14.ოქტომბერი .2021 16:00

2020 წელს "რუსთავი 2"-მა 42 მილიონი ლარით იზარალა - ფინანსური ანგარიში

2020 წელს "რუსთავი 2"-მა 42 მილიონი ლარით იზარალა - ფინანსური ანგარიში
views 716
უკან

ტელეკომპანია “რუსთავი 2”-მა 2020 წლის ფინანსური ანგარიში გაასაჯაროვა. დოკუმენტის თანახმად, გასულ წელს ტელევიზიის საოპერაციო და არასაოპერაციო შემოსავალმა 15.4 მილიონი ლარი შეადგინა, თუმცა ეს თანხა ტელევიზიის ხარჯების დასაფინანსებლად საკმარისი არ აღმოჩნდა და არხმა 42.5 მილიონი ლარის ზარალი განიცადა.

ფინანსური ანგარიშის თანახმად, პანდემიის და რეიტინგის შემცირების შედეგად, ტელევიზიის შემოსავალი 2019 წელს არსებული 23.6 მილიონი ლარიდან 15.4 მილიონამდე შემცირდა. თუმცა, არხი ზარალზე 2019 წელსაც იყო, რაც 25.3 მილიონ ლარს შეადგენდა, მაგრამ 2020 წელს შემოსავლების კლების გამო, ზარალი 42.5 მილიონ ლარამდე გაიზარდა.

ფინანსური ანგარიშის მიხედვით, არხმა გასულ წელს ხელფასების სახით 26.8 მილიონი ლარი გასცა. მთლიანობაში ტელევიზიის საერთო და ადმინისტრაციული ხარჯები 33 მილიონი ლარი იყო. ამასთანავე, ტელევიზიას 7.4 მილიონი ლარის ცვეთის ხარჯი ჰქონდა, საპროცენტო ხარჯებმა 3 მილიონი ლარი, საკურსო ზარალმა კი 9 მილიონი ლარი შეადგინა.

2020 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, არხის აქტივები 53.2 მილიონი ლარი იყო, ამასთან ტელევიზიას ჰქონდა დაგროვილი ზარალი 104.6 მილიონი ლარის ოდენობით.

“რუსთავი 2”-ის 60%-იანი წილი 2019 წლის სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად, ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშს ეკუთვნის. ტელევიზიის 40%-იანი წილი ეკუთვნის შპს პანორამას, რომელიც ასევე ბიზნსესმენ ქიბარ ხალვაშის საკუთრებაა. თუმცა, სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად, ტელეკომპანიაში ქიბარ ხალვაშის 60%-იანი წილი დაყადაღებულია.

2021 წლის მარტში ტელეკომპანია “რუსთავი 2”-მა და “პრაიმ-ტაიმმა” ერთობლივი ჰოლდინგის დაფუძნების შესახებ გააკეთეს განცხადება. მხარეებმა სააქციო საზოგადოება "მედია ჰოლდინგი" შექმნეს. ტელევიზიის მაუწყებლობის უფლება ამჟამად სწორედ “მედია ჰოლდინგს” ეკუთვნის.

საჯარო რეესტრის თანახმად, სს “მედია ჰოლდინგის” 90%-იან წილს - “პრაიმ-ტაიმი”, 10%-იან წილს კი “სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2” ფლობს. თავის მხრივ, ახალი მედიაჰოლდინგის 90%-იანი წილის მფლობელი კომპანიის - “პრაიმ ტაიმის” 50%-50%-იან წილებს თამარ ფხაკაძე და გიორგი ქუთათელაძე ფლობენ.

კომუნიკაციების კომისიის იურიდიული რეესტრის მიხედვით, "მედია ჰოლდინგის" ავტორიზაციაში "კომედი არხის" და "მარაოს" მაუწყებლობის უფლებაც შედის.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა