მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2018-2019 წლებში 31-მა სსიპ-მა 18 მლნ ლარის ავტომობილები იყიდა

5efce7b5d1459
თამთა ჯიჯავაძე
01.07.20 23:39
1454
2018-2019 წლებში, 31 სსიპ-ს მიერ შესყიდული ავტომობილების ჯამურმა ღირებულებამ 18 მილიონ ლარს გადააჭარბა, – აღნიშნული მიგნება IDFI-ს ეკუთვნის, რომელმაც სსიპ-ების და სხვა დამოუკიდებელი საჯარო დაწესებულებების ავტოპარკი და საწვავის ხარჯები შეისწავლა. კვლევის მიზანი იყო სამინისტროებს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების (სსიპ) და სხვა დამოუკიდებელი უწყებების ავტოპარკის და მათი განკარგვის პრაქტიკის ანალიზი. 

როგორც IDFI-ი წერს, მათ 2019 წლის დეკემბერში 90-მდე საჯარო დაწესებულებას მიმართეს ბალანსზე რიცხული ავტომობილების, საწვავის ლიმიტების დამდგენი ნორმატიული აქტების და 2018-2019 წლებში საწვავის მოხმარებაზე გაწეული ხარჯების შესახებ, ასევე, თანამდებობის პირებზე განპიროვნებული ავტომობილების მიერ დაფარული კილომეტრაჟისა და მოხმარებული საწვავის ზუსტი ოდენობის შესახებ საჯარო ინფორმაციის მოთხოვნით.

"კვლევის ფარგლებში IDFI-მ ინფორმაცია მიიღო სულ 65 უწყებიდან, საიდანაც მოწოდებული ინფორმაციის ნაწილი არასრულყოფილად იყო წარმოდგენილი. მაგალითად, მხოლოდ 60-მა უწყებამ გაასაჯაროვა ავტომობილების შესყიდვის საწყისი ფასები და თანამდებობის პირებზე განპიროვნებულ ავტომობილებზე დაწესებული საწვავის ლიმიტები, ხოლო 57-მა უწყებამ წლის განმავლობაში გაცემული საწვავის ოდენობა. განპიროვნებული ავტომობილების მიერ განვლილი კილომეტრაჟის შესახებ ინფორმაცია მხოლოდ 51-მა უწყებამ გასცა, ხოლო წვის საშუალო მაჩვენებლების შესახებ მხოლოდ 52 უწყებამ, რაც, სავარაუდოდ, მიანიშნებს ამ მონაცემების აღრიცხვიანობის კონტროლის მექანიზმების არასრულფასოვნებაზე. დეტალური ინფორმაციისთვის იმ საჯარო დაწესებულებების შესახებ, რომლებიც ცალკეულ მონაცემებს არ აღრიცხავენ, არასრულად აღრიცხავენ ან თავი აარიდეს გასაჯაროებას", – წერს IDFI.

IDFI-ის კვლევის ძირითადი მიგნებებია:

- ბოლო ორი წლის განმავლობაში 31-მა უწყებამ ჯამში 382 ავტომობილი შეისყიდა, საიდანაც 253 ერთეული არის 2018-2019 წლებში გამოშვებული უახლესი მოდელი.

- 2018-2019 წლებში, 31 სსიპ-ს მიერ შესყიდული ავტომობილების ჯამურმა ღირებულებამ 18 მილიონ ლარს გადააჭარბა.

- კვლევის სამიზნე უწყებების თანამდებობის პირებზე განპიროვნებული ავტომობილების უმრავლესობა მაღალი გამავლობის ავტომობილებია, კერძოდ, 133-იდან 75 (56.4%).

- 2019 წლის 27 ივნისს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა 151,574.4 ლარად შეისყიდა Toyota Land Cruiser-ის მოდელის ავტომობილი, რაც მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ ავტომობილის ზღვრული ფლობის ღირებულებას 10,000 ლარით აღემატება.

- თანამდებობის პირებისთვის დაწესებული ყოველთვიური საწვავის ლიმიტები 140 ლიტრიდან 850 ლიტრამდე მერყეობს. ყველაზე მაღალი ლიმიტით გამოირჩევა ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი (თვეში 850 ლიტრი).

- 122 თანამდებობის პირმა 2019 წელს 425,000-მდე ლიტრი საწვავი მოიხმარა, რაც სახელმწიფოს დაახლოებით მილიონი ლარი დაუჯდა.

- ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა 2019 წელს ყველაზე მეტი, 10,371 ლიტრი საწვავი მოიხმარა და 50,200 კმ დაფარა.

- 2019 წელს, 10-მა თანამდებობის პირმა ჯამში დაახლოებით 490,000 კილომეტრი გაიარა, თითოეულმა საშუალოდ 49,000 კილომეტრი.

- 2019 წელს 20-მა თანამდებობის პირმა გადააჭარბა დადგენილ საწვავის ლიმიტს.

- იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორმა, ერთი წლის განმავლობაში, საკუთარი თავისთვის დადგენილი ლიმიტი ოთხჯერ გაზარდა, 275 ლიტრიდან 600 ლიტრამდე.