რაც უფრო მეტად იზრდება რუსეთისგან მიღებული ბენეფიტები, იზრდება მასზე დამოკიდებულებაც და იზრდება საფრთხეც, რომ მეზობელი ქვეყნის ნების შემთხვევაში, პოტენციური დანაკარგი ქართულ ეკონომიკას სერიოზულ დარტყმას მიაყენებს.

ვაჭრობა

2012-2019 წლებში საქართველოს მთლიანი სავაჭრო ბრუნვა 27.6%-ით გაიზარდა, მაშინ, როდესაც მხოლოდ რუსეთთან ვაჭრობის მოცულობა გაზრდილია 181.5%-ით. ამავე პერიოდში მეზობელი ქვეყნისგან 105%-ით მეტი საქონელი ვიყიდეთ, ხოლო ექსპორტის რაოდენობამ 962%-ით მოიმატა.

2020 წლის 8 თვის მონაცემების მიხდვით, საქართველოდან ექსპორტის 51% 4 ქვეყანაზე მოდიოდა: ჩინეთი (14.3%); აზერბაიჯანი (13.7%); რუსეთი (12.8%) და ბულგარეთი (10.4%). ექსპორტი უცხოური ვალუტის შემოდინების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წყაროა, ბაზრების დივერსიფიცირების საკითხი კი კვლავ აქტუალურა, რადგან მთავარ სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებთან არსებული სიტუაცია ამგვარია: აზერბაიჯანში ექსპორტირებული საქონლის უდიდესი ნაწილი ყოველწლიურად შემცირებად მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტზე დგას, ხოლო რუსეთთან ომის და სავაჭრო ემბარგოს გამოცდილება არსებობს. როგორც ცნობილია, 2006 წლის დასაწყისში, როდესაც ქვეყნის ექსპორტის 17.8% რუსეთის ფედერაციაზე მოდიოდა და ენერგობლოკადის და ქართული პროდუქციის რუსულ ბაზარზე აკრძალვის შედეგად, საქართველომ მძიმე ეკონომიკური დარტყმა მიიღო.

მთავარი სავაჭრო საქონელი, რაც საქართველოდან რუსეთში გადის, ქართული ღვინოა, რომლის ექსპორტიც 2012-2019 წლებში 5818-ჯერ გაიზარდა და $133 მილიონის ღირებულებით საქართველოს საექსპორტო ბაზრის ბაზრის 60% დაიკავა. ქართული ღვინის ექსპორტის ზრდა 2012 წლის შემდეგ ჩრდილოელ მეზობელთან აღდგენილ სავაჭრო ურთიერთობებს და რუსულ ბაზარზე გამარტივებულ შეღწევადობას უკავშირდება. მიმდინარე წელს, ევროკავშირის ქვეყნებში, სადაც პროდუქციის ხარისხზე გაცილებით მკაცრი მოთხოვნებია და კონკურენციაც მაღალია, საქართველოდან ექსპორტირებული ღვინის მხოლოდ 11.6% გავიდა.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს რუსეთზე დამოკიდებულება იმპორტის კუთხითაც გაიზარდა. ჩრდილოელი მეზობელი ერთადერთი ქვეყანაა, რომლისგანაც წელს ხორბალი შევიძინეთ. რუსებმა შემცირებული მოსავლიანობიდან გამომდინარე ხორბალზე ფასები რამდენადმე გაზარდეს, თუმცა ქართველი მწარმოებლები, მარაგების ხარჯზე, პურის გაძვირებას ჯერ არ აპირბენ. სავარაუდოდ, პურზე, როგორც მთავარ სამომხმარებლო პროდუქტზე ფასების შენარჩუნების მცდელობა მოახლოებულ არჩევნებსაც უკავშირდება.



ბოლო მონაცემების მიხედვით, საქართველოში იმპორტირებულ ელექტროენერგიაზე დამოკიდებულება იზრდება, რადგან ადგილობრივ ბაზარს არ შესწევს უნარი უპასუხოს გაზრდილ მოთხოვნას. ყოველწლიურად მცირდება ელექტროენერგიის ექსპორტი, ხოლო იმპორტის მოცულობა შესამჩნევად მზარდია. 2019 წელს $78 მლნ-ს ღირებულების ელექტროენერგია შევიძინეთ, ხოლო ექსპორტზე $7.8 მლნ-ის ელენერგია გავიდა. უარყოფითი სალდოა მიმდინარე წელსაც - იმპორტი $33 მილიონია, ხოლო ექსპორტი - $5.7 მლნ. რაც შეეხება ბაზრების დივერსიფიცირების საკითხს, აღსანიშნავია, რომ 2017 წელს საგრძნობლად გაიზარდა აზერბაიჯანიდან შემოსული ელექტროენერგიის მოცულობა, რამაც მნიშვნელოვნად ჩაანაცვლა რუსული ბაზარი და მისი წილი მთლიან იმპორტში 74%-დან 20%-მდე შეამცირა. კლების ტენდენცია გაგრძელდა 2018 წელსაც, თუმცა 2020 წლის მონაცემების მიხედვით, რუსული ელექტროენერგიის წილი მთლიანი იმპორტში ისევ გაიზარდა და 30% შეადგინა.

ტურიზმი


ქართული ტურიზმი ჯერ კიდევ მეზობელი ქვეყნებიდან შემოსულ სტუმრებზე დგას. 2019 წელს ქვეყანაში განხორციელებული 7.7 მლნ ვიზიტიდან 71% მოსაზღვრე ქვეყნების მოქალქეებზე მოდის. აღსანიშნავია, რომ 2012-2019 წლებში რუსული ვიზიტების წილი 10%-დან 19%-მდე გაიზარდა და 1.4 მლნ შეადგინა.

ტურიზმის ადმინისტრაციის შეფასებით, 2019 წელს საქართველოში რუსმა ვიზიტორებმა 2 მლრდ ლარი დახარჯეს, ერთ ვიზიტზე საშუალო ხაჯმა კი 1 282 ლარი შეადგინა. მიუხედავად იმისა, რომ დასავლეთ ევროპის ქვეყნებიდან ყოველ ვიზიტზე საშუალოდ - 1 938 ლარს, ხოლო სხვა ქვეყნებიდან 2 538 ლარს ხარჯავენ, ვიზიტების საერთო რაოდენობიდან გამომდინარე, ქვეყნებს შორის რუსეთისგან ყველაზე მეტ ტურისტულ შემოსავალს ვიღებთ.

2019 წლის 20 ივნისის მოვლენების შემდეგ, ვლადიმერ პუტინის ბრძანებით, ორ ქვეყანას შორის საჰაერო მიმოსვლა შეწყდა. ამ ჟესტით რუსეთის პრეზიდენტმა, კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ქვეყნებს შორის ეკონომიკური კავშირები საქართველოში შექმნილ პოლიტიკურ სიტუაციაზე იქნება დამოკიდებული. ავიაემბარგოს შედეგად 2019 წლის მეორე ნახევარში რუსული ვიზიტების რაოდენობა 11.1%-ით შემცირდა. 2020 წლის დასაწყისში მოსკოვში ფრენების აღდგენაზე დაიწყეს საუბარი, თუმცა მალევე პანდემიიდან გამომდინარე, ავიამიმოსვლის საკითხი აბსოლუტურად სხვა ჭრილში გადავიდა.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა Forbes Talks-თან საუბარში მთავარ მიღწევებს შორის ბაზრების დივერსიფიცირების საკითხი დაასახელა. მისი თქმით, GNTA-მ 2019 წელს შეცვალა მარკეტინგული აქტივობები და აქცენტი ევროკავშირის ქვეყნებზე, აშშ-სა და ე.წ.შორი მანძილის სახელმწიფოებზე გააკეთა. 2019 წელს ევროკავშირის ქვეყნებიდან განხორციელებული ვიზიტების წლიური ზრდა მართლაც დაფიქსირდა (26%), თუმცა აღსანიშნავია, რომ ის სრულად ჯდება მანამდე არსებულ ზრდის ტემპის ფარგლებში. მეტიც, 2018 წელს 2017 წელთან შედარებით ევროკავშირიდან 36%-ით მეტი ვიზიტი განხორცილედა. ასევე, თუ 2018 წელს აშშ-დან ვიზიტები წლიურად 25%-ით გაიზარდა, 2019 წელს ზრდამ 11% შეადგინა. უნდა აღინიშნოს, რომ ევროკავშირიდან და აშშ-დან განხორციელებული ვიზიტების წილი მთლიან ტურიზმში იზრდება, თუმცა ეს არა - მეზობელი ქვეყნებიდან ჩამოსული დაბალშემოსავლიანი ტურისტების ჩანაცვლებას, არამედ ირანიდან შემოსული ვიზიტორების კლებას უკავშირდება.





ინვესტიციები


პირდაპირი უცხოური ინვესტიციები ქვეყნის ეკონომიკის ერთ-ერთი მამოძრავებელი ძალაა. რუსეთის ფედერაცია, როგორც აგრესორი სახელმწიფო პერმანენტულად აზიანებს საქართველსა და რეგიონში არსებულ საინვესტიციო გარემოს - ბუნებრივია, რომ მუდმივ კონფლიქტსა და პოლიტიკურ დაძაბულობაში მყოფი ქვეყანა უცხოელი ინვესტორებისთვის ნაკლებად მიმზიდველია. აღსანიშნავია, რომ რეგიონის საინვესტიციო იმიჯის დამაზიანებელი რუსეთი საკუთარი კაპიტალის საქართველოში შემოდინებით თავად არის დაინტერესებული. საქართველოში რუსული კომპანიები წარმოდგენილნი არიან ენერგეტიკის, ნავთობის იმპორტის, წიაღისეულის მოპოვების, მინერალური წყლების წარმოების, საბანკო და სხვა სფეროებში.
2012 წელს რუსეთის ფედერაციიდან შემოსული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა $22 მლნ-ს შეადგენდა (მთლიანი FDI-ს 2.1%). ერთი წლის შემდეგ, 2013 წელს რუსული ინვესტიციების მოცულობა დრამატულად, $8 მლნ-მდე შემცირდა, თუმცა 2014 წლისთვის ისტორიულ მაქსიმუმს $88 მლნ-ს მიაღწია. აღსანიშნავია, რომ სწორედ მაშინ, როდესაც ყირიმის მოვლენებიდან გამომდინარე, აშშ და ევროკავშირი რუსეთის ხელისუფლებასთან დაკავშირებულ კომპანიებს სანქციებს უწესებდა, საქართველოში ყველაზე მეტი რუსული ინვესტიცია შემოვიდა.

რაც შეეხება ბოლო მონაცემებს, 2019 წელს რუსეთისგან პირდაპირი უცხოური ინვესტიციის სახით - $54 მლნ (მთლიანი FDI-ს 4.2%), ხოლო 2020 წლის პირველ ნახევარში $14 მლნ (მთლიანი FDI-ს 3.4%) შემოვიდა.

აღასანიშნავია, რომ გარდა 2013 წლისა, რუსეთის ფედერაციიდან შემოსული FDI-ს ვარდნა აგვისტოს ომის შემდგომ პერიოდსაც უკავშირდება. 2008 წელს რუსული ინვესტიციები წლიურად 65%-ით ($26 მლნ-მდე), ხოლო 2019 წელს წლიურად 61%-ით ($10 მლნ-მდე) შემცირდა.



ფულადი გზავნილები

ფულადი გზავნილები საქართველოს მოსახლეობისთვის შემოსავლის მნიშვნელოვანი წყაროა. ყოველწლიურად ემიგრანტების მიერ გადმორიცხული თანხების ჯამური მოცულობა 1 მლრდ დოლარს აჭარბებს და მნიშვნელოვნად ეხმარება ქართულ ეკონომიკას. იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოდან წასული ყველაზე მეტი ემიგრანტი რუსეთში ცხოვრობს, მეზობელი ქვეყანა ფულადი გზავნილების მოცულობის მიხედვით პირველ ადგილზეა.

2012-2019 წლებში რუსეთიდან გადმორიცხული ფულადი სახსრების მოცულობა თითქმის განახევრდა. ფულადი გზავნილების კლება დაიწყო 2014 წლიდან და 2015 წლისთვის დრამატულად შემცირდა, რაც რუსეთში შექმნილ ეკონომიკურ სიტუაციას უკავშირდება. 2014 წლის დეკემბერში რუსული რუბლი დოლართან მიმართებით საგრძნობლად გაუფასურდა, ტენდენცია გაგრძელდა 2015 და შემდგომ წლებშიც, რაც, მათ შორის, საქართველოში გადმორიცხულ ფულადი გზავნილების მოცულობაზეც აისახა.


შეჯამება

უახლესი ისტორიის გააზრებაც საკმარისია იმის დასადგენად, რომ რუსეთი არასანდო პარტნიორი ქვეყანაა. შესაბამისად, ბაზრების დივერსიფიცირების გარეშე, ჩრდილოელ მეზობელთან ეკონომიკური კავშირების გაღრმავება სერიოზულ რისკებს შეიცავს. საქართველოში საპარლამენტო არჩევნების ჩატარებამდე 1 თვეზე ნაკლები დრო რჩება. საინტერესოა, როგორ შეიძლება შეიცვალოს ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური ურთიერთობები, თუ საქართველოში შექმნილი პოლიტიკური რეალობა რუსეთისთვის მიუღებელი გახდება.