მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2020 წელს ბანკებში რესტრუქტურიზებული სესხების წილი გაოთხმაგდა და 20% გახდა

609e6c7bd6ad9
შოთა ტყეშელაშვილი
14.05.21 18:00
969
2020 წლის ეკონომიკური კრიზისის, ლოქდაუნების და ლარის გაუფასურების ფონზე, საქართველოს საბანკო სისტემაში უმოქმედო სესხების წილი გაორმაგდა და 8.4%-მდე გაიზარდა. ამასთან, ბანკებმა არსებული სასესხო პორტფელის კიდევ უფრო მეტად გაუარესებისგან დასაცავად კლიენტებთან რესტრუქტურიზაციების შეთანხმებები გააფორმეს.

თუკი 2019 წლის ბოლოსთვის რესტრუქტურიზებული იყო საბანკო სისტემაში არსებული სესხების 5%, 2020 წლის ბოლოსთვის ეს მაჩვენებელი 20%-მდე იყო გაზრდილი, რაც ნიშნავს, რომ საბანკო სისტემაში არსებული 38-მილიარდიანი საკრედიტო პორტფელიდან 7.6 მილიარდი ლარის სესხები რესტრუქტურიზებულია.

მათ შორის ყველაზე მეტი რესტრუქტურიზაცია სავალუტო სესხებს დასჭირდა, რომლის მთლიანი პორტფელის 25%-იც 2020 წლის ბოლოს რესტრუქტურიზებული იყო.

რესტრუქტურიზაცია ბანკის მომხმარებლის სესხის მომსახურების პირობების ცვლილებაა, რომელიც მისი ისეთი სახით გარდაქმნისკენ არის მიმართული, რომ მომხმარებელმა ვალის მომსახურება მარტივად შეძლოს. ეს შეიძლება იყოს ვადის გახანგრძლივება, საშეღავათო პერიოდებზე შეთანხმება, სესხების გაერთიანება და სხვა.



საქართველოს ეროვნული ბანკის შეფასება, 2021 წელს საბანკო სისტემაში უმოქმედო სესხების წილი 10%-ს მიაღწევს.

2020 წლის ბოლოსთვის უმოქმედო სესხები მთლიანი სესხების 8.4%-ს, ანუ 3.2 მილიარდ ლარს შეადგენდა. სებ-ის შეფასებით ამ მხრივ ყველაზე მაღალი რისკი სავალუტო სესხების სეგმენტში არსებობს.

"სესხებში ასევე აღსანიშნავია ის გარემოება, რომ უცხოურ ვალუტაში აღებული სესხების წილი განსაკუთრებით მაღალი იყო იმ მოწყვლად სექტორებში, რომლებსაც ყველაზე დიდი ზიანი მიადგა COVID-19-თან დაკავშირებული ეკონომიკური შოკის გამო,"- ნათქვამია ეროვნული ბანკის ანგარიშში.

ამასთან, დოკუმენტის მიხედვით, ცალკეულ სეგმენტებში კრედიტების დოლარიზაცია თითქმის 100%-ია, რაც ლარის გაუფასურების ფონზე მათი უმოქმედო სესხებად გადაქცევის რისკებს ზრდის:

1. უძრავი ქონების დეველოპმენტი - 94%-ით სავალუტო სესხია;
2. უძრავი ქონების მენეჯმენტი - 89%-ით სავალუტო სესხია;
3. სასტუმროები და ტურიზმი - 88%-ით სავალუტო სესხია;
4. რესტორნები, ბარები, კაფეები და სწრაფი კვების ობიექტები - 85%-ით სავალუტო სესხია;
5. ავტოდილერები - 57%-ით სავალუტო სესხია.