მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2019 წლის ეკონომიკური მაჩვენებლების მიმოხილვა

5e0b48f35db56
ირაკლი მაკალათია
31.12.19 15:10
7671
როგორი იყო საქართველოს ეკონომიკისთვის 2019 წელი - bm.ge-ის ანალიტიკოსმა ირაკლი მაკალათიამ მიმოიხილა წელი ძირითადი ეკონომიკური მაჩვენებლების მიხედვით.

1. მთლიანი შიდა პროდუქტი

2019 წლის ეკონომიკური შეფასებისას მნიშვნელოვანი ეკონომიკური მოვლენა გახლდათ მთლიანი შიდა პროდუქტის დათვლის მეთოდოლოგიის ცვლილება და ეროვნულ ანგარიშთა სისტემის 1993 წლის ვერსიიდან ეას2008-ის მეთოდოლოგიაზე გადასვლა. რის შედეგადაც მთლიანი შიდა პროდუქტი 3.5 მლრდ ლარით ანუ 8.6%-ით გაიზარდა.

მშპ-ის მოცულობის ზრდაზე გავლენა იქონია ორმა ფაქტორმა: 1. მეთოდოლოგიურმა ცვლილებამ (3%-იანი გავლენა მთლიან ზრდაზე) და 2. სტატისტიკური წყაროს გაუმჯობესებამ (5,6%-იანი გავლენა მთლიან ზრდაზე), რაც გულისხმობს ეკონომიკური სექტორების დეტალიზებულ დაკვირვებასა და დაუკვირვებადი ეკონომიკის სექტორების კვლევის მონაცემების მოპოვებას. ნოემბრის ეკონომიკურმა ზრდამ 6,4% შეადგინა, რაც ძირითადად გამოწვეული იყო შემდეგი დარგების ზრდით: დამამუშავებელ მრეწველობა, ტრანსპორტი და დასაწყობება, მშენებლობა, საბითუმო და საცალო ვაჭრობა, ავტომობილებისა და მოტოციკლების რემონტი.

2019 წლის თერთმეტი თვის საშუალო ეკონომიკური ზრდა 5,3%-ია, რაც მთლიანად 2018 წლის ეკონომიკურ ზრდაზე უფრო მაღალია. ხშირად ეკონომიკური ზრდის შეფასება არაადეკვატურად ხდება. ეკონომიკური ზრდის მიხედვით, ქვეყნების რეიტინგების დალაგება და მათ წარმატებაზე აქცენტის გაკეთება არ არის სწორი ანალიზი. განვითარებულ ქვეყნებს, როგორც წესი, ბევრად დაბალი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი აქვთ, ვიდრე განვითარებად და დაბალ განვითარებულ ქვეყნებს. მთავარი მიზეზი არის ის, რომ განვითარებულ ქვეყნებში ეკონომიკური აქტივები თითქმის სრულად გადასულია კერძო სექტორში ანუ ეს აქტივები მუშაობს და ქმნის ეკონომიკურ დოვლათს, ხოლო დაბალი ეკონომიკური განვითარების ქვეყნებში აქტივების უდიდესი ნაწილი კვლავაც სახელმწიფო ბალანსზეა, რაც ნიშნავს, რომ ეს აქტივები არ მუშაობენ, არ არიან ეკონომიკაში ჩართულები, მათი ღირებულება არის 0, ეს ნიშნავს, რომ ოქრო მიწაში გქონდეს ჩამარხული და არ იყენებდე. 

შესაბამისად, ასეთ ქვეყნებს, რომელთაც აქვთ მცირე მთლიანი შიდა პროდუქტი, სახელმწიფოს მიერ "დაკონსერვებული’’ ეკონომიკური აქტივების "გაცოცხლებით’’ შეუძლიათ ჰქონდეთ მაღალი და თუნდაც ორნიშნა ეკონომიკური ზრდა, ხოლო ამჟამად დაბალ განვითარებულ ქვეყნები რატომაც აღწევენ უფრო მაღალ ეკონომიკურ ზრდას ვიდრე განვითარებული ქვეყნები, არის ის რომ, ასეთ ქვეყნებს აქვთ მცირე მშპ, ხოლო მცირე ეკონომიკური გამოცოცხლებაც კი იწვევს მშპ-ის მაღალ პროცენტულ ზრდას. მაგალითად: საქართველოში 2019 წლის II კვარტალში წინა წლის II კვარტალთან შედარებით ეკონომიკურმა ზრდამ შეადგინა 4,5%. აღნიშნული ზრდა გამოიწვია რეალურ მთლიანი შიდა პროდუქტში 323,1 მლნ ლარის (7 564.5 - 7 241.4) დამატებამ! გერმანიაში II კვარტალში წინა წლის II კვარტალთან შედარებით ეკონომიკურმა ზრდამ შეადგინა 0,3% (OECD), აღნიშნული ზრდა გამოიწვია ეკონომიკაში 12,2 მლრდ აშშ დოლარის (2010 წლის მუდმივ ფასებში) დამატებამ. ერთ მოსახლეზე მშპ (სსფ-2018) გერმანიაში შეადგენს 47.7 ათასი აშშ დოლარს, ხოლო საქართველოში - 4,4 ათასი აშშ დოლარს.

2. საგარეო ვაჭრობა (შეფასება: 2019 წლის იანვარ-ნოემბერში 2018 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით გაზრდილია საგარეო სავაჭრო ბრუნვა და ექსპორტი, შემცირებულია იმპორტი და უარყოფითმა სავაჭრო ბალანსი)

2019 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველოში მთლიანმა სავაჭრო ბრუნვამ 11 504.1 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 1.4 პროცენტით მეტია. აქედან ექსპორტი 3 381.4 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს (11.7 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 8 122.6 მლნ. აშშ დოლარს (2.3 პროცენტით ნაკლები). მთლიან სავაჭრო ბრუნვაში იმპორტის წილმა 70,6% შეადგინა.

ექსპორტი/იმპორტი ქვეყნების მიხედვით:

2019 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველოში ჯამში, 127 ქვეყნიდან მოხდა იმპორტი, რომელთაგან ყველაზე დიდი ხვედრითი წილით წარმოდგენილნი არიან: თურქეთი 17,8%; რუსეთი 10,7%; ჩინეთი 9,7%; აზერბაიჯანი 6,0%;გერმანია 4,8%.

2019 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველოდან ჯამში 123 ქვეყანაში მოხდა ექსპორტი, რომელთაგან ყველაზე დიდი ხვედრითი წილით წარმოდგენილნი არიან: რუსეთი 22,2%; აზერბაიჯანი 13,2%; სომხეთი 10,5%; ბულგარეთი 7,6%; უკრაინა 6,6%.

საქართველოს მჭიდრო სავაჭრო ურთიერთობა ძირითადად მის სახმელეთო მეზობლებთან აქვს, მათგან ლიდერებია რუსეთი და თურქეთი. მეტი ეკონომიკური დოვლათის მისაღებად და ქვეყნის ეკონომიკური თავისუფლების ხარისხის ზრდისათვის, საქართველოს სჭირდება როგორც ბაზრის დივერსიფიკაცია, ასევე რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულების შემცირება. მჭიდრო სავაჭრო დამოკიდებულება პრობლემა არ იქნებოდა, თუ ეკონომიკურად და დემოკრატიულად განვითარებულ ქვეყანასთან გვექნებოდა, მაგრამ რუსეთი, რომლის ეკონომიკაც კი პოლიტიზირებულია, მსგავს ბერკეტებს პოლიტიკური ზეწოლისა და გავლენების მოსაპოვებლად იყენებს. ბაზრის დივერსიფიცირება კი ვერ ასრულდება, თუ არ განვითარდა საქართველოს ეკონომიკა. კაპიტალის ნაკლებობა, დაბალი კაპიტალიზაცია და აქედან გამომდინარე დაბალი ფინანსური შესაძლებლობები ადგილობრივ კომპანიებს შედარებით მარტივი ბაზრებისკენ ამისამართებს, სადაც ხარისხზე მოთხოვნა დაბალია, ამავე დროს წლების განმავლობაში ჩამოყალიბებული ეკონომიკური და პირადი ურთიერთობები კიდევ უფრო ამარტივებს რუსეთის ბაზარზე შესვლას. ბაზრის დივერსიფიკაციისკენ გადადგმული ნაბიჯი სწორედ ეკონომიკის სწრაფი განვითარება, კაპიტალისა და ფინანსური რესურსების ზრდაა. ფინანსურად ძლიერი კომპანიებისთვის მეტად არის შესაძლებელი ევროპის ბაზრის ათვისება, რუსეთში ექსპორტის კლება არა აბსოლუტური მაჩვენებლების, არამედ პროცენტული წილის შემცირებითა და მის ხარჯზე სხვა ქვეყნების ბაზრების წილის ზრდით უნდა მოხდეს.

ექსპორტი/იმპორტი სასაქონლო პოზიციების მიხედვით

2019 წლის იანვარ-ნოემბერში ჯამში განხორციელდა 3,4 მლრდ აშშ დოლარის ღირებულების ესპორტი, მთლიან ექსპორტში ყველაზე მაღალი ხვედრითი წილით წარმოდგენილნი არიან შემდეგი პროდუქტები:1. სპილენძის მადნები და კონცენტრატები - (წილი მთლიან ექსპორტში -17,8%); 2. მსუბუქი ავტომობილები - 17,6%; 3. ფეროშენადნობები - 7,7%; 4. ყურძნის ნატურალური ღვინოები - 6,0%; 5. სამკურნალო საშუალებები დაფასოებული - 4,7%; 6. მინერალური და მტკნარი წყლები - 3,7%; 7. ეთილის სპირტი არადენატურირებული, სპირტიანი სასმელები - 3,4%; 8. სასუქები მინერალური ან ქიმიური, აზოტოვანი - 2,5%; 9. ოქრო დაუმუშავებელი ან ნახევრადდამუშავებული, ან ფხვნილის სახით - 2,0%; 10. თხილი და სხვა კაკალი - 1,7%.
2019 წლის იანვარ-ნოემბერში ჯამში განხორციელდა 8,1 მლრდ აშშ დოლარის ღირებულების იმპორტი, მთლიან იმპორტში ყველაზე მაღალი ხვედრითი წილით წარმოდგენილნი არიან შემდეგი პროდუქტები:1. ნავთობი და ნავთობპროდუქტები - (წილი მთლიან იმპორტში - 8,4%); 2. მსუბუქი ავტომობილები - 7,1%; 3. სპილენძის მადნები და კონცენტრატები - 6,7% 4. სამკურნალო საშუალებები დაფასოებული - 3,9%; 5. ნავთობის აირები და აირისებრი ნახშირწყალბადები სხვა - 3,5%; 6. სატელეფონო აპარატები, ფიჭური ქსელებისთვის ან სხვა უსადენო ქსელებისთვის განკუთვნილი ტელეფონების ჩათვლით - 2,2%; 7. ხორბალი და მესლინი - 1,1%; 8. სიგარები, სიგარილები და სიგარეტები თამბაქოს ან მისი შემცვლელებისაგან - 1,1%; 9. რეზინის პნევმატური სალტეები და საბურავები - 1,0%; 10. გამომთვლელი მანქანები და მათი ბლოკები - 0,8% .
ექსპორტის სასაქონლო სტრუქტურის განხილვისას, უნდა გამოვყოთ რომ რეექსპორტის წილი ექსპორტში 37,5%-ია და პირველ-მეორე ადგილზე სწორედ რეექსპორტირებული პროდუქტებია: სპილენძის მადნები და კონცენტრატები (95%ით); მსუბუქი ავტომობილები (100%-ით). რუსეთში ექსპორტირებული ძირითადი პროდუქტები კი: ფეროშენადნობები, ყურძნის ნატურალური ღვინოები, მინერალური და მტკნარი წყლებია. ეს მოცემულობა უკვე წლებია ტენდენციად იქცა და წარმოადგენს იმ ძირითად ნიშას, რაც რუსულ ბაზარზე საქართველოს უჭირავს.

3. პირდაპირი უცხოური ინვესტიციები -( შეფასება: 2019 წლის პირველ 3 კვარტალში 2018 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ინვესტიციები შემცირდა).

2019 წლის III კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 417.3 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, 13,7%-ით გაიზარდა წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ხოლო 2-ჯერ გაიზარდა წინა თვესთან შედარებით. III კვარტალში დაფიქსირებული მაღალი ინვესტიციების მიუხედავად, საერთო სურათი ასეთია: 2017 წლიდან მოყოლებული ინვესტიციები მცირდება. ინვესტიციების მნიშვნელოვანი შემცირება რომელიც 2018 წელს მივიღეთ, გამოწვეული იყო რამდენიმე მიზეზით: საწარმოების გადასვლით საქართველოს რეზიდენტების საკუთრებაში, ასევე, არარეზიდენტი პირდაპირი ინვესტორის მიმართ ვალდებულებების შემცირებით (სასესხო დავალიანების დაფარვა), თუმცა ამ მიზეზებს შორის მთავარი გამომწვები იყო მაგისტრალური გაზსადენის მშენებლობის პროექტის დასრულება. შაჰ-დენიზის პროექტის დასრულებამ აზერბაიჯანიდან მიღებული ინვესტიციების თითქმის განახევრება გამოიწვია. იმ ვითარებაში, რომ ქვეყანაში ახალი დიდი საინვესტიციო პროექტები აღარ დაწყებულა და ვერც ეკონომიკა ვითარდება იმ დონემდე რომ დამატებითი ინვესტიციები მოიზიდოს, შესაბამისად ვიღებთ ინვესტიციების კლებას.

ყველაზე მეტ ინვესტიციას საფინანსო სექტორი იზიდავს (23,0%) და ეს ტენდენცია წლებია გრძელდება, რაც ერთ-ერთი ნიშანია იმისა, რომ საქართველოში ეს სექტორი ყველაზე უკეთ არის განვითარებული. რეგიონების მიხედვით, ლიდერია თბილისი, სადაც მთლიანი ინვესტიციების 63%-ია განხორციელებული.

ინვესტიციების აღრიცხვისას, აუცილებლად უნდა აღინიშნოს ის ფაქტი, რომ მსხვილი ქართული კომპანიების მნიშვნელოვანი ნაწილი ევროკავშირის ტერიტორიაზე ან მსოფლიო ქვეყნების ოფშორებშია რეგისტრირებული, შესაბამისად მათი ბრუნვის ნაწილი უცხოურ ინვესტიციებად აღიქმება. აქედან გამომდინარე, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების კლასიფიკაცია ენიჭება იმ ინვესტიციებს, რომლებიც რეალურად შიდა ინვესტიციებია და ამით გადაჭარბებული მოლოდინები არ უნდა შევქმნათ პირდაპირი უცხოური ინვესტიციებისგან.

ქვეყანაში როცა მსხვილი ფინანსური ინვესტორი შემოდის, მას ძირითადად მოლაპარაკებები უწევს სახელმწიფოსთან ან მთავრობის გავლით კერძო სექტორთან. რის გამოც ეჯახებიან ბიუროკრატიულ პროცედურებს, რაც აჭიანურებს პროცესებს და ქმნის კორუფციული გარიგებების რისკებს. ამიტომაც ინვესტიციებს უნდა იზიდავდეს კერძო სექტორი, სადაც ორი ბიზნეს სუბიექტი: ადგილობრივი მწარმოებელი და ინვესტორი ხვდებიან ერთმანეთს და მესამე ძალის, ანუ სახელმწიფოს ჩარევის გარეშე ახდენენ ბიზნეს გარიგებას, რაც ეკონომიკურად არის ეფექტიანი და ორივე მხარისთვის მომგებიანი. იმისათვის რომ რეალური შედეგები მივიღოთ და პირდაპირ კავშირში იყოს ეკონომიკურ განვითარებასთან, ინვესტიციები უნდა განხორციელდეს ეკონომიკის რეალურ სექტორში, რაც წარმოების განვითარებას გამოიწვევს. ამავე დროს უნდა განვითარდეს პორტფელური ინვესტიციები, რომელიც დღეს მინიმალურ დონეზეა საქართველოში, ამისათვის კი აუცილებელია კაპიტალის ბაზრის განვითარება.



4. უმუშევრობის დონე (შეფასება: 2019 წლის პირველ 3 კვარტალში 2018 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით უმუშევრობის დონე შემცირდა)

უმუშევრობის დონე ოფიციალური მონაცემებით მცირდება, თუმცა ჩვენი ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე რამდენად ადეკვატური მოვლენაა ეს უკვე განხილვის საკითხია. საქსტატის ოფიციალური მონაცემების მიხედვით, უმუშევრობის 11,1% თავისი ეკონომიკური შინაარსით უფრო მაღალი მაჩვენებელია, ვიდრე ეს ვიზუალურად ჩანს. მოცემული მაჩვენებელი მიიღება ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობიდან და არა მთლიანი მოსახლეობიდან. კონკრეტულად, 15 წლის ასაკის მოსახლეობაში, რომლებიც არიან უმუშევრები და ეძებენ სამუშაოს (და არა ის უმუშევრები რომლებიც არ ეძებენ) და დასაქმებულები, რომელთა დიდი ნაწილი დაბალ ანაზღაურებაზე, მძიმე შრომის პირობებში, არასრული სამუშაო გრაფიკით და სეზონურ სამუშაოზე მუშაობენ, ამ კატეგორიის ადამიანების 11,1% არის უმუშევარი რაც საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია. ამასთან თვითდასაქმებულთა კატეგორიაში ოჯახურ საწარმოში/მეურნეობაში უსასყიდლოდ მომუშავე ადამიანების წილი დაახლოებით 40%-მდეა. აქედან გამომდინარე, შრომის ბაზრის მეტი ანალიზისათვის საჭიროა ფარული უმუშევრობისა და არასრული დასაქმების კვლევა.
რაც შეეხება 2019 წლის III კვარტალში შემცირებული უმუშევრობის მთავარ მიზეზს, გახლავთ ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის რაოდენობის შემცირება, რამაც გამოიწვია არამხოლოდ უმუშევრობის შემცირება, არამედ შემცირდა დასაქმების დონეც. კლება დაფიქსირდა, დასაქმებულთა კატეგორიებშიც. აქედან გამომდინარე, უმუშევრობის დონის შემცირება არ უკავშირდება რაიმე პოზიტიურ ცვლილებას ქვეყნის ეკონომიკაში და მხოლოდ მათემატიკური გამოთვლის შედეგად მიღებული მაჩვენებელია. ზოგადად, კი უმუშევრობის დონის შეფასების რეალური სურათი ჩანს საშუალო წლიურ მაჩვენებელში, სადაც აღარ ვრცელდება სეზონური გავლენები.


5. საშუალო ნომინალური ხელფასი (შეფასება: 2019 წლის პირველ 3 კვარტალში 2018 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით საშუალო ნომინალური ხელფასი გაიზარდა)

რადგან მოსახლეობის მთლიან შემოსავლების, ხარჯებისა და სიღარიბის მაჩვენებლებზე მხოლოდ 2018 წლის სტატისტიკა გვაქვს, შემოსავლების კუთხით ვაფასებთ მხოლოდ ხელფასების სტატისტიკას 2019 წლის III კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 91.6 ლარით გაიზარდა და 1 217.1 ლარი შეადგინა. 2019 წლის სამი კვარტლის საშუალო ხელფასი კი 1 163,2 ლარი იყო, რაც 67,1 ლარით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.
სამი კვარტლის საშუალო მაჩვენებლით ყველაზე მაღალი ხელფასებია: საფინანსო საქმიანობაში (2 062,2 ლარი); პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობებში (1 878,5ლარი) და
ინფორმაცია და კომუნიკაციების მომსახურებაში (1839,0 ლარი). ყველაზე დაბალი ხელფასები კი სოფლის მეურნეობასა (683,2 ლარი) და განათლებაშია (628,4 ლარი).
წლების ტენდენციაა, რომ კაცების საშუალო ხელფასი უფრო მაღალია ვიდრე ქალბატონების საშუალო ხელფასი. ამ შედეგის მთავარი გამომწვევი მიზეზი არის ის, რომ ქალბატონები დასაქმებულები არიან ძირითადად დაბალ ანაზღაურებად დარგებში (მაგ; განათლების დარგში), ხოლო მაღალ ანაზღაურებად დარგებში ხელმძღვანელ პოზიციებზე ხშირ შემთხვევაში მამაკაცები გვხვდება, რაც განსაზღვრავს კიდეც მამაკაცებში ხელფასების შედარებით მაღალ დონეს ქალბატონებთან შედარებით. დადებით ტენდენციად უნდა ავღნიშნოთ ის ფაქტი, რომ წლების განმავლობაში მცირე ტემპით, მაგრამ მაინც ხდება მამაკაცებისა და ქალბატონების საშუალო ხელფასებს შორის სხვაობის შემცირება. მაგ; 2014 წლის III კვარტალში მამაკაცების საშუალო ხელფასი 1,63-ჯერ აღემატებოდა ქალბატონების საშუალო ხელფასს, ხოლო 2019 წლის III კვარტალში 1,6-ჯერ.
საშუალო ხელფასი კვარტლების მიხედვით, ხასიათდება სეზონური ცვალებადობით, თუ დინამიკას თვალს მივადევნებთ, IV კვარტალში საშუალო ხელფასი კიდევ უფრო გაიზრდება. მიუხედავად იმისა რომ ნომინალური ხელფასები იზრდება, ამის პარალელურად, იზრდება ფასების დონე და შესაბამისად მცირდება ვალუტის მყიდველუნარიანობა, ხოლო წლების განმავლობაში ცხოვრების დონის ზრდასთან ერთად (მაგ; ადრე მობილური ტელეფონი ფუფუნების საგნად ითვლებოდა, დღეს ის აუცილებელ საჭიროებას წარმოადგენს) იზრდება მოსახლეობის მოთხოვნილებები და შესაბამისად მათი დანახარჯებიც. აქედან გამომდინარე ხელფასის ზრდის დინამიკა ადეკვატურად უნდა მიჰყვებოდეს აღნიშნულ 2 კომპონენტს.

6. ინფლაციის დონე (შეფასება: 2019 წლის ნოემბერში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ინფლაციის დონე გაიზარდა)

2019 წლის ნოემბრის მონაცემებით ინფლაციის მაჩვენებელმა შეადგინა 7.0%, თუმცა ეს გახლავთ სამომხმარებლო კალათაში შემავალი 306 დასახელების პროდუქტების საშუალო ფასის ზრდა. რაც შეეხება სასაქონლო ჯგუფებისა და ინდივიდუალური პროდუქტების დონეზე, ანალიზისას აღმოვაჩენთ, რომ ძირითადი მოხმარების პროდუქტებზე და განსაკუთრებით ეს ეხება სასურსათო პროდუქტებს, რადიკალურად მაღალია ფასების ზრდა ვიდრე ეს ჩანს გასაშუალებულ ინფლაციის მაჩვენებელში. მაგალითად; 2019 წლის ნოემბერში 2018 წლის ნოემბერთან შედარებით ადგილობრივ და იმპორტირებულ ფილტრიან სიგარატებზე ფასები 30%-ზე მეტად გაიზარდა, შაქარი 21%-ით; კარტოფილი 18,7%-ით; ძროხის ხორცი 18,6%-ით; ხორბლის ფქვილი 16,6%-ით; ღორის ხორცი 13,4%-ით; ხორბლის პური 11,5%-ით და ა.შ.
ასევე, როცა ინფლაციის მაჩვენებლები ქვეყნდება, ეს გულისხმობს გაზრდილ ფასებს მოცემულ თვეს წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით, ხოლო მხედველობიდან არ უნდა გამოგვრჩეს ის ფაქტი, რომ დინამიკაში, ანუ წლების განმავლობაში ინფლაციის მაჩვენებელი იზრდება და ამით მცირდება ვალუტის მყიდველუნარიანობა. შესაბამისად რეალური ხელფასი ბევრად ნაკლებია ნომინალურ ხელფასზე.
განვიხილოთ როგორ იცვლება რეალური ხელფასი ბოლო 5 წლის განმავლობაში, მონაცემებად აღებულია ყოველი წლის მესამე კვარტლის ხელფასები და გადაყვანილია მესამე კვარტლის ბოლო თვის, 2015 წლის სექტემბრის მუდმივ ფასებში.



მაღალი ინფლაციის მთავარი გამომწვევი მიზეზებია: 1. არ გვაქვს განვითარებული ადგილობრივი წარმოება, ყოველი შემცირებული წარმოების, ან გაზრდილი მოთხოვნის პირობებში ვიღებთ ფასების მატებას მთელ რიგ პროდუქტებზე და 2. ვალუტის დევალვაცია. რადგან ადგილობრივი ბაზარი იმპორტზე დამოკიდებულია (იმპორტის წილი 70,6%-ია სავაჭრო ბრუნვაში), შესაბამისად ეროვნული ვალუტის ყოველი გაუფასურება აძვირებს იმპორტირებულ პროდუქციას.

7. ლარის კურსი (შეფასება: 2019 წელს ლარის კურსმა დოლართან მიმართებით გაუფასურების ყველაზე მაღალ ნიშნულს მიაღწია)

2019 წელს 1 დოლარი 2.6727 ლარი ღირდა, ყველაზე მაღალი ნიშნული 27 სექტემბერს დაფიქსირდა 2.9808. 31 დეკემბერის მონაცემებით კი 1 დოლარი 2.8677 ლარი ღირს.
მაღალი ინფლაცია და ლარის კურსის გაუფასურება მიმდინარე წლის აქტუალური ეკონომიკური მოვლენები იყო, მით უფრო, რომ მოსახლეობისთვის პირველი შემხვედრი პრობლემა, სწორედ გაძვირებული პროდუქტები და მომსახურებაა, რაც თავის მხრივ ეკონომიკის არასწორი განვითარების მიმართულებაზე მიანიშნებს. ინფლაციის მაჩვენებელი მიზნობრივ 3%-ს მკვეთრად ასცდა. ეროვნულმა ბანკმა ინფლაციის დონის შესამცირებლად რამდენიმე ღონისძიება გაატარა. პირველი იყო ინტერვენციით ინფლაციის მოთოკვის უშედეგო ცვლილება. ეროვნულმა ბანკმა ჯამში 3 ინტერვენცია განახორციელა, 1 აგვისტოს გაყიდა 32,8 მლნ აშშ დოლარი, 27 სექტემბერს 40 მლნ აშშ დოლარი, ხოლო 26 ნოემბერს 20 მლნ აშშ დოლარი. მომდევნო ნაბიჯი რეფინანსირების განაკვეთის ზრდა იყო, რომლის ასეთი მაღალი მაჩვენებელი 2008 წლის შემდეგ (2008 წელს აღნიშნული განაკვეთი 8%-დან 12 %-მდე მერყეობდა) არ გვქონია. რეალურად კი შედეგებს რასაც მთავრობა და ეროვნული ბანკი ერთობლივად თუ ცალ-ცალკე ებრძვიან მათი არასწორი ეკონომიკური და მონეტარული პოლიტიკის შედეგებია.
ა) ლარიზაციის პირობებში ფიზიკური და იურიდიული პირები ვალდებულნი არიან მხოლოდ ლარი გამოიყენონ და მიუხედავად იმისა, რომ ეროვნული ვალუტა მომხმარებელთა ნდობას და მიმზიდველობას კარგავს, მთავრობისა თუ ეროვნული ბანკის არასწორი ფისკალური და მონეტარული პოლიტიკის გატარება, ლარზე მომხმარებელთა დამოკიდებულებას ვერ შეამცირებს, ამიტომაც ვალუტის მონოპოლიურ რეჟიმში მთავრობა და ეროვნული ბანკი თავისუფლად ატარებენ იმ პოლიტიკას, რაც თავად აწყობთ და რითაც საბოლოოდ ზარალდება მოსახლეობა და ბიზნესი.
ბ) ეროვნული ბანკი უფრო მეტ ფულს ბეჭდავს ვიდრე ეს ეკონომიკას სჭირდება, ხოლო კომერციული ბანკების გავლით უბრუნდება ფინანსთა სამინისტროს და ხმარდება სახელმწიფო ვალდებულებების გასტუმრებას. როცა ფინანსთა სამინისტროსგან, კომერციული ბანკები ყიდულობენ სახაზინო ობლიგაციებს, მათ ავტომატურად უჩნდებად ლარზე მოთხოვნა და რასაც შემდგომში რეფინანსირების განაკვეთის გათვალისწინებით იღებენ ეროვნული ბანკისგან.
გ) მას შემდეგ, რაც ჭარბი ლარის მასა იწვევს ინფლაციას და დევალვაციას (დევალვაციას ქვეყნის გარედან უცხოური ვალუტის შემოდინებების შემცირებაც უწყობს ხელს) და ქვეყანაში ფასების დონე იწევს, ეროვნული ბანკი მიმართავს შემდეგ ღონისძიებებს, ყიდის დოლარში არსებულ რეზერვებს, რომ დააბალანსოს კურსი, მაგრამ რადგან რეზერვები ამოწურვადია და ამ მხრივ შეზღუდულია ეროვნული ბანკი, ის იწყებს რეფინანსირების განაკვეთის ზრდას, რომ ბრუნვიდან ამოიღოს ლარის მასა.
დ) რეფინანსირების განაკვეთის ზრდა კი ნიშნავს, ერ. ბანკმა გაუძვიროს სესხი კომერციულ ბანკებს, შესაბამისად კომერციულმა ბანკებმა გააძვირონ რეფინანსირებაზე მიბმული სესხები, რაც შემდგომ აისახება მოსახლეობაზე. შედეგად კი ,,არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოება და ბანკები“-ს მიხედვით, ბოლო ერთი წლის განმავლობაში რეფინანსირებაზე მიბმული სესხების მოცულობა 2.6 მილიარდი ლარით, 5.9 მილიარდ ლარამდე გაიზარდა, სესხების საერთო რაოდენობა კი 111,400-ია’’. მოკლედ, ასე გამოდის, რომ ეროვნული ბანკი სახელმწიფო ვალდებულებების გასასტუმრებლად ბეჭდავს ზედმეტ ფულს, ხოლო ზედმეტი ფულისგან წარმოქმნილ ნეგატიურ ეკონომიკურ მოვლენებს აბალანსებს მოსახლეობის ჯიბიდან.
ბოლო პერიოდში კი ლარის დოლართან მიმართებით გამყარების მთავარი გამომწვევი მიზეზები იყო: ეროვნული ბანკის მიერ რეფინანსირების განაკვეთის ზრდა, ტრადიციულად წლის ბოლოს მოსახლეობაში ლარზე მოთხოვნის ზრდა, მწარმოებელთა მიერ ამ პერიოდში დოლარზე ნაკლები მოთხოვნა, რადგან საწარმოო მარაგები თითქმის შევსებული აქვთ, წლის ბოლოს უცხოეთიდან ფულადი გზავნილების მატება, ინვესტიციების, ექსპორტისა და ტურიზმიდან მიღებული უცხოური ვალუტის ზრდა.





8. ტურიზმის სტატისტიკა (შეფასება: გაიზარდა როგორც ვიზიტორების რიცხვი, ისე ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები)

2019 წლის 27 დეკემბრის მონაცემებით ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, საქართველოში ისტორიული მაჩვენებელი, რეკორდული რიცხვი 9 300 000 მილიონი საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი დაფიქსირდა. რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 7,1%-ით მეტია. 2019 წლის იანვარი-ნოემბერში საქართველომ საერთაშორისო მოგზაურობიდან 3,1 მლრდ დოლარზე მეტის შემოსავალი მიიღო. ლიდერი ქვეყნები საიდანაც ყველაზე მეტი ტურისტი შემოვიდა არიან:აზერბაიჯანი; რუსეთი; სომხეთი; თურქეთი და უკრაინა. საჰაერო ვიზიტების შემცირების (-11,0%) მიუხედავად, რაც ძირითადად რუსეთის ,,ტურისტული ემბარგოს’’ შედეგია, ზრდა გვაქვს სახმელეთო (+19,2%), სარკინიგზო (+20,6%) და საზღვაო (+16,5%) ვიზიტების მიხედვით.
,,ტურისტული ემბარგო’’ რამაც ზაფხულის პერიოდში დააზარალა ტურიზმის დარგი და განსაკუთრებით საოჯახო ტიპის სასტუმროები, რომელთა ბიზნეს გათვლა ძირითადად სწორედ რუს ტურისტებზე იყო, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის კობა გვენეტაძის განცხადებით ავიასანქციების გამო საქართველომ 300 მილიონით დოლარით ნაკლები ტურისტული შემოსავალი მიიღო.
მიუხედავად ზაფხულში ტურიზმის ეკონომიკის ჩავარდნისა, ვხედავთ რომ 2019 წელს ტურიზმის შემოსავლები ზრდას განაგრძობს და სარეკორდო მაჩვენებელს აღწევს.

9. ფულადი გზავნილების სტატისტიკა

საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2019 წლის იანვარ-ნოემბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების მოცულობამ 1.56 მლრდ აშშ დოლარი შეადგინამრაც 9.3%-ით მეტია 2018 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე. ამ პერიოდში გზავნილების მხრივ ძირითადი ქვეყნებია: რუსეთი (24,7% მთლიან გზავნილებში); თურქეთი (22,5%); იტალია (13,8%); საბერძნეთი (11,1%); აშშ (10,4%); ისრაელი (9,5%).
წლებია ფულად გზავნილებში მთავარი წილი რუსეთს უჭირავს, რაც არც ივლისის მოვლენების შემდეგ შემცირებულა. აღნიშნული ნათლად მიუთითებს საქართველოს მოქალაქეების მაღალ მიგრაციაზე რუსეთში. საქართველოდან რუსეთში სამუშაო ძალის მაღალ მიგრაციას და საქართველოს რუსეთზე დამოკიდებულებას საგარეო ვაჭრობის კუთხით რუსეთის მთავრობა ყოველთვის პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებს და საფრთხეს უქმნის საქართველოს.