14.აგვისტო .2019 11:23

2019 წლის მე-2 კვარტალში საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტები 13,4%-ით გაიზარდა

views 245
უკან

საქსტატის მონაცემებით, 2019 წლის II კვარტალში საქართველოს ტერიტორიაზე საერთაშორისო არარეზიდენტი მოგზაურების 2.2 მილიონი შემოსვლა დაფიქსირდა, რაც 13.4%-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით.

შემოსვლების უდიდესი ნაწილი, 45% განხორციელდა 31-50 წლის მოგზაურების მიერ. აღნიშნული რაოდენობიდან საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობამ 1.9 მილიონი შეადგინა, რაც 2018 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 13%-ით არის გაზრდილი.

2019 წლის II კვარტალში საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობამ 1.5 მილიონს მიაღწია, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 13%-ით არის გაზრდილი. საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელდა 1.2 მილიონი ტურისტული ტიპის ვიზიტი, რაც 13.8%-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

საერთაშორისო ვიზიტორების 66.2% მხოლოდ ტურისტები იყვნენ. მხოლოდ ექსკურსანტების წილმა 27.9% შეადგინა, ხოლო ვიზიტორების 5.9% იყო როგორც ტურისტი, ასევე - ექსკურსანტი.

2019 წლის II კვარტალში ვიზიტორების ყველაზე დიდი რაოდენობა, 378.2 ათასი ვიზიტორი, დაფიქსირდა რუსეთის ფედერაციიდან, რაც მთლიანი ვიზიტორების 24.9%-ს შეადგენს და წარმოადგენს 36.8%-იან ზრდას 2018 წლის შესაბამის მაჩვენებელთან შედარებით. ვიზიტების ყველაზე დიდი წილი (23.1%) რუსეთის ფედერაციის მოქალაქეების მიერ განხორციელდა, რაც 37.5%-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე. ვიზიტორების უმრავლესობა, 46.2%, მიეკუთვნებოდა 31-50 წლამდე ასაკობრივ კატეგორიას. ქალების რაოდენობა მთლიანი ვიზიტორების 40%-ს შეადგენდა.

2019 წლის II კვარტალში ყველაზე მეტი ვიზიტი, 46.6%, განხორციელდა დასვენების, გართობისა და რეკრეაციის მიზნით. ვიზიტების უმრავლესობა განხორციელდა თბილისსა და აჭარაში, შესაბამისად, 1 069.3 ათასი და 516.7 ათასი ვიზიტი.

ამასთან, საქსტატის მიხედვით, 2019 წლის II კვარტალში განხორციელებული ვიზიტებისას გათეული ღამეების საშუალო რაოდენობამ 3.9 ღამე შეადგინა, რაც 2018 წლის II კვარტალში დაფიქსირებულ მაჩვენებელზე (3.6 ღამე) 9.1%-ით მეტია.

განხორციელებული ვიზიტების 70% წარმოადგენდა განმეორებითი ხასიათის ვიზიტს. 2019 წლის II კვარტალში განხორციელებული ვიზიტებისას გაწეული ხარჯები 2.4 მილიარდ ლარს გაუტოლდა, რაც 24.6%-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე. ვიზიტზე საშუალო ხარჯი 2018 წლის II კვარტალთან შედარებით 10.3%-ით გაიზარდა და 1 261.6 ლარი შეადგინა. 

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა