მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„2019-2020 წლებში წყალმომარაგების გაუმჯობესებისთვის 500-მდე მლნ ლარის ინვესტიცია განხორციელდა“

5fe064ce31503
ინგა მურუსიძე
21.12.20 21:21
647
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრობის კანდიდატის, მაია ცქიტიშვილის განცხადებით, რეგიონებში გამართული წყალმომარაგების უზრუნველყოფა რეგიონული განვითარების სამინისტროს ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა.

როგორც ცქიტიშვილმა პარლამენტში, ხუთი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა, 2019 და 2020 წლებში წყალმომარაგება-წყალარინების სისტემების გაუმჯობესებისთვის 500-მდე მლნ ლარის ინვესტიცია განხორციელდა და მხოლოდ 2020 წელს დასრულებული პროექტების შედეგად 322 ათას ადამიანს გაუუმჯობესდა წყალმომარაგების გრაფიკი და წყლის ხარისხი.

მან აღნიშნა, რომ 2021 წლის ბიუჯეტის პროექტით წყალმომარაგებისთვის მოთხოვნილი 348 მილიონი ლარი მოხმარდება 150 დასახლებაში წყალმომარაგების პროექტების განხორციელებას, მათი დასრულების შემდეგ კი 360 ათასი ადამიანის წყალმომარაგება გაუმჯობესდება და 220 ათასი ადამიანი პირველად ისარგებლებს ცენტრალური წყალმომარაგების ქსელით.

მაია ცქიტიშვილმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა კახეთში დაგეგმილ პროექტებზე, სადაც 130 000 ბენეფიციარს გაუუმჯობესდება წყალმომარაგება.

მინისტრობის კანდიდატმა ასევე აღნიშნა, რომ წყალმომარაგება/წყალარინების პროექტები განხორციელდება ქვემო ქართლისა და გურიის რეგიონებში, სადაც ამჟამად წყლის ინფრასტრუქტურის პრობლემა კრიტიკულია.

„საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად დავიწყეთ რეგიონებში მუნიციპალურ დონეზე წყალმომარაგების მართვის საუკეთესო მოდელის გამოვლენა და შემუშავება. ბოლო წლების გამოცდილებისა და გამოწვევების ანალიზის შედეგად, ეკონომიკისა და ფინანსთა სამინისტროებთან ერთად ვგეგმავთ აქტიური ნაბიჯების გადადგმას „გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ კორპორაციული მართვის საუკეთესო მოდელის მოძიებისთვის, მათ შორის კერძო სექტორის ჩართულობით“, - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.