მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2016-2020: რამდენი $მლნ-ის იაპონური ინვესტიცია ჩაიდო საქართველოში?

5f9fd8226801d
ვიქტორია მღებრიშვილი
02.11.20 17:30
1449
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და საქართველოში იაპონიის საელჩოს შორის შედგა შეთანხმება „შემოსავლებზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის და გადასახადების თავიდან არიდების აღკვეთის შესახებ“ კონვენციის განახლებულ ტექსტზე, რომელიც იაპონიასა და საბჭთა კავშირს შორის 1986 წელს დადებულ შეთანხმებას ანაცვლებს და რომლის მიხედვით, საქართველო-იაპონიას შორის ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ შეთანხმება ახალ სამართლებრივ ჩარჩო დოკუმენტზე იქნება დაფუძნებული. როგორც უწყებაში განმარტავენ, ახალი შეთანხმება ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებასა და ინვესტიციების მოზიდვას შეუწყობს ხელს.

BM.GE დაინტერესდა, რა ტენდენციით ხასიათდება და როგორია ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური ურთიერთობა ბოლო წლების განმავლობაში - პირობითად, 2016-2020 წლების პერიოდი ავიღეთ. 

საქსტატის მონაცემებით, ბოლო 5 წელიწადში იაპონიიდან საქართველოში $68.3 მლნ დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია შემოვიდა. წლების მიხედვით სხვადასხვა სექტორში განხორციელებული FDI განსხვავებული იყო.

2016 წელი - 5.8 მლნ დოლარი:
• ვაჭრობა - 5.6 მლნ დოლარი;
• დანარჩენი სექტორები - 216.1 ათასი დოლარი.

2017 წელი - 18.3 მლნ დოლარი, ზრდა წინა წელთან შედარებით - 214.8%:
• უძრავი ქონება - 264.6 ათასი დოლარი;
• ვაჭრობა - 18.3 მლნ დოლარი;
• დანარჩენი სექტორები - -222.9 ათასი დოლარი;

2018 წელს - 4.8 მლნ დოლარი, კლება წინა წელთან შედარებით 73.6%:
• უძრავი ქონება - 205.3 ათასი დოლარი;
• ვაჭრობა - 4.6 მლნ დოლარი;
• დანარჩენი დარგები - -21.9 ათასი დოლარი.

2019 წელი - 39.5 მლნ დოლარი, ზრდა წინა წელთან შედარებით 716.3%:
• სასტუმროები და რესტორნები - 4.5 ათასი დოლარი;
• უძარვი ქონება - 406.7 ათასი დოლარი;
• ვაჭრობა - 39.2 მლნ დოლარი;
• დანარჩენი დარგები - -99.0 ათასი დოლარი.

რაც შეეხება მიმდინარე წლის I-II კვარტლის მონაცემებს, 2020 წელს იაპონიიდან შემოსული ინვესტიციების მაჩვენებელი უარყოფითი გახდა, რაც ძირითადად ვაჭრობის სექტორში ინვესტიციების გადინების ხარჯზე მოხდა. ჯამში, 2020 წლის I-II კვარტალში ინვესტიციების მოცულობამ -259.1 ათასი დოლარი შეადგინა. დარგების მიხედვით კი, ინვესტიცია კი ასეთია:

• სასტუმროები და რესტორნები - 1.9 ათასი დოლარი;
• უძარვი ქონება - 194.8 ათასი დოლარი;
• ვაჭრობა - -12.5 მლნ დოლარი;
• დანარჩენი სექტორები - 12.1 მლნ დოლარი.

როგორც საქსტატში BM.GE-ის განუმარტეს, ინვესტიციების უარყოფითი მაჩვენებელი, შესაძლოა, რამდენიმე ფაქტორიდან  გამომდინარეობდეს:

- სააქციო ან საწესდებო კაპიტალის შემცირება;
- საწარმოს მიერ ზარალის მიღება;
- არარეზიდენტი ინვეტორის სესხის დაფარვა;
- უცხოელი დამფუძნებლისგან წილის შესყიდვა;
- დივიდებდების გაცემა.

აღსანიშნავია, რომ 2020 წლის პირველ კვარტალში ინვესტიციები დადებითი იყო და 7.9 მლნ დოლარი შეადგინა, ხოლო მეორე კვარტალში, საქართველოში Covid-19-ის გავრცელების დაწყებისთანავე უარყოფითი გახდა და -8.2 მლნ დოლარი შეადგინა.

რაც შეეხება TOP-10 იაპონურ კომპანიას, რომელთაც საქართველოში 2020 წლის პირველ ნახევარში ქვეყანაში ინვესტიციები განხორციელეს, ათეული ასე გამოიყურება: სს დარიალი ენერჯი; შპს ნოზომი; შპს მედჰო ინდასთრიზ ლიმითედ; შპს ქაფლარითი; ბიზნეს ბანკ გრუპ ქოს წარმომადგენლობა; შპს ჰექსუმ; შპს საქართველო 1001; შპს პადეკოს ფილიალი; შპს ჯპ ინთერნეიშენალ; შპს ზე ლითლ პრინც.

bm.ge ეცდება, აღნიშნულ კომპანიებს, პერიოდულად, დაუკავშირდეს და მათი საქმიანობის და ბიზნეს-გეგმების შესახებ ინფორმაცია მოგაწოდოთ.