მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2020-ში სატელევიზიო რეკლამის ბაზარი უფრო მცირე იყო, ვიდრე - 2014-2018 წლებში

6048c467c4283
შოთა ტყეშელაშვილი
10.03.21 17:23
2921
2020 წლის განმავლობაში საქართველოში მოქმედმა ტელევიზიებმა სარეკლამო სახით 75.2 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღეს. 2019 წელთან შედარებით სარეკლამო შემოსავლების 11%-იანი მატების მიუხედავად, ბაზრის უფრო მრავალწლიან ჭრილში შეფასებით ჩანს, რომ 2020 წელს სატელევიზიო სარეკლამო ბაზრის მოცულობა იყო უფრო მცირე, ვიდრე - 2014, 2015, 2016, 2017 და 2018 წლებში.

კომუნიკაციების კომისიის შეფასებით, სატელევიზიო რეკლამის ბაზრის მოცულობა მაქსიმალური 2017 წელს იყო და 89 მილიონ ლარს შეადგენდა. სულ 2014-2018 წლებში სატელევიზიო სარეკლამო ბაზრის საშუალო მოცულობა 83.8 მილიონი ლარი იყო.

თუკი სატელევიზიო რეკლამის ბაზარს აშშ დოლარებში დავითვლით, დავინახავთ, რომ მას პიკური მოცულობა 2014 წელს ჰქონდა და $44.9 მილიონი დოლარი იყო. ლარის გაუფასურების შედეგად, 2020 წელს ეს მაჩვენებელი 49%-ით არის შემცირებული და $22.9 მილიონ დოლარს შეადგენდა. აშშ დოლარებში ამ ბაზრის შეფასება შესაძლებელია იმიტომ, რომ არაერთი საერთაშორისო დამკვეთი მას სწორედ უცხოურ ვალუტაში განიხილავს. აშშ დოლარებში დათვლილი ბაზრის მოცულობა 2019 წელთან შედარებითაც შემცირებულია და კლება $367 ათას დოლარს შეადგენს.

კომუნიკაციების კომისიის ანგარიშიდან ირკვევა, რომ 2020 წელს 2019 წელთან შედარებით სარეკლამო ბაზრის ზრდის მთავარი განმაპირობებელი ფაქტორი ფასიანი პოლიტიკური რეკლამები იყო. 2020 წელს არხებმა, მთლიანობაში, 13.9 მილიონი ლარის ფასიანი პოლიტიკური რეკლამები გაუშვეს. რაც შეეხება უშუალოდ კომერციულ რეკლამას, 2020 წელს მისი მოცულობა 9%-ით შემცირდა.

კომერციული სარეკლამო შემოსავლების ჯამური კლების მიზეზი ძირითადად ტელეკომპანია „რუსთავი 2“-სა და საზოგადოებრივ მაუწყებელში რეკლამების შემცირებას უკავშირდება. „რუსთავი 2“-ს 2020 წელს წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 9.3-მილიონიანი კლება, საზოგადოებრივ მაუწყებელს კი 0.34-მილიონიანი კლება ჰქონდა.



მაუწყებლების მთლიანი სარეკლამო და უშუალოდ პოლიტიკური რეკლამების შემოსავლები ასე ნაწილდება

1. "იმედი" - სარეკლამო შემოსავალი 29 მლნ ლარი, მათ შორის პოლიტ რეკლამა 3.3 მლნ;
2. "რუსთავი 2" - სარეკლამო შემოსავალი 12.8 მლნ ლარი, მათ შორის პოლიტ რეკლამა 2.1 მლნ;
3. "მთავარი არხი" - სარეკლამო შემოსავალი 11.1 მლნ ლარი, მათ შორის პოლიტ რეკლამა 4,3 მლნ;
4. "ტელეკომპანია პირველი" - სარეკლამო შემოსავალი 6,2 მლნ ლარი, მათ შორის პოლიტ რეკლამა 1.9 მლნ;
5. "GDS" - სარეკლამო შემოსავალი 2.8 მლნ ლარი, მათ შორის პოლიტ რეკლამა 0.5 მლნ;
6. "ფორმულა" - სარეკლამო შემოსავალი 2.3 მლნ ლარი, მათ შორის პოლიტ რეკლამა 0.4 მლნ;
7. "პოსტვ" - სარეკლამო შემოსავალი 1.6 მლნ ლარი, მათ შორის 0.3 მლნ პოლიტიკური რეკლამა;
8. "საზ. მაუწყებელი" - სარეკლამო შემოსავალი 1.1 მლნ ლარი, ფასიანი პოლიტიკური რეკლამა 0 ლარი;
9. "სილქნეტი" - სარეკლამო შემოსავალი 1.4 მლნ ლარი, ფასიანი პოლიტიკური რეკლამა 0 ლარი;
10. "სეტანტა ჯორჯია" - სარეკლამო შემოსავალი 0,76 მლნ ლარი, ფასიანი პოლიტიკური რეკლამა 0 ლარი.

2020-ში ახალმა მაუწყებლებმა სატელევიზიო რეკლამის ბაზრის გადანაწილება შეცვალეს:

“სატელევიზიო სარეკლამო ბაზარზე 2020 წელს წლების განმავლობაში არსებული სურათი შეიცვალა, კერძოდ, ბოლო წლებში სატელევიზიო სარეკლამო შემოსავლების 70%-ზე მეტს ორი მაუწყებელი - ტელეკომპანია „იმედი“ და „რუსთავი 2“ იკავებდა. 2017 წელს „იმედს“ სარეკლამო ბაზრის 35% ეკავა, „ რუსთავი 2“-ს - 41%; 2018 წელს „იმედს“ ბაზრის 34% ჰქონდა, „რუსთავი 2“-ს - 41%; 2019 წელს "იმედს" 40% ეკავა, „რუსთავი 2“-ს - 33%. 2020 წელს აღნიშნული სურათი შეიცვალა და სარეკლამო ბაზრის 79%-ს უკვე 4 მაუწყებელი ტელეკომპანია - „იმედი“ , „რუსთავი 2“, „მთავარი არხი“ და „ტელეკომპანია პირველი“ იკავებს.

უფრო ზუსტად, 2020 წელს სარეკლამო შემოსავლები ასე გადანაწილდა: 39% - ტელეკომპანია „იმედი“, 17% - „რუსთავი 2“, 15% - „მთავარი არხი“, 8% - „ტელეკომპანია პირველი“ და 4%- GDS-ი; ტელეკომპანია „ფორმულა“ - 3%, „პოსტვ“- 2%, სარეკლამო შემოსავლების 12% სხვა მაუწყებლებზე გადანაწილდა,” - ნათქვამია კომუნიკაციების კომისიის ანგარიშში.

რაც შეეხება რადიო მაუწყებლებს, 2020 წელს რადიო მაუწყებლების სარეკლამო შემოსავლებმა 6,8 მილიონი ლარი შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 23%-ით ნაკლებია. რადიომაუწყებლების სარეკლამო შემოსავლების კლება დიდწილად პანდემიას უკავშირდება.