მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2018 წელს ონლაინსესხების პორტფელი 172 მლნ ლარი იყო, დღეს 2.7 მილიონზე ნაკლებია

5fd5f41d7dd12
შოთა ტყეშელაშვილი
13.12.20 14:43
1282
2020 წლის მესამე კვარტლის მდგომარეობით, საქართველოში სულ 7 ათასი აქტიური ონლაინსესხია გაცემული, რომელთა ჯამური ღირებულებაც 2.7 მილიონი ლარია. შედარებისთვის, 2 წლის წინ ამ კატეგორიის სესხების ჯამური რაოდენობა 358 ათასს აღემატებოდა, მთლიანი სასესხო პორტფელი კი 172 მილიონი ლარი იყო, თუმცა საკრედიტო ბაზარზე 2019 წლიდან შეცვლილი წესების შედეგად, ონლაინსესხი როგორც პროდუქტი ფაქტობრივად გაქრა. 

როგორ გაქრა ეს პროდუქტი ბაზრიდან?

ონლაინსესხების ბაზრის რეგულაციების ეტაპობრივი გამკაცრება 2017 წლიდან დაიწყო. პირველი მნიშვნელოვანი ცვლილება ამ მხრივ 2017 წლის 15 იანვარს ამოქმედდა, რომლითაც ქვეყანაში სესხებზე ერთიანი 100%-იანი საპროცენტო განაკვეთი აიკრძალა. სესხის საპროცენტო განაკვეთის 100%-იან ჭერთან ერთად 2017 წლის იანვარში აიკრძალა ისეთი საურავის დარიცხვა, რომელიც სესხის ნომინალურ წლიურ 150%-ს აღემატებოდა. 

ეს ორივე მოთხოვნა პირველ რიგში ონლაინსესხების შეზღუდვას ისახავდა მიზნად, რადგან ამ ცვლილებებამდე ონლაინსესხების "საბაზრო" განაკვეთი ხშირად წლიურ 700%-საც აღემატებოდა. 

2018 წელს საქართველოს ფინანსთა მინისტრად მამუკა ბახტაძე დაინიშნა, რომელმაც ამ კომპანიების მხრიდან „მტაცებლური” სასესხო პრაქტიკის შესახებ არაერთი განცხადება გააკეთა. მისი მინისტრობის პერიოდში სამოქალაქო კოდექსში მორიგი ცვლილებები შევიდა, რამაც ერთიანი სასესხო ჭერი 50%-მდე დაიყვანა. ცვლილება 2018 წლის 1 სექტემბრიდან ამოქმედდა. ამ შეზღუდვამ, ფაქტობრივად, ონლაინსესხების ბიზნესმოდელი მოშალა.

2019 წლის პირველი იანვრიდან კი ქვეყანაში პასუხისმგებლობიანი დაკრედიტების სისტემა ამოქმედდა, რის შედეგადაც საფინანსო ინსტიტუტებს მსესხებლის შემოსავლების დადასტურების გარეშე კრედიტების გაცემა შეეზღუდათ. ეს ცვლილება უფრო მნიშვნელოვანი ბანკებისთვის იყო, რადგანაც ონლაინსესხების პროვაიდერების ფინანსური დაღმასვლა ძირითადად 2017 და 2018 წლებში გატარებულმა ცვლილებებმა განაპირობა.

შეცვლილი საკრედიტო რეგულაციების ფონზე ონლაინსესხების ბაზართან ერთად მთლიანად მიკროსაფინანსო სექტორის შემოსავლიანობაც შემცირდა. 2019 წელს მიკროსაფინანსოების ჯამურმა მოგებამ 278-ჯერ იკლო და მან მხოლოდ 112 ათასი ლარი შეადგინა. ზარალის ძირითადი მიზეზი ცალკეულ მიკროსაფინანსოებში არსებული მრავალმილიონიანი დანაკარგები იყო. 




რა არის ონლაინსესხები ?

ონლაინსესხები ეგრეთ წოდებული ხელფასის დღის სესხებია, ამ ტიპის კრედიტები, როგორც წესი, ხანმოკლე და მცირე ზომისაა. ეს სასესხო პროდუქტი სხვებთან შედარებით ბევრად რისკიანია, რადგანაც მაღალია ალბათობა, რომ მოქალაქეებმა აღებული კრედიტები არ დააბრუნონ. ეს რისკები კი, თავის მხრივ, სესხის განაკვეთში იყო ასახული.

ამ სესხების მაღალ საპროცენტო განაკვეთებს ერთვოდა მძიმე ფინანსური სანქციებიც, რომლებიც სესხების პროვაიდერებს ვადაგადაცილების თავიდან აცილების მიზნით ჰქონდათ ხელშეკრულებებში განსაზღვრული. ამის გამო კი ათიათასობით მოქალაქე, მათ მიერ პირობების დარღვევის შედეგად, საკმაოდ სოლიდური ფინანსური სანქციების წინ აღმოჩნდა. იყო შემთხვევები, როდესაც 500-ლარიანი სესხის სანქციები და საურავები ათასობით ლარს აჭარბებდა.

ონლაინსესხები, როგორც მასობრივი პროდუქტი, ქართულ ბაზარზე 2013 წელს გამოჩნდა. ერთ-ერთი პირველი კომპანია, რომელმაც ის წარადგინა, Vivus-ი იყო. ფინანსური მონაცემების თანახმად, ეს კომპანია 2017 წლამდე იყო მოგებიანი და მას 2016-ში 81.8 მილიონი ლარის შემოსავალი და 40 მილიონი ლარის წმინდა მოგება ჰქონდა. თუმცა, 2020 წელს "ვივუსმა" ლიკვიდაციის დაწყების შესახებ განაცხადა. ლიკვიდაციის პროცესი მიმდინარეობს სხვა არაერთ ონლაინგამსესხებელშიც.