მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2019 წელს საქართველოში თევზის წარმოება 3.5%-ით გაიზარდა

5f0eb56e13b09
ვიქტორია მღებრიშვილი
16.07.20 09:00
1571
2019 წელს საქართველოში, აკვაკულტურულ მეურნეობებში, თევზის წარმოება 3.5%-ით გაიზრდა და 2 464.7 ტონა შეადგინა. ამის შესახებ საქსტატის მიერ აკვაკულტურული მეურნეობების გამოკვლევის შედეგებშია ნათქვამი.

შედეგების მიხედვით, თევზის წარმოებაში 35.1%-იანი წილით კახეთი ლიდერობს; მეორე ადგილს შიდა ქართლი - 30.3%-ით იკავებს, მესამე ადგილზე გურიაა - 10.1%-ით, ხოლო დანარჩენ რეგიონებზე ჯამურად ქვეყანაში წარმოებული თევზის 24.4% მოდის.

აღსანიშნავია, რომ 2019 წლის ბოლოსათვის, 2.1%-ით არის გაზრდილი აკვაკულტურისათვის განკუთვნილი წყალსატევების საერთო ფართობი და მისი მოცულობა 4 503.1 ჰა-ს შეადგენს, აქედან ტბორების ფართობმა 2 424.8 ჰა-ს მიაღწია, რაც 4.2%-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე, ხოლო აუზების ფართობი წინა პერიოდთან შედარებით 7.7%-ით გაიზარდა და 27.9 ჰა-ით განისაზღვრა.

„ქვეყანაში აკვაკულტურისათვის განკუთვნილი წყალსაცავებისა და ბუნებრივი წყალსატევების (ტბა ან ტბის ნაწილი, მდინარის ნაწილი, ზღვის ნაწილი) ჯამური ფართობი კი 2 050.3 ჰა-ია. 2019 წლის ბოლოს არსებული მდგომარეობით, ტბორების ყველაზე დიდი ნაწილი კახეთში მდებარეობდა, საერთო ფართობით - 1 603.6 ჰა. სამეგრელო-ზემო სვანეთში ტბორების ფართობმა 475.5 ჰა; იმერეთში 163.0ჰა; ხოლო დანარჩენ რეგიონებში ჯამურად 182.8 ჰა. შეადგინა.

2019 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, აუზების ყველაზე დიდი ნაწილი შიდა ქართლშია განთავსებული, საერთო ფართობით - 18.6 ჰა-ს. სამცხე-ჯავახეთში არსებული აუზების ფართობი შეადგენს 3.1 ჰა-ს, აჭარაში - 2.0 ჰა-ს, გურიაში - 1.4 ჰა-ს, ხოლო დანარჩენ რეგიონებში არსებული აუზების მთლიანი ფართობი 2.7 ჰა-ს არ აღემატება“, - ნათქვამია კვლევის შედეგებში.

რაც შეეხება თევზის წარმოებას, 2019 წელს აკვაკულტურის მეურნეობებში წარმოებული თევზი, წინა წელთან შედარებით 3.5%-ით გაიზარდა და 2 464.7 ტონა შეადგინა. აქედან:

• ორაგულისებრთა წარმოება 1 339.8 ტონა იყო, 2018 წელთან შედარებით 9.2%-იანი კლებაა;
• კობრისებრთა წარმოება - 1 012.7 ტონა, ზრდა 23.9%
• ზუთხისებრთა წარმოება - 97.3 ტონა, ზრდა 29.7%
• ლოქოსებრთა წარმოება -14.3 ტონა, ზრდა 13.5%;

ამასთან, ორაგულისებრთა წარმოებაში 98.7%-ით ცისარტყელა კალმახია წარმოდგენილი. კობრისებრთა წარმოებაში კი 47.4% - კობრისა და სარკისებური კობრის, 39.1% - თეთრი და ჭრელი სქელშუბლას და 13.3% - თეთრი ამურის წარმოებაზე მოდის.

წარმოებისა და აკვაკულტურისთვის განკუთვნილი წყალსატევების მოცულობების ზრდის პარალელურად, 2019 წლის ბოლოსათვის აკვაკულტურისათვის განკუთვნილ წყალსატევებში არსებული თევზის საერთო მოცულობა 7.9%-ით შემცირდა და 2 230.2 ტონით განისაზღვრა, აქედან კობრისებრთა ოჯახის წილი 57.2% იყო, ორაგულისებრთა ოჯახის - 24.4%, ზუთხისებრთა ოჯახის - 16.6%, ხოლო ლოქოსებრთა ოჯახის - 1.8%.

აღსანიშნავია, რომ 2018 წლის მონაცემებთან შედარებით, თევზის ყველა სახეობაზე ფასი გაიზარდა, გარდა რუსული და ციმბირული ზუთხისა. 2019 წელს საშუალო წლიური 1 კგ-ის ფასი ფერმის კართან (მწარმოებლის ფასი):

• ცისარტყელა კალმახის - 9.6 ლარი იყო (2018 წელი - 8.9 ლარი);
• კობრისა და სარკისებრი კობრის - 7.8 ლარი (2018 წელი - 7.0 ლარი);
• თეთრი ამურის - 6.3 ლარი (2018 წ. - 6.0 ლარი);
• თეთრი და ჭრელი სქელშუბლას - 4.0 ლარი (2018 წელი 3.8 ლარი);
• რუსული და ციმბირული ზუთხის - 24.9 ლარი (2018 წ. – 25.3 ლარი);
• ევროპული ლოქოს - 16.1 ლარი (2018 წ. - 14.9 ლარი).