მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2019 წლის ოქტომბრიდან დღემდე დასრულდა 5 ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა – მთავრობა

5ed53a6db8efa
თამთა ჯიჯავაძე
01.06.20 21:25
1077
ადგილობრივი ენერგორესურსების რაციონალური ათვისების გზით, იმპორტზე დამოკიდებულების შემცირების მიზნით, 2019 წლის ოქტომბრიდან დღემდე დასრულდა 5 ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა, – ამის შესახებ ნათქვამია 2019-2020 წლების სამთავრობო პროგრამის შესრულების ანგარიშში, რომელიც პარლამენტს წარედგინა.

დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ 2019 წლის ბოლოს დასრულდა 230 მგვტ. სიმძლავრის თბოელექტროსადგურის „გარდაბნის თბოსადგური 2-ის“ მშენებლობა და სადგური ჩაერთო ელექტროენერგიის მიწოდების ქსელში. ამჟამად მშენებლობის ეტაპზეა 22 პროექტი, რომლის სავარაუდო დადგმული სიმძლავრეა 327 მგვტ. ხოლო სავარაუდო საინვესტიციო ღირებულება 543.5 მლნ. აშშ დოლარი. გარდა ამისა, მშენებლობა-ლიცენზირების და კვლევის ეტაპზეა ჯამში დაახლოებით 100 ჰიდრო, 18 ქარისა და 5 მზის ელექტროსადგურის პროექტი.

„მიღებულ იქნა „განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების წახალისების შესახებ“ საქართველოს კანონი, რომლის საფუძველზეც დამტკიცდა:

–განახლებადი ენერგიის ეროვნული სამოქმედო გეგმისთვის ჰარმონიზებული ნიმუშის მინიმალური მოთხოვნების შემუშავების წესი;
–თბური ტუმბოებიდან მიღებული ენერგიის აღრიცხვის წესი;
–ჰიდროენერგიისა და ქარის ენერგიისგან გამომუშავებული ელექტროენერგიის აღრიცხვის ნორმალიზაციის წესი.

აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა შემდეგ მნიშვნელოვან დოკუმენტებზე:
–განახლებადი წყაროებიდან მიღებული ენერგიის გამოთვლის მეთოდოლოგია;
–განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების მხარდაჭერის სქემები;
–განახლებადი ენერგიის ეროვნული სამოქმედო გეგმა“, – წერია ანგარიშში.

გარდა ამისა, 2020 წლის მაისში მიიღეს „ენერგოეფექტურობის შესახებ“ და „შენობების ენერგოეფექტურობის შესახებ“ საქართველოს კანონები.