მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2020 წელს ჩინეთში საქართველოს ექსპორტი გაორმაგდა და $476 მილიონს მიაღწია

6007f1af13996
შოთა ტყეშელაშვილი
20.01.21 19:54
985
2020 წლის განმავლობაში საქართველოდან ჩინეთში საქონლის ექპორტი 113%-ით გაიზარდა და მან $476 მილიონ დოლარს მიაღწია. ეს ჩინეთში საქართველოს ექსპორტის რეკორდული მაჩვენებელია.

საქსტატის მიერ დღეს გამოქვეყნებული ანგარიშიდან ირკვევა, რომ ჩინეთში ექსპორტის გაორმაგება სპილენძის მადნებსა და კონცენტრატების მზარდ ექსპორტს უკავშირდება.

2020 წლის განმავლობაში საქართველოდან ჩინეთში სულ 266,341 ტონა სპილენძის მადნები გავიდა, რომელთა ღირებულებაც $393.6 მილიონი დოლარი იყო. სპილენძის მადნების ექსპორტი ჩინეთში 130%-ით გაიზარდა.

რა გაიტანა საქართველომ ჩინეთში 2020 წელს, (5 უმსხვილესი დასახელების საქონელი): 

1. სპილენძის მადნები და კონცენტრატები - $393.6 მილიონი დოლარი, ზრდა 130%;
2. ძვირფასი ლითონების მადნები და კონცენტრატები - $38.9 მილიონი დოლარი, ზრდა 1,800%;
3. ყურძნის ნატურალური ღვინოები - $13.3 მილიონი დოლარი, კლება 30%;
4. ხელსაწყოები და მოწყობილობები მედიცინაში ან ვეტერინარიაში გამოსაყენებელი - $9.2 მილიონი დოლარი, კლება 28%;
5. ალუმინი დაუმუშავებელი - $4.4 მილიონი დოლარი, ზრდა 450%.

რაც შეეხება ჩინეთიდან საქართველოში საქონლის იმპორტს, ის 2020 წელს $150 მილიონი დოლარით შემცირდა და $708 მილიონი შეადგინა. ჩინეთიდან საქართველოში უმსხვილეს საიმპორტო ჯგუფებს შორის პირველ ადგილზეა არმატურა ($27 მილიონის იმპორტი); საბურავები ($22.6 მლნ); კომპიუტერები ($19.6 მლნ); ტელევიზორები ($13.7 მლნ) და ნათურები ($13.4 მლნ-ის იმპორტით).

შეგახსენებთ, რომ 2018 წლის იანვრიდან საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება ამოქმედდა. შეთანხმების საფუძველზე საქართველოსთვის რიგი დასახელების საქონელზე საექსპორტო ბარიერები შემცირდა.