მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2015-2017 წლებში რეგისტრირებული 1,740 კორუფციული საქმიდან 12%-ია გახსნილი - აუდიტი

5ed4d96aad2b7
ელენე გოგბერაშვილი
01.06.20 14:38
985
სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა 2015 წლიდან 2018 წლის პირველი ნახევრის ჩათვლით ქვეყანაში ანტიკორუფციული გარემო შეისწავალა.

აუდიტის ჯგუფმა ჩაატარა მათ შორის შსს-ს ანალიტიკური დეპარტამენტიდან მიღებული, კომპეტენტური ორგანოების მიერ სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით გათვალისწინებული მუხლებით 2015-2017 წლებში აღძრული საქმეებისა და მათი გახსნის სტატუსების რაოდენობრივი ანალიზი 2018 წლის მაისამდე პერიოდის ჩათვლით.

აუდიტის ჯგუფმა შესაბამისი ორგანოებისგან გამოითხოვა და დაამუშავა კორუფციულ დანაშაულთან დაკავშირებული სტატისტიკა, რომლის მიხედვით, ქვეყანაში 2015-2017 წლებში შესაბამისი საგამოძიებო ორგანოების მიერ კორუფციული დანაშაულის 1,740 საქმე დარეგისტრირდა.

აღნიშნული პროცედურის მიზანი იყო კორუფციული დანაშაულის ზოგადი სტატისტიკის შეგროვებასთან ერთად, გაანალიზებულიყო მისი სტრუქტურა დანაშაულის რეგიონული, უწყებრივი, თანამდებობრივი და ა.შ. განაწილების მიხედვით. ამგვარი დეტალური ანალიზი საშუალებას მისცემდა აუდიტის ჯგუფს, შეეფასებინა დანაშაულის დინამიკა ცალკეული რეგიონების, უწყებების და სამოხელეო წრის, ასევე კონტროლის მექანიზმების დონეზე.

აუდიტის ჯგუფმა კორუფციული დანაშაულის დეტალური სტატისტიკა აღნიშნული ფორმით ვერ მიიღო, ხოლო შსს-ს ანალიტიკური დეპარტამენტისგან მოწოდებული ინფორმაციიდან, დაახლოებით, 1,000 ინდივიდუალური საქმის მოკლე აღწერის (ფაბულის) სათითაოდ შესწავლის საფუძველზე, შეძლო მხოლოდ დანაშაულის რეგიონული გადანაწილების გამოანგარიშება. აუდიტის ჯგუფმა ვერ შეძლო დაეთვალა კორუფციული დანაშაულის ფაქტები სახელმწიფო სტრუქტურების ჭრილში, ასევე ვერ დადგინდა, რომელი კლასისა და სტრუქტურულ ქვედანაყოფებში დასაქმებული მოხელეები წარმოადგენენ რისკის ჯგუფს, რა კონტროლის მექანიზმები არსებობს ისეთ დაწესებულებებში, სადაც ხშირია კორუფციული დანაშულის შემთხვევები, სახელმწიფოსთვის მიყენებული ზიანის ოდენობა და სხვ.

2018 წლის აპრილის მდგომარეობით, 2015-2017 წლებში რეგისტრირებული 1,740 საქმიდან 12% იყო გახსნილი. 

აუდიტის ჯგუფმა კორუფციული დანაშაულის სტატისტიკა რეგიონების მიხედვით გადაანაწილა. ანალიზის შედეგად აღმოჩნდა, რომ კორუფციული დანაშაულის 70% რეგიონებში რეგისტრირდება.