19.იანვარი .2021 13:27

2020: რეგიონის ინფლაცია

2020: რეგიონის ინფლაცია
views 981
უკან

გლობალურ ეკონომიკაში პანდემიის გამო შეზღუდვების დაწესებისა და ნავთობის ფასების მყისიერი ვარდნის პარალელურად პირველადი მოხმარების ფასები დაეცა. გასულ წელს ფასების დონის მასშტაბური შემცირება აპრილში დაფიქსირდა, როცა ფართო მოხმარების საქონლის ფასების ინდექსი, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 32.0%-ით შემცირდა. ინდექსის ვარდნაში განსაკუთრებული როლი ნავთობპროდუქტების ფასების დონემ იქონია. კერძოდ, აღნიშნულ პერიოდში ნავთობპროდუქტების ფასების დონე 68.6%-ით შემცირდა, რასაც მოხმარებაში 28.6%-იანი წილი უჭირავს. 2020 წლის აპრილში, წინა წლის ანალოგიურ თვესთან შედარებით, საკვებზე ფასები კი - 7.6%-ით დაეცა, რომლის წილი მთლიან ინდექსში 27.8%-ია. ფართო მოხმარების საქონელზე ფასების ვარდნა ეკონომიკურ რეცესიების დამახასიათებელი მოვლენაა. მაგალითად, 2008-09 წლების ფინანსური კრიზისის დროს ფართო მოხმარების საქონლის ფასები საშუალოდ 30.3%-ით მცირდებოდა, რაც 2009 წლის მარტ-ივლისში 40.0%-ს აღემატებოდა. თუმცა, გლობალურად ფასების ვარდნა არამხოლოდ ეკონომიკის შემცირებას, არამედ ნავთობის კრიზისებსაც ახასიათებს, რადგან პირველადი მოხმარების საქონლის კალათაში ნავთობპროდუქტების წილი მაღალია. უახლოესი წარსულიდან კი 2014-2016 წლებში ნავთობის ფასების ვარდნის დროს ფართო მოხმარების საქონლის ფასების საშუალოდ 23.5%-იანი კლება შეგვიძლია გავიხსენოთ.
 
ფიგურა 1: გლობალურად ფართო მოხმარების საქონლის ფასების დონის ცვლილება; წლიური (%)
წყარო: საერთაშორისო სავალუტო ფონდი

თუმცა, გლობალურად ფასების კლების ტენდენცია შედარებით ნაკლებად აისახა ევროპისა და ცენტრალური აზიის მაღალი შემოსავლის არმქონე რეგიონის ეკონომიკების ფასების დინამიკაზე. წლის პირველ ნახევარში რეგიონის ქვეყნებიდან სამომხმარებლო ფასების დონე სომხეთი, ბოსნია და ჰერცოგოვინა, ხორვატია და მონტენეგროში შემცირდა, ხოლო ბულგარეთი, რუმინეთი, მოლდოვა, პოლონეთი და სერბეთის შემთხვევაში კი სამომხმარებლო ფასები წინა პერიოდთან შედარებით უფრო დაბალი ტემპით იზრდებოდა. რეგიონის დანარჩენ ქვეყნებში კი, სამომხმარებლო ფასების დონის ზრდის ტემპი უცვლელი ან უფრო მაღალ ნიშნულს იკავებდა. ფასების მკაფიო ზრდის ტენდენცია ჩრდილოეთ მაკედონიაში იყო, მიუხედავად იმისა, რომ ინფლაციის საშუალო წლიური ნიშნული 1.2%-ია. სამომხმარებლო ფასების დონის წლიურმა ზრდამ წლის ბოლოსკენ უფრო მაღალს მიაღწია. ჩრდილოეთ მაკედონიაში დეკემბერში ინფლაციამ 2.3% შეადგინა. ეს კი ბევრად ნაკლებია, ვიდრე სამომხმარებლო ფასების წლიური ზრდის მაჩვენებელი ცენტრალური აზიის, თურქეთის, ბელარუსის და საქართველოს შემთხვევაში. აღნიშნული ეკონომიკებისთვის სამომხმარებლო ფასების დონის ზრდის მაღალი ტემპი არამხოლოდ კრიზისული წლის, არამედ უფრო ადრინდელი მოვლენაა. განსაკუთრებით, თურქეთი, თურქმენეთი და უზბეკეთის შემთხვევაში, სადაც ბოლო წლებში ინფლაციის მაჩვენებელი ორნიშნა რიცხვია.

ფიგურა 2: სამომხმარებლო ფასების ინდექსის ცვლილება; 2020 წლის საშუალო წლიური (%)
წყარო: სტატისტიკის ეროვნული სამსახურები; ავტორის გამოთვლები

რეგიონიდან ყველაზე მაღალი ინფლაციით უზბეკეთი გამოირჩევა, სადაც 2020 წელს ფასების დონის საშუალო წლიურმა ზრდამ 13.0% შეადგინა. უზბეკეთში ინფლაციის ტემპი წლის პირველ ნახევარში 14.0%-იან ნიშნულს გასცდა, რაც წლის ბოლოსკენ საშუალოდ 3.0 პ.პ.-ით შემცირდა. მიუხედავად მაღალი ინფლაციისა, გასული წლის სექტემბრიდან უზბეკეთის ცენტრალურმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკა 1.0 პ.პ.-ით შეარბილა. ამდენად, ამ პერიოდისთვის მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 14.0%-იან ნიშნულზეა. განსხვავებით უზბეკეთისა, თურქეთის ცენტრალურმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკა რადიკალურად შეცვალა. თურქეთის ცენტრალური ბანკის ახალი ხელმძღვანელის პირობებში მონეტარულმა კომიტეტმა პოლიტიკის განაკვეთის 17.0%-მდე ზრდის გადაწყვეტილება მიიღო, რაც 2019 წლის ბოლოდან მცირდებოდა და გასული წლის მაის-აგვისტოში 8.25%-იან ნიშნულზე იყო. შემცირებული ეკონომიკური აქტივობის მიუხედავად, პოლიტიკის გამკაცრების მიზეზი ინფლაციის მაჩვენებელია, რაც 2020 წელს საშუალოდ 12.3% იყო, ხოლო წლის ბოლოს 14.6%-ს მიაღწია. აღსანიშნავია, რომ წლის ბოლოსკენ თურქეთის ეკონომიკაში ფასების დონის ზრდაში ე.წ. იმპორტირებული ინფლაციის წვლილი გაიზარდა, რაც მთლიან ინფლაციაში 4.0 პ.პ.-ს აჭარბებდა. მიზეზი კი, ლირის ეფექტური გაცვლითი კურსის გაუფასურებაა. რეალური ეფექტური გაცვლითი კურსის ცვლილება მნიშვნელოვან როლს თამაშობს საქართველოს სამომხმარებლო ფასების დონზე, რადგან სამომხმარებლო კალათაში იმპორტირებული საქონელი არსებითადაა წარმოდგენილი. 2020 წლის ნოემბრის მდგომარეობით, ლარის რეალური ეფექტური გაცვლითი კურსის ინდექსი, წინა წლის დეკემბერთან შედარებით, 4.6%-ით გაუფასურდა. წლის მანძილზე წლიური ინფლაციის საშუალო მაჩვენებელმა 5.2% -ია, ხოლო ფასების ზრდის ტემპი მაისიდან მცირდება. დეკემბერში წლიურმა ინფლაციამ 2.4% შეადგინა, რამაც სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიმართ კითხვები გააჩნია. საქსტატის განმარტებით, დეკემბერში ინფლაციის მაჩვენებლის შემცირებაზე გავლენა მოსახლეობისთვის კომუნალური სერვისი სუბსიდირებამ იქონია, რადგან სამომხმარებლო ფასების დონის დათვლისას მხოლოდ ფაქტობრივად გადახდილ თანხას იყენებენ. გასულ წელს კი საქართველოს ეროვნულმა ბანკმა პოლიტიკის განაკვეთი სამჯერ, ჯამში 1.0 პ.პ.-ით შეამცირა. საქართველოს მსგავსად მეზობელი ქვეყნების [გარდა თურქეთი] ცენტრალურმა ბანკებმაც რამდენჯერმე შეარბილეს მონეტარული პოლიტიკა, მაგრამ საქართველოსგან განსხვავებით მათ ეკონომიკებში სამომხმარებლო ფასების დონის ზრდის ტემპი გაცილებით დაბალია. კერძოდ, რუსეთის შემთხვევაში საშუალო წლიური ინფლაცია 3.4%-ია, რაც წლის მეორე ნახევრიდან გაიზარდა და დეკემბერში ფასების დონის ზრდამ 4.9%-ს მიაღწია. სომხეთი და აზერბაიჯანი კი კავკასიაში დაბალი ინფლაციით გამოირჩევა. 2020 წლის მანძილზე საშუალო წლიური ინფლაცია 1.2% და 2.9% -ია, თუმცა, სომხეთის შემთხვევაში წლიური ინფლაცია 2020 წლის ბოლო თვეს 3.7%-ს მიუახლოვდა.

როგორც ჩანს, კრიზისის პერიოდში გლობალურად ფართო მოხმარების საქონელზე ფასების კლება ნაკლებად აისახა რეგიონის ეკონომიკებზე. 2020 წელს სამომხმარებლო ფასების დონე ბოსნია და ჰერცოგოვინა, მონტენეგრო და ხორვატიაში მცირდებოდა, ხოლო დანარჩენ ქვეყნებში კი იზრდებოდა, მაგრამ რიგ შემთხვევაში ზრდის ტემპი ადრეულ პერიოდთან შედარებით დაბალი იყო. მიუხედავად ამისა, რეგიონის უმეტეს ეკონომიკებს კვლავ მაღალი ინფლაცია აწუხებს. სწორედ ამ ფონზე რეგიონის ცენტრალურმა ბანკებმა ეკონომიკურ კრიზისზე საპასუხოდ მონეტარული პოლიტიკა შეამსუბუქეს. შემსუბუქებული პოლიტიკა კი ახლო მომავალში სამომხმარებლო ფასებზე ზეწოლას იქონიებს, სადაც ფასების დონის ზრდის უფრო მაღალი ტემპებია მოსალოდნელი. გამონაკლისის სახით შეგვიძლია თურქეთზე ვისაუბროთ, სადაც პოლიტიკა, პირიქით, გამკაცრდა, რადგან წლის ბოლოს ინფლაციამ 14.0%-ს გადააჭარბა. დანარჩენ ქვეყნებში კი, მიმდინარე წელი, წინა პერიოდთან შედარებით, ექსპანსიური მონეტარული პოლიტიკით დაიწყო.

<ბლოგის ავტორის მოსაზრება, შესაძლოა, არ ემთხვეოდეს bm.ge-ის რედაქციის პოზიციას>

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა