მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2020 წელს ექსპორტზე $22 მილიონის ავეჯი გავიტანეთ - „ჯორჯიან პროდაქტსი“

604633c1ad23f
ინგა მურუსიძე
10.03.21 09:00
2049
ცხოველების ავეჯის მწარმოებელი კომპანია "ჯორჯიან პროდაქტსის“ დამფუძნებლის დავით ბარდაველიძის ინფორმაციით, 2020 წელს 22 მლნ დოლარის ღირებულების ექსპორტი განახორციელეს, წელს კი ამ მაჩვენებლის 35 მლნ დოლარამდე გაზრდას გეგმავენ.

კომპანია "ჯორჯიან პროდაქტსის“ მიერ წარმოებული პროდუქცია ექსპორტზე ევროკავშირის ქვეყნებსა და აშშ-ში გადის.

„პანდემიის გამო, დაზაფრული ვიყავით, მაგრამ ცხოველების ავეჯზე მოთხოვნა არ შემცირებულა, არამედ - პირიქით, 2020 წელს 45%-იანი ზრდა გვქონდა. 2021 წლის პირველ თვეებში კი 120%-იანი ზრდა დაფიქსირდა. შეკვეთებს ვერ ავუდივართ. მართალია, 2008 წლის მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის პერიოდში ე.წ. „ლაქშერი“ ნივთებზე მოთხოვნა შემცირდა, მაგრამ როგორც ჩანს, ახლა შინაური ცხოველების კომფორტზე ეკონომიას არ აკეთებენ. შეიძლება, პანდემიის გამო სახლში ჯდომამ თუ სახლებიდან მუშაობამაც იქონია გავლენა; ფაქტია, მოთხოვნა გაიზარდა. პანდემიის დასრულების შემდეგ ამ ფაქტორს ალბათ უკეთესად შევაფასებთ, მაგრამ ახლა ასეთი სიტუაციაა“, - განაცხადა ბარდაველიძემ და დასძინა, რომ შინაური ცხოველების ავეჯზე გაზრდილი მოთხოვნის გამო, კომპანიამ 7000 კვ.მ. ფართობზე ახალი საწარმოს მშენებლობა დაიწყო და კადრებსაც მუდმივად იმატებს.

ახალი საწარმო, სავარაუდოდ, აპრილის ბოლოს გაიხსნება. „ამჟამად, „ჯორჯიან პროდაქტსი“ 520 ადამიანს ასაქმებს; გასულ წელს 160 ახალი თანამშრომელი ავიყვანეთ და კიდევ დავიმატებთ“, - ამბობს ის.

რაც შეეხება ცხოველების ავეჯის ფასებს, დავით ბარდაველიძის თქმით, ტრანსპორტირება გაძვირდა, თუმცა პროდუქცია ჯერ არ გაუძვირებიათ. „ჩვენ დოლარის და ევროს კურსზე უფრო ვართ დამოკიდებული, ვიდრე - ლარის. საერთოდ, მთელ მსოფლიოში ფასების ზრდის ტენდენციაა, მაგრამ ვცდილობთ, ამ ტენდენციას არ ავყვეთ, თუმცა ტრანსპორტირება უკვე იმდენად ძვირი ჯდება, რომ ალბათ მოგვიწევს ფასის მომატება“, - აღიშნა მან.

როგორც bmg.e-ისთან ინტერვიუში კომპანიის დამფუძნებელმა თქვა, „ჯორჯიან პროდაქტსის“ ნაწარმოები პროდუქცია უკვე საქართველოს ბაზარზეც იყიდება. „ჩვენ მიერ წარმოებული ავეჯი უკვე თბილისში, სამ მაღაზიაში იყიდება და როგორც ვიცით, ბაზარმა კარგად მიიღო“, - დასძინა დავით ბარდაველიძემ.