მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2020 წელს აშშ საქართველოს $132 მილიონის დახმარებას გამოუყოფს - ტრამპმა კანონს ხელი მოაწერა

5e01da57b1280
შოთა ტყეშელაშვილი
24.12.19 13:29
5941
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპა ხელი მოაწერა კონგრესის მიერ დამტკიცებულ ასიგნებათა კონსოლიდირებულ აქტს 2020 ფისკალური წლისთვის. აღნიშნული დოკუმენტი სხვა საკითხებთან ერთად განსაზღვრავს აშშ-ის პრიორიტეტებს პარტნიორი ქვეყნების მხარდაჭერისა და დახმარების კუთხით.

ამასთანავე, დოკუმენტში ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკისა და საქართველოსთვის ფინანსური მხარდაჭერის გამოყოფის შესახებ არის საუბარი. მისი მიხედვით, 2020 წელს აშშ-ის ფინანსური დახმარება საქართველოსთვის $132,025,000 დოლარის გამოყოფას ითვალისწინებს. 

საქართველოსთან ერთად, საბიუჯეტო კანონი უკრაინისთვის $448,000,000-ის გამოყოფას ითვალისწინებს. 

აქტის თანახმად, ხსენებული კანონით გამოყოფილი დაფინანსებით ვერ ისარგებლებს ვერცერთი ქვეყნის ცენტრალური მთავრობა, თუ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი დაადგენს და ასიგნებების კომიტეტს წარუდგენს ანგარიშს იმის თაობაზე, რომ აღნიშნულმა ქვეყანამ აღიარა რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა, ან მათთან დაამყარა დიპლომატიური ურთიერთობები. აგრეთვე ხსენებული კანონით გამოყოფილი რაიმე დაფინანსება არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის ოკუპაციის მხარდასაჭერად.

ასიგნებათა კონსოლიდირებული აქტი მოუწოდებს აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტს შესაბამისი ინსტრუქცია მისცეს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების აშშ-ის აღმასრულებელ დირექტორებს, რათა მათ მხარი არ დაუჭირონ ნებისმიერი იმ პროგრამის დაფინანსებას (სესხის, კრედიტისა და გარანტიის ჩათვლით), რომელიც არღვევს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.