მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2020 წელს საქართველო-არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის ბრუნვა $139.2 მლნ იყო - სავაჭრო პროდუქტები

6149cb7c9b6b5
ვიქტორია მღებრიშვილი
21.09.21 19:35
676
ეკონომიკის მინისტრ ნათია თურნავას განცხადებით, საქართველო არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე მოლაპარაკებას დაიწყებს, რომელიც სპეციალური კვლევის გარეშე დაიწყება და ეს პროცესი ორივე მხარეს დიდ სარგებელს მოუტანს. ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა არაბთა გაერთიანებულ საამიროების ეკონომიკის სამინისტროში გამართული შეხვედრის შემდეგ ისაუბრა.

BM.GE დაინტერესდა როგორია ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვის მაჩვენებელი და რა პროდუქტს ვყიდით და ვყიდულობთ არაბთა გაერთიანებულ საამიროებში.

საქსტატის ოფიციალური მონაცემებით, გასულ 2020 წელს საქართველო - არაბთა გაერთიანებული საამიროების სავაჭრო ბრუნვამ 139.2 მლნ დოლარი შეადგინა, რაც 2019 წლის მონაცემებზე 39%-ით, ხოლო 2018 წლის მონაცემებზე 30.7%-ით ნაკლებია. აღსანიშნავია, რომ ბოლო ათი წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი სავაჭრო ბრუნვა - 281.6 მლნ დოლარი - 2013 წელს იყო, ამის შემდეგ ქვეყნებს შორის ვაჭრობა 2016 წლისთვის 170 მლნ დოლარამდე შემცირდა, ხოლო შემდეგ ზრდის ტენდენციით ხასიათდებოდა.

გასულ წელს საქართველომ არაბთა გაერთიანებულ საამიროებში საქონლის ექსპორტით 30.4 მლნ დოლარი მიიღო. ეს მაჩვენებელიც პანდემიამდე არსებულ წლიურ ექსპორტთან შედარებით 53.5%-ითაა შემცირებული. რაც შეეხება პროდუქტებს, ყველაზე დიდი რაოდენობით საქართველო ამ მიმართულებით მსუბუქ ავტომობილებს ყიდის.

საექსპორტო საქონლის TOP-10

1. მსუბუქი ავტომობილები - 23.9 მლნ დოლარი;
2. დაუმუშავებელი ან ნახევრადდამუშავებული ოქრო - 1.2 მლნ დოლარი;
3. თხილი და სხვა კაკალი - 591.7 ათასი დოლარი;
4. სატვირთო ავტომობილები - 377.3 ათასი დოლარი;
5. ეთილის სპირტი არადენატურირებული, სპირტის კონცენტრაციით 80 მოც.%-ზე ნაკლები, სპირტიანი სასმელები - 345.7 ათასი დოლარი;
6. სატელეფონო აპარატები - 302.1 ათასი დოლარი;
7. ხორცი ცხვრის ან თხის, ახალი, გაცივებული ან გაყინული - 277.5 ათასი დოლარი;
8. რეზინის პნევმატური სალტეები და საბურავები - 258.9 ათასი დოლარი;
9. სიგარები, სიგარილები და სიგარეტები თამბაქოს ან მისი შემცვლელებისაგან - 237.3 ათასი დოლარი;
10. მედიცინაში ან ვეტერინარიაში გამოსაყენებელი ხელსაწყოები და მოწყობილობები - 226.6 ათასი დოლარი;

საქართველო-არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის სავაჭრო ბრუნვაში უმეტესი წილი იმპორტს უკავია და პანდემიურ წელს საქონლის შესაძენად ქვეყნიდან 108.8 მლნ დოლარი გავიდა, რაც 2019 წლის მაჩვენებელთან შედარებით 33.2%-ით ნაკლებია.

საიმპორტო საქონლის TOP-10

1. სატელეფონო აპარატები, ფიჭური ქსელებისთვის ან სხვა უსადენო ქსელებისთვის - 64.9 მლნ დოლარი;
2. საფრენი აპარატები - 3.7 მლნ დოლარი;
3. ნავთობი და ნავთობპროდუქტები - 2.4 მლნ დოლარი;
4. მსუბუქი ავტომობილები - 2.4 მლნ დოლარი;
5. ტრაქტორების, მსუბუქი, სატვირთო და სპეცდანიშნულების ავტომობილების ნაწილები და მოწყობილობები - 2.2 მლნ დოლარი;
6. ავტომანქანების ნაწილები, ექსპლუტაციაში ნამყოფი - 1.5 მლნ დოლარი;
7. პოლიმერები ეთილენისა, პირველადი ფორმებით - 1.4 მლნ დოლარი;
8. გამომთვლელი მანქანები და მათი ბლოკები - 1.4 მლნ დოლარი;
9. მიკროფონები ხმამაღლამოლაპარაკეები - 1.3 მლნ დოლარი;
10. სუნამოები და ტუალეტის წყალი - 1.2 მლნ დოლარი;

რაც შეეხება მიმდინარე წლის მონაცემებს, 2021 წლის 8 თვეში საქართველო-არაბთან გაერთიანებული საამიროების სავაჭრო ბრუნვამ 87.5 მლნ დოლარი შეადგინა, კლება გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 3.2%-ია, ხოლო 2019 წელთან შედარებით - 40.8%-ით.

აქედან ექსპორტი 30.1%-ით 12.6 მლნ დოლარამდე შემცირდა, ხოლო იმპორტი 3.5%-ით 74.8 მლნ დოლარამდე გაიზარდა.