04.ივნისი .2021 13:30

2020 წელს საქართველო-უკრაინას შორის სავაჭრო ბრუნვა $607.9 მლნ იყო - რას ვყიდით/ვყიდულობთ?

2020 წელს საქართველო-უკრაინას შორის სავაჭრო ბრუნვა $607.9 მლნ იყო - რას ვყიდით/ვყიდულობთ?
views 462
უკან

„უკრაინა საქართველოს ერთ-ერთი მთავარი სავაჭრო პარტნიორია, რომელიც TOP-ათეულში შედის და ჩვენ დღეს დავისახეთ ამოცანა, რომ გავაორმაგოთ ჩვენს ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვა“, - ეს განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გუშინ უკრაინის პრემიერ-მინისტრ დენის შმიგალთან შეხვედრის დასრულების შემდეგ გააკეთა. თავის მხრივ სავაჭრო ბრუნვის მოცულობებზე ისაუბრა უკრაინის პრემიერმაც და 2020 წელს ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვის შემცირების შემდეგ, 2021 წლის პირველ კვარტალში - ექსპორტ-იმპორტის გაზრდილ მაჩვენებელზე გაამახვილა ყურადღება.

BM.GE დაინტერესდა, რა პროდუქტით ვაჭრობს საქართველო უკრაინასთან და როგორია დღეს სავაჭრო ბრუნვის სტატისტიკა.

საქართველოსთვის უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებს შორის უკრაინა 2021 წლის პირველ 4 თვეში 5.6%-იანი წილით მეხუთე ადგილს იკავებს. გასულ წელთა შედარებით საქართველომ უკრაინაში საქონლის ექსპორტით 97.5 მლნ დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც გასული წლის მაჩვენებელს 61.2%-ით აღემატება. რაც შეეხება იმპორტს, ქვეყანამ უკრაინიდან 121.3 მლნ დოლარის პროდუქტი შეიძინა, რაც პანდემიური წლის იმპორტს 5.5%-ით აღემატება.

ოფიციალური მონაცემების მიხედვით, გასულ - პანდემიურ წელს ჯამურად უკრაინასთან სავაჭრო ბრუნვა მცირედით 8.8%-ით შემცირდა და 607.9 მლნ დოლარი შეადგინა. (2019 წელი 666.5 მლნ დოლარი).

სავაჭრო ბრუნვაში ექსპორტი 217.4 მლნ დოლარს შეადგენს, ხოლო იმპორტი 390.5 მლნ დოლარია. რაც შეეხება სავაჭრო პროდუქტებს, რომელსაც ვყიდით და ვყიდულობთ უკრაინაში, საქსტატის მონაცემებით, საქართველო აღნიშნულ ბაზარზე სხვადასხვა დასახელების საქონელს ყიდის, მათგან ყველაზე დიდი რაოდენობით მსუბუქი ავტომობილები გადის. უმსხვილესი საექსპორტო საქონლის TOP-ათეული კი ასე გამოიყურება:

1. მსუბუქი ავტომობილები - 81.1 მლნ დოლარი;
2. ეთილის სპირტი, სპირტიანი სასმელები - 37.1 მლნ დოლარი;
3. ყურძნის ნატურალური ღვინოები - 23.7 მლნ დოლარი;
4. მინერალური და მტკნარი წყლები - 20.7 მლნ დოლარი;
5. სასუქები მინერალური ან ქიმიური, აზოტოვანი - 17.2 მლნ დოლარი;
6. ნარჩენები და ჯართი სპილენძისა - 8.0 მლნ დოლარი;
7. სამარჯვები ორთოპედიული; სხეულის ხელოვნური ნაწილები - 4.6 მლნ დოლარი;
8. ფეროშენადნობები -4.3 მლნ დოლარი;
9. ციტრუსების ნაყოფი ახალი ან გამხმარი - 1.9 მლნ დოლარი;
10. მინერალური და დაგაზიანებული წყლები შაქრის დანამატებით - 1.8 მლნ დოლარი.

რაც შეეხება იმას, რას ვყიდულობთ უკრაინიდან, ოფიციალური მონაცემებით ირკვევა, რომ გასულ წელს საქართველომ ყველა დიდი რაოდენობით სიგარები და სიგარეტები შეიძინა. TOP-10 საიმპორტო პროდუქტი კი ასეთია:

1. სიგარები, სიგარილები და სიგარეტები თამბაქოს ან მისი შემცვლელებისაგან - 73.3 მლნ დოლარი;
2. წნელები ნახშირბადიანი ფოლადისაგან, შემდგომი დამუშავების გარეშე - 30.4 მლნ დოლარი;
3. დაფასოებული სამკურნალო საშუალებები - 16.4 მლნ დოლარი;
4. კოპტონი და სხვა მყარი ნარჩენები - 14.3 მლნ დოლარი;
5. შოკოლადი და კაკაოს შემცველი კვების სხვა მზა პროდუქტები - 9.4 მლნ დოლარი;
6. ხორცი მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის, გაყინული - 9.4 მლნ დოლარი;
7. პური, ფქვილოვანი საკონდიტრო ნაწარმი, შაქარლამა, ნამცხვარი და სხვა პურ-ფუნთუშეული - 8.7 მლნ დოლარი;
8. ბრტყელი ნაგლინი ნახშირბადიანი ფოლადისაგან სიგანით 600 მმ ან მეტი, ცხლად ნაგლინი - 8.3 მლნ დოლარი;
9. ნაღების კარაქი და რძის სხვა ცხიმები; რძის პასტები - 7.5 მლნ დოლარი;
10. რძე და ნაღები, შესქელებული ან შაქრის დამატებით - 6.7 მლნ დოლარი.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა