მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2018 წელს დაანონსებული მიწისზედა მეტროს პროექტის განხორციელებაზე მერია დღემდე ვერ ჩამოყალიბდა

60508d326a6cc
ინგა მურუსიძე
16.03.21 15:54
859
ჯერ კიდევ 2018 წელს დაანონსებული სამგორი-ლილოს დამაკავშირებელი მიწისზედა მეტროს სადგურის პროექტის განხორციელება ჯერაც არ დაწყებულა. თბილისის მერმა კახა კალაძემ პროექტის პრეზენტაციაზე თქვა, რომ მშენებლობა 2019 წელს დაიწყებოდა, ხოლო 2020-2022 წლებში ექსპლუატაციაში შევიდოდა. „ეს არის ახალი მიწისზედა მეტრო სამგორიდან ლილოს მიმართულებით“, - აცხადებდა მაშინ კახა კალაძე.

როგორც თბილისის ვიცე-მერი აცხადებს, დედაქალაქში მიწისზედა მეტროს მოწყობის პროექტთან დაკავშირებით ჯერ გადაწყვეტილება მიღებული არ არის და ის განხილვის ეტაპზეა. 

ირაკლი ხმალაძემ სამგორი-ლილო-აეროპორტის მიმართულებით მიწისზედა მეტროს მოწყობის პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებით არსებული გარემოებები კიდევ ერთხელ განმარტა და აღნიშნა, რომ ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა დასრულებულია, თუმცა პროექტირების ეტაპი პანდემიით გამოწვეული სირთულეების გამო, ჯერ არ დაწყებულა.

მისივე თქმით, დედაქალაქის მერია პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებით შესაბამის გადაწყვეტილებას განხილვის შედეგად, ახლო მომავალში მიიღებს.

„მიწისზედა მეტროს პროექტთან დაკავშირებით, ჯერ უარი არავის უთქვამს. აღნიშნული პროექტი შედგებოდა სამი ეტაპისგან. პირველი იყო ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა და ამ კვლევიდან გამომდინარე, რომელიც სამ ვარიანტზე მზადდებოდა, უნდა მიგვეღო გადაწყვეტილება პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებით და შემდეგში, თუ რომელი ვერსია უნდა განეხორციელებინა საპროექტო კომპანიას. ამის შემდეგ გადავიდოდით სამშენებლო ეტაპზე. ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთება წარმოდგენილია, ხოლო გადაწყვეტილება იმასთან დაკავშირებით, უნდა განხორციელდეს თუ არა ეს პროექტი, ჯერ მიღებული არ გვაქვს. პანდემიიდან გამომდინარე, კიდევ უფრო გართულებულია მდგომარეობა. ერთი მხრივ, სახსრების მობილიზებასთან დაკავშირებით არსებული პრობლემების გამო, მეორე - პანდემიამ სატრანსპორტო სისტემის ფუნქციონირებაზე დიდი გავლენა იქონია. აქედან გამომდინარე, ეს საკითხი ჯერ კიდევ განხილვის ეტაპზეა. განხილვის დასრულებამდე კი რთულია იმის თქმა, რომელ ვერსიას გავყვებით და საერთოდ, უნდა განხორციელდეს თუ არა ეს პროექტი, რადგან საკმაოდ ძვირადღირებული ინფრასტრუქტურაა“, - განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.

თბილისის ვიცე-მერმა პროექტის ბიუჯეტზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ 12 მილიონი ლარი არა - კვლევის, არამედ პროექტირების მთლიანი ხარჯია.

„12 მილიონი ლარი კვლევაში არ გადაგვიხდია. 12 მილიონი იყო პროექტირების ხარჯი, რომელზეც ჯერ არ გადავსულვართ. პროექტირებაზე გადავალთ მას შემდეგ, რაც ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის შედეგად დავადგენთ, რომ გვჭირდება პროექტი და შემდეგ, მშენებლობა. არავინ იძლევა იმის პირობას, რომ კვლევის საფუძველზე, უარყოფითი ან დადებითი გადაწყვეტილება მიიღება. ჩვენ სწორედ ამ კვლევის საფუძველზე განვიხილავთ და თუ ვიტყვით, რომ პროექტის განხორციელება გვინდა, მაშინ მოგვიწევს 12 მილიონი ლარის და შემდეგში უკვე რამდენიმე ასეული მილიონი ლარის გადახდა ინფრასტრუქტურის მოწყობაში. მთლიანად, პროექტის ღირებულებამ შეიძლება 300-400 მილიონი ლარი შეადგინოს, რადგან საუბარი იყო 150 მილიონ აშშ დოლარზე. 2020 პანდემიის წელი იყო და 2021 წელი ჯერ კიდევ პანდემიის წელია. განახევრებულია საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოხმარება. დღევანდელი სიტუაციიდან გამომდინარე, რთულია იმის თქმა, როდის მივიღებთ გადაწყვეტილებას. ჩვენთვის მთავარია მივიღოთ არა - სწრაფი, არამედ სწორი გადაწყვეტილება“, - აღნიშნა ირაკლი ხმალაძემ.

დედაქალაქის ვიცე-მერი ზონალური პარკირების საფასურსაც შეეხო და განაცხადა, რომ ამ ეტაპზე, პარკირების საფასურის ზრდა არ იგეგმება.

„ზონალურ-საათობრივი პარკირების არეალის გაფართოება იგეგმება. ამასთან დაკავშირებით განცხადებები მთავრობის ხვალინდელ სხდომაზე გაკეთდება, სადაც დეტალურად მოგაწვდით ინფორმაციას. რაც შეეხება ფასებს, დღეს ზონალურ-საათობრივი პარკირების საფასურის გაზრდა გეგმაში არ გავქვს“, - განაცხადა თბილისის ვიცე-მერმა.