მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2020 წელს საქართველოში ქალის საშუალო ხელფასი 952 ლარი იყო, კაცის - 1407 ლარი - საქსტატი

616005926ee8b
შოთა ტყეშელაშვილი
08.10.21 12:46
1705
საქსტატმა დღეს საშუალო ხელფასების ამსახველი ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, 2020 წელს საქართველოში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გასულ წელთან შედარებით 5.4%-ით (61.5 ლარით) გაიზარდა და 1 191.0 ლარი შეადგინა.

2020 წელს ქალების საშუალო თვიური ხელფასი 952.2 ლარით, ხოლო კაცების - 1 407.7 ლარით განისაზღვრა. ხელფასების წლიურმა ზრდამ, შესაბამისად ქალებში - 9.6%, კაცებში - 3.4% შეადგინა. საქმიანობის სახეების მიხედვით კაცების საშუალო თვიური ხელფასი თითქმის ყველა სექტორში აღემატებოდა ქალების საშუალო თვიურ ხელფასს.

"2020 წელს წინა წელთან შედარებით ხელფასების ზრდა სექტორების უმრავლესობაში შეინიშნებოდა. საქმიანობების სახეების მიხედვით, შედარებით მაღალი ხელფასი დაფიქსირდა შემდეგ დარგებში:

⦁ საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობა - 2 156.9 ლარი (წინა წელთან შედარებით გაიზარდა 6.2%-ით);
⦁ ინფორმაცია და კომუნიკაცია - 1 885.7 ლარი (წინა წელთან შედარებით გაიზარდა 16.3%-ით);
⦁ პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები - 1 852.3 ლარი (წინა წელთან შედარებით შემცირდა 2.3%-ით).

2020 წელს სახელმწიფო სექტორში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ხელფასი 260.5 ლარით ნაკლები იყო არასახელმწიფო სექტორში დაქირავებულებთან შედარებით. ამასთან, 2019 წელთან შედარებით სახელმწიფო სექტორში ხელფასი 5.2%-ით, ხოლო არასახელმწიფო სექტორში 6.1%-ით გაიზარდა და შესაბამისად 1 024.4 და 1 284.9 ლარი შეადგინა,"- ნათქვამია დოკუმენტში.

საშუალო ხელფასის მოცულობით პირველ ადგილზე თბილისი - ბოლოზე კი რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთია.