01.სექტემბერი .2019 10:00

2018 წელს ნავთობისა და გაზის კორპორაციის მოგება 27%-ით შემცირდა

views 428
უკან

საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის მიერ გამოქვეყნებული აუდიტორული ანგარიშიდან ირკვევა, რომ 2018 წელს სახელმწიფო კომპანიის მოგება 26.7%-ით შემცირდა და 161,345 მილიონი ლარი შეადგინა.

აღნიშნული შემცირების მთავარი მიზეზი წლის განმავლობაში კომპანიის მთლიანი შემოსავლის შემცირება და ამავდროულად კომპანიის ხარჯების ზრდა იყო.

KPMG-ის მიერ მომზადებული ანგარიშის მიხედვით, კორპორაციამ მისი ძირითადი საქმიანობიდან - ანუ ბუნებრივი აირის რეალიზაციიდან 17.9 მილიონი ლარით ნაკლები - 361.5 მილიონი ლარი მიიღო. აღნიშნული მიმართულებით არსებული კლების საპირისპიროდ, გასულ წელს გაიზარდა კომპანიის მიერ რეალიზებული ელექტროენერგიის ღირებულება და მან 209 მილიონი ლარი შეადგინა.

კორპორაციამ 2019 წლის 6 თვის ფინანსური შედეგებიც გამოაქვეყნა, საიდანაც ირკვევა, რომ რომ 2018 წელთან შედარებით, კორპორაციის წმინდა მოგება 65%-ითაა შემცირებული და 32.2 მილიონ ლარს შეადგენს. კლების ძირითადი მიზეზი კორპორაციისთვის გაზრდილ ფინანსურ (სესხის მომსახურების) ხარჯებს უკავშირდება.

წმინდა მოგების შემცირების საპირისპიროდ, კომპანიის ჯამური შემოსავალი მზარდია, 2019 წლის პირველი 6 თვის განმავლობაში კომპანიის მთლიანი შემოსავალი 98 მილიონი ლარით, ანუ 29%-ით გაიზარდა და მან 433,8 მილიონ ლარს მიაღწია.

დოკუმენტიდან ირკვევა, რომ წმინდა მოგების შემცირების მთავარ მიზეზს გაზრდილი ფინანსური ხარჯი წარმოადგენს. თუ 2018 წლის პირველ ნახევარში კორპორაციის საფინანსო ხარჯი (სესხის მომსახურება) 24 მილიონ ლარს შეადგენდა, 2019 წლის ანალოგიურ პერიოდში ის 66.9 მილიონ ლარამდე გაიზარდა.

რაც შეეხება კომპანიის შემსოავლებს, ის ასე გამოიყურება:

ბუნებრივი აირის რეალიზაცია - 288.6 მილიონი;
ელექტროენერგიის გენერაცია - 109.7 მილიონი;
მილსადენების გაქირავება - 21.4 მილიონი;
ნავთობის ტრანსპორტირება - 9.7 მილიონი.

ამჟამად კორპორაცია მსხვილ საინვესტიციო პორექტს ახორციელებს, რაც გარდაბანში ახალი თბოსადგურის მშენებლობას უკავშირდება. ფინანსური ანგარიშის მიხედვით, სადგურის გახსნა 2019 წლის მეოთხე კვარტალში მოხდება.

საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია ენერგობაზრის ერთ-ერთი უმსხვილესი მოთამაშეა. კორპორაციის საქმიანობის მიმართულებებია ბუნებრივი გაზის იმპორტი და მაგისტრალური მილსადენების სისტემის გამოყენებით ნავთობისა და გაზის ტრანსპორტირების უზრუნველყოფა, აგრეთვე შვილობილი კომპანიების მეშვეობით ელექტროენერგიის წარმოება და მიწოდება.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა