27.დეკემბერი .2019 10:15

2019 წელს საქართველოს რკინიგზის ტვირთბრუნვა 8%-ით გაიზარდა

views 446
უკან

საქართველოს რკინიგზის ტვირთბრუნვა 2019 წელს, 2018-თან შედარებით 8%-ით გაიზარდა. ამის შესახებ საქართველოს რკინიგზის გენერალურმა დირექტორმა დავით ფერაძემ  Forbes Georgia-ს მთავარ რედაქტორ გიორგი ისაკაძესთან ინტერვიუში განაცხადა.

რკინიგზის ფინანსური შედეგების მიხედვით, მშრალი ტვირთების გადაზიდვები - 27%-ით, ნავთობპროდუქტების - 28%-ით, საკონტეინერო ტვირთების გადაზიდვები კი 37%-ით გაიზარდა.

2012 წელს ტვირთბრუნვის მაჩვენებელი 20.1 მლნ. ტონა იყო, რის შემდეგაც რკინიგზის ტვირთბრუნვა ყოველწლიურად მცირდებოდა და 2018 წელს 10 მლნ ტონა გახდა. 2019 წლის მაჩვენებელი 10.8 მლნ ტონაა.

დავით ფერაძე აღნიშნავს, რომ ამ გაუმჯობესების შედეგად, საქართველოს რკინიგზის მთლიანი შემოსავალი 501 მილიონ ლარამდე გაიზარდა.

“საქართველოს რკინიგზამ წელს მიიღო ნახევარ მილიარდზე მეტი ლარის შემოსავალი, უფრო კონკრეტულად 501 მილიონი ლარის შემოსავალი. საოპერაციო შემოსავალი გაიზარდა, დაახლოებით, 15%-ით, ეს არის დაახლოებით 68 მილიონი ლარი. აქვე შემიძლია დავამატო, რომ ერთი არის ტვირთების გადაზიდვა და მეორე არის ჩვენი სერვისი - ეს არის უფრო მეტად სოციალური სერვისი, რაც მგზავრთა გადაყვანას წარმოადგენს. მგზავრთა გადაყვანაშიც რეკორდული მაჩვენებლებია 2019 წელს. 3 მილიონზე მეტი მგზავრი გადავიყვანეთ წელს საქართველოს რკინიგზის საშუალებით. ამ საქმიანობიდან შემოსავალი გაიზარდა 31 მილიონ ლარამდე", - ამბობს დავით ფერაძე.

შემოსავლების მოცულობის გაუმჯობესებით მიუხედავად, 2019 წელსაც რკინიგზა ზარალით დაასრულებს. ზარალის ოდენობა 69 მილიონი ლარის ტოლი იქნება.

დავით ფერაძის განმარტებით, უარყოფითი ფინანსური შედეგის უმთავრესი მიზეზი კურსთაშორისი სხვაობაა. რომ არა კურსის ცვლილება, ფერაძის თქმით, რკინიგზას 66 მილიონი ლარის წმინდა მოგება ექნებოდა.

“მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი შემოსავლები სატვირთო გადაზიდვებიდან ძირითადად არის დოლარის ექვივალენტში, საკმაოდ დიდი სესხი აქვს აღებული 2011 წლიდან კომპანიას და, შესაბამისად, ლარის ცვლილება მოქმედებს ფულის გასავალზე. რომ არა ლარი-დოლარის კურსის ცვლილება, წელს კომპანია საქმიანობას 66 მილიონი ლარის წმინდა მოგებით დაასრულებდა,”- აღნიშნავს საქართველოს რკინიგზის CEO.

რა ტვირთების ტრანსპორტირება გაიზარდა 2019 წელს?

საქართველოს რკინიგზის სტატისტიკური ინფორმაციით, ნავთობპროდუქტების გადაზიდვის კლება 2019 წელსაც გაგრძელდა, თუმცა აღნიშნული ვარდნა სხვა ტვირთების კარბამიდის, ქვანახშირის, სპილენძის მადნებისა და სხვა ტვირთების გადაზიდვაში არსებულმა მატებამ დააბალანსა.

ყველაზე მაღალი ზრდის ტემპი ცალკეული ტვირთების მიხედვით:

ქვანახშირი - 512,000 ტონა, ზრდა 2018 წელთან შედარებით 558%;
კარბამიდი - 132,000 ტონა, ზრდა 2018 წელთან შედარებით 289%;
მეთანოლი - 408,000 ტონა, ზრდა 2018 წელთან შედარებით 100%;
სპილენძის მადანი - 383,000 ტონა, ზრდა 2018 წელთან შედარებით 23%;
მანგანუმის მადანი - 314,000 ტონა, ზრდა 2018 წელთან შედარებით 22%.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს რკინიგზის საშუალებით სატრანზიტო ტვირთების მიმღები TOP-5 ქვეყანა აზერბაიჯანი, სომხეთი, თურქმენეთი, კვიპროსი და ნიდერლანდებია.

სატრანზიტო ტვირთების TOP 5 გამომგზავნ ქვეყანას კი აზერბაიჯანი, რუსეთი, თურქმენეთი, ყაზახეთი და სომხეთი წარმოადგენს.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა