მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“2014 წელს შემოტანილი სავალდებულო რეცეპტი რამდენიმე თვეში გაქრა” – „კურაციო“

61c208c417732
თამთა ჯიჯავაძე
21.12.21 23:00
482
საერთაშორისო ფონდი „კურაციო“ ჯანდაცვის სექტორში 2013 წლიდან დაანონსებულ და შესრულებულ რეფორმებთან დაკავშირებით გიორგი გოცაძისა და ლელა სულაბერიძის მიმოხილვას აქვეყნებს. როგორც სტატიის ავტორები აღნიშნავენ, დაანონსებული რეფორმებიდან მხოლოდ ორი მათგანის განხორციელება მოხერხდა და ისიც არასრულყოფილად. კერძოდ, რეცეპტის ინსტიტუტის ამოქმედება მე-2 ჯგუფის მედიკამენტებისთვის 2014 წელს, რომელიც მალევე შეჩერდა და 2017 წლის ივლისში ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტების ანაზღაურების პროგრამის განხორციელება პენსიონერი და უმწეო მოსახლეობისთვის, რომელიც ასევე უშედეგო აღმოჩნდა.

„2014 წელს შემოტანილი სავალდებულო რეცეპტი სულ რამდენიმე თვეში გაქრა და დღემდე ნებისმიერი მედიკამენტის შეძენა ურეცეპტოდ შეიძლება. არც მოგვიანებით ელექტრონული რეცეპტის პილოტირებას მოჰყოლია რაიმე ხელშესახები შედეგი მოსახლეობისთვის და ექიმების მიერ დანიშნული წამლები და მათი რაოდენობა კვლავაც გაუკონტროლებელი რჩება.

საქართველომ 2017 წელს დაიწყო ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტების დაფინანსების პროგრამა, რომლისთვისაც შეადგინა დასაფინანსებელი მედიკამენტების სია და პროგრამის ბიუჯეტად 10 მლნ გამოყო, თუმცა 2017 წელს მხოლოდ 3 მილიონი ლარის ათვისება შეძლო პროგრამამ. მომდევნო 2 წლის მანძილზე ბიუჯეტის ხარჯვა გაუმჯობესდა, თუმცა ვერ ასცდა 7.5 მილიონ ლარს. ანუ მიუხედავად იმისა რომ მედიკამენტებზე საჭიროება მილიარდ ლარამდეა, მოსახლეობისთვის სახელმწიფოს მიერ ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტების პროგრამის ათვისებაც კი ვერ მოხერხდა.
შედეგად, უკვე ამდენი წელიწადია ფარმაცევტული სფეროს რეგულირება სახელმწიფოს მხრიდან იმდენად სუსტია რომ ვერც მედიკამენტების ფასს არეგულირებს და ვერც მათი დანიშვნის მართებულობას. პრობლემა კი ქვეყნის წინაშე კვლავაც იმ აქტუალობით დგას, როგორც ეს 2013 წელს (და უფრო ადრეც) იყო“, - აღნიშნულია სტატიაში.

ავტორები ასევე პრობლემის მოგვარების შესაძლო გზებზეც მსჯელობენ:

„მედიკამენტების ფასების რეგულირების თემაზე 2019 წლის ბოლოს საერთაშორისო ფონდი "კურაციოს" მიერ საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტთან აქტიური თანამშრომლობით მომზადდა მსოფლიო გამოცდილების მიმოხილვის დოკუმენტი მედიკამენტების ფასწარმოქმნის რეგულირების საერთაშორისოდ გავრცელებულ ინსტრუმენტებზე, რომელთა განსახილველად დაინტერესებულ მხარეთა აქტიური მონაწილეობით, ასევე გაიმართა პოლიტიკის დიალოგი. დოკუმენტში მედიკამენტების ფასების რეგულირების განხილულ ინსტრუმენტებს შორის და საქართველოს კონტექსტუალური ფაქტორების გათვალისწინებით დიალოგის მონაწილეებმა გარე რეფერენტულ ფასწარმოქმნას დაუჭირეს მხარი“.