მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2020 წელს საქართველოში სიღარიბის ზღვარს მიღმა 193 ათასი ადამიანი აღმოჩნდა - მსოფლიო ბანკი

60641e4030097
BM.GE
31.03.21 11:00
3111
მსოფლიო ბანკის მიერ დღეს გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, COVID-19-ის პანდემიის და თანმდევი ეკონომიკური კრიზისის შედეგად, საქართველოში 193 ათასი მოქალაქე, ანუ მოსახლეობის 5.4% სიღარიბის ზღვარს მიღმა აღმოჩნდა. მსოფლიო ბანკის შეფასებით, 2019 წლის მდგომარეობით, საქართველოში სიღარიბეში მოსახლეობის 14.9% ცხოვრობდა, შესაბამისად 2020 წელს ამ მაჩვენებელმა მოსახლეობის 20.3%-ს, ანუ 754,000 ადამიანს მიაღწია. 

მსოფლიო ბანკის ანგარიშის თანახმად, საქართველოს ეკონომიკის COVID-19-მდე არსებულ დონემდე აღდგენა 2022 წლის ბოლომდე ნაკლებად სავარაუდოა. 

COVID-19-ის პანდემიამ და თანმდევმა ეკონომიკურმა კრიზისმა საქართველოს მძიმე დარტყმა მიაყენა. მობილობის შეზღუდვამ, საერთაშორისო ტურისტების ჩამოსვლის მოულოდნელმა შეჩერებამ და სუსტმა საგარეო მოთხოვნამ 2020 წელს 6.2 პროცენტიანი ეკონომიკური ვარდნა გამოიწვია.

"საქართველოს სიღარიბის მაჩვენებელი დაახლოებით 5.4 პროცენტული ერთეულით გაიზარდა. სამუშაო ადგილებისა და შემოსავლის დაკარგვა განსაკუთრებით მწვავე პრობლემა აღმოჩნდა. ფისკალურმა დეფიციტმა და სახელმწიფო ვალმა დადგენილ ზღვარს გადააჭარბა, ფისკალურ და საგარეო სავაჭრო ბალანსზე კრიზისის ზეწოლის პირობებში. პროგნოზის მიხედვით, საქართველოს ეკონომიკა 2021 წელს 4 პროცენტით, ხოლო 2022 წელს 5 პროცენტით გაიზრდება. ეკონომიკის გაუმჯობესების მიუხედავად, მთლიანი გამოშვება COVID-19-მდე არსებულ დონემდე 2022 წლის ბოლომდე ვერ აღდგება, რასაც დიდწილად განაპირობებს საერთაშორისო ტურიზმის პერსპექტივებზე არადამაიმედებელი პროგნოზები. ეკონომიკის აღდგენა მნიშვნელოვნად დამოკიდებული იქნება რისკებზე, მათ შორისაა - გაჭიანურებული ვაქცინაცია, დამატებითი შეზღუდვები, გლობალური ფინანსური პირობების გამკაცრება და გახანგრძლივებული პოლიტიკური დაძაბულობა,"- ნათქვამია ანგარიშში. 

სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის წარმომადგენელი სებასტიან მოლინეუსი აღნიშნავს, რომ როგორც 2021 წლის, ასევე შემდგომი წლების ეკონომიკური აღდგენა მნიშვნელოვანწილად ვაქცინაციის პროცესის წარმატებაზე იქნება დამოკიდებული.

„საქართველოს ეკონომიკის ზრდის ტემპი 2021 წლის შემდგომ პერიოდში დამოკიდებული იქნება ვაქცინაციის პროგრამის განხორციელებაზე და ასევე, საერთაშორისო ვაჭრობასა და ინვესტიციების შემოდინებაზე. მდგრადი და მტკიცე განვითარებისთვის საქართველოს დასჭირდება უწყვეტი ფოკუსირება COVID-19-ის ინფექციის გავრცელების შენელებაზე, ფართომასშტაბიან ვაქცინაციაზე და ასევე, გრძელვადიანი გამოწვევების დაძლევაზე, მათ შორის, ორიენტირება ადამიანური კაპიტალის განვითარების, ინსტიტუციების გაძლიერების, ციფრული და მწვანე ეკონომიკის ხელშეწყობაზე,“ - განაცხადა სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სებასტიან მოლინეუსმა.

მსოფლიო ბანკი სიღარიბეზე საუბრისას სხვადასხვა თანრიგის სიღარიბეს აფასებს. მათ შორისაა PPP დოლარებში, ანუ მსყიდველობითი უნარით გათანაბრებულ დოლარებში დათვლილი მოსახლეობის ხარჯების შეფასება. ამ შემთხვევაში მსოფლიო ბანკი აფასებს მოსახლეობის იმ წილს, რომელიც დღის განმავლობაში საკუთარ თავზე $3.20 PPP დოლარზე ნაკლებს ხარჯავს. შესაბამისად ეს შეფასება ერთდროულად, როგორც რეალურ სიღარიბეზე, ასევე ლარის და PPP დოლარის მიმართებაზე არის დამოკიდებული. სწორედ ამ სტანდარტით დათვლილი სიღარიბე 2019 წელს მოსახლეობის 14.9%-ს შეადგენდა. მსოფლიო ბანკი სწორედ ამ მაჩვენებლის 5.4 პროცენტული პუნქტით ზრდაზე საუბრობს.

რაც შეეხება სიღარიბის ეროვნულ სტანდარტს, საქსტატის მონაცემებით, 2019 წლის მდგომარეობით ქვეყანაში ფარდობითი სიღარიბის ზღვარს მიღმა მოსახლეობის 20.1%, ხოლო სიღარიბის აბსოლუტური ზღვრის მიღმა მოსახლეობის 19.5% ცხოვრობდა. ჯერ-ჯერობით უცნობია თუ რა გავლენა მოახდინა 2020 წლის ეკონომიკურმა კრიზისმა ამ მაჩვენებლებზე.