მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2020 წელს საქართველოს მშპ-ის ზომა $1.6 მილიარდით შემცირდა და 2012-ზე ნაკლები გახდა

60599471dda2c
შოთა ტყეშელაშვილი
23.03.21 18:28
2674
2020 წელს საქართველოს ეკონომიკამ უპრეცედენტო - 6.2%-იანი ვარდნა განიცადა. მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობის ასეთი ვარდნა ქვეყანას 1994 წლის შემდგომ არ განუცდია. საქსტატის ანგარიშის თანახმად, მშპ-ის ზომამ 2020 წელს 49.4 მილიარდი დოლარი შეადგინა, მიმდინარე ფასებში აშშ დოლარში გამოხატული ეკონომიკის ზომა კი $15.88 მილიარდი დოლარი იყო, რაც 2019 წელთან შედარებით $1.6 მილიარდი დოლარით ნაკლები იყო. მშპ-ის ეს ზომა 2012 წლის დონეზე ნაკლებია, რადგან 2012 წელს საქართველოს ეკონომიკა $16.5 მილიარდ დოლარს შეადგენდა.

აშშ დოლარში გამოხატული მთლიანი შიდა პროდუქტის შემცირება როგორც ეკონომიკურმა ვარდნამ, ასევე ლარის გაცვლითი კურსის გაუფასურებამ განაპირობეს. შედეგად, 2020 წელს საქართველოს მშპ ერთ მოსახლეზე მიმდინარე ფასებში $4,274 დოლარი გახდა, რაც 2019 წლის დონესთან შედარებით $422 დოლარით ნაკლებია. 2020-ში მშპ ერთ მოსახლეზე 2012 წლის დონეზე $136 დოლარით ნაკლები იყო.

რაც შეეხება ლარებში გამოხატულ მაჩვენებელს, გასულ წელს მან 13 292 ლარი შეადგინა, რაც 2019 წელთან შედარებით 63 ლარით მეტია.



2021 წელს საქართველოს ეროვნული ბანკი ქვეყანაში 4%-იან ზრდას პროგნოზირებს, იმ შემთხვევაში თუ ეროვნული ვალუტის გაუფასურება წელსაც გაგრძელდება, მაშინ, შესაძლოა, ზრდის მიუხედავად დოლარში გამოხატული მშპ-ის ზომა წელსაც შემცირდეს.

2020 წელს ცალკეული სექტორების მიხედვით, ბრუნვის ყველაზე დიდი ვარდნა სასტუმროებისა და რესტორნების დარგში დაფიქსირდა, რაც პანდემიურ შეზღუდვებს უკავშირდებოდა. დარგის ზომა გასულ წელს 37.9%-ით შემცირდა და მისმა ბრუნვამ მხოლოდ 1.3 მილიარდი ლარი შეადგინა. ვაჭრობის სექტორში კლება 5.6% იყო, სამშენებლოში - 4.7%, ტრანსპორტის სექტორში კი 22.3%.

ეკონომიკის სექტორები, რომელთა მოცულობა 2020 წელს შემცირდა:

● სასტუმროები და რესტორნები - -37.9 %;
● ტრანსპორტი და დასაწყობება -  -22.3 %;
● ხელოვნება, გართობა და დასვენება - -18.9 %;
● პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები - -18.4 %;
● წყალმომარაგება; კანალიზაცია, ნარჩენების მართვა -  -11.1 %;
● ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის მიწოდება - -7.4 %;
● საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი - -5.6 %;
● საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები - -5 %;
● მშენებლობა - -4.7 %;
● ინფორმაცია და კომუნიკაცია - -0.7 %;
● უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები - -0.1 %;
● დამამუშავებელი მრეწველობა - 0 %;

რაც შეეხება სხვა სექტორებს, ყველაზე მაღალი 7.9%-იანი ზრდა ჯანდაცვის სფეროში დაფიქსირდა, შედეგად სექტორის მოცულობა 2 მილიარდი ლარი გახდა. ასევე 1.5%-ით გაიზარდა სამთომომპოვებელი ინდუსტრიის ბრუნვაც.

ეკონომიკის სექტორები, რომლებიც 2020 წელს გაიზარდა:

● სამთომოპოვებითი მრეწველობა - 1.5 %;
● განათლება - 3.1 %;
● სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობა - 3.6 %;
● ჯანდაცვა და სოციალური მომსახურების საქმიანობები - 7.9 %;

2021 წლის იანვარში ეკონომიკური ვარდნა 11.5% იყო. თებერვალში მშპ-ის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია კი ამ თვის ბოლოს გახდება ცნობილი.