მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2020 წელს ავეჯის წარმოების ბრუნვა, დაახლოებით, 200 მლნ ლარი იყო - PMCG

607d657a1dc4d
ინგა მურუსიძე
19.04.21 15:51
722

"მსუბუქი მრეწველობის სექტორის განვითარების გამოწვევები და პერსპექტივები საქართველოში: ავეჯის და შესაფუთი მასალების წარმოება" - ასე ჰქვია პოლიტიკის დოკუმენტის პირველად ვერსიას, რომელიც USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის ფარგლებში PMCG-მ მოამზადა. დოკუმენტი დღეს საჯარო და კერძო სექტორის წარმომადგენლებმა განიხილეს.

როგორც ირკვევა, მოკვლევის ფარგლებში კონსულტაციები კერძო სექტორის 11 წარმომადგენელთან, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საჯარო სექტორის წარმომადგენლებს შორის გაიმართა.

კვლევაში ორი მთავარი გამოწვევა გამოიკვეთა: კვალიფიციური კადრების სიმცირე და დაბალი ხელმისაწვდომობა ფინანსებზე.

PMCG-ის კვლევის თანახმად, ავეჯის წარმოების ბრუნვა 2020 წელს, დაახლოებით, 200 მლნ ლარს შეადგენდა, რაც მთლიანად დამამუშავებელი მრეწველობის 2%-მდეა. გარდა ამისა, ავეჯის სექტორში 2020 წლის მეოთხე კვარტალში 3000-მდე ადამიანი იყო დასაქმებული, ხოლო საშუალო ხელფასი 900 ლარს შეადგენდა.

რაც შეეხება შესაფუთ მასალებს, პლასტმასის შესაფუთი მასალების წარმოების ბრუნვა 2020 წელს 177 მლნ ლარი იყო, დაქირავებულთა რაოდენობა - 997, ხოლო საშუალო ხელფასი - 1400 ლარამდე.

კვლევის შედეგებიდან გამომდინარე PMCG რამდენიმე აუცილებლად შესასრულებელ რეკომენდაციას ასახელებს, მათ შორისაა:

კერძო სექტორის მხარდამჭერი ღონისძიებების ეფექტიანობის გაზრდა;

სექტორული ორგანიზაციების გაძლიერება;

„აწარმოე საქართველოს“ მიერ შემუშავებული ექსპორტის მენეჯმენტის საფუძვლების სასწავლო კურსის მაგალითზე დამატებით ონლაინ კურსების განვითარება და მათი ხელმისაწვდომობა საზოგადოებისთვის;

სახელმწიფო პროგრამებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა.

კვლევის ერთ-ერთი ავტორის ეკონომისტ გიორგი პაპავას შეფასებით, როგორც ფინანსური ხელმისაწვდომობის, ისე კადრების კვალიფიკაციის მიმართულებით ხელისუფლებამ გარკვეული ნაბიჯები უკვე გადადგა. "მათ შორისა „აწარმოე საქართველოს“ გაფართოებული მოცვა, საკრედიტო გარანტიების შეთავაზება და ა.შ. რაც გარკვეულწილად პასუხობს იმ გამოწვევებს, რაც  სექტორს აქვს", - აღნიშნა მან.