მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2020 წელს სახელმწიფო საწარმოებმა 1 მილიარდი ლარით იზარალეს - ანგარიში

61582b2435e95
შოთა ტყეშელაშვილი
02.10.21 13:48
2462
ფინანსთა სამინისტრომ სახელმწიფო საწარმოების მდგომარეობის შესახებ გამოაქვეყნა ანგარიში. დოკუმენტის მიხედვით, 2020 წელს საქართველოს სახელმწიფოს კუთვნილმა 142-მა კომპანიამ ჯამში 1,043,000,000 ლარით იზარალა, რაც 2019 წლის ზარალს 630 მილიონი ლარით აღემატება.

კომპანიებს შორის მსხვილი იყო “საქართველოს რკინიგზის” ზარალი, რამაც 165 მილიონი ლარი შეადგინა, ასევე “გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის” ზარალი, რაც 205 მილიონ ლარს შეადგენდა. განსაკუთრებით დიდი - 383 მილიონი ლარი იყო შპს “მარაბდა კარწახის რკინიგზის” კომპანიის ზარალი. 156 მილიონი ლარით იზარალა “თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ”. 84 მილიონით იზარალა “საქართველოს მელიორაციამ”. 64-მილიონიანი ზარალი იყო შპს “ენგურჰესში”. 22-მილიონიანი ზარალი ჰქონდა “სოფლის მეურნეობის ლოჯისტიკის კომპანიას”. “სახელმწიფო ელექტროსისტემამ” კი 36 მილიონი ლარით იზარალა.

წარსულში მოგებიანობით გამორჩეული კომპანიის - “ნავთობისა და გაზის კორპორაციის” ფინანსური შედეგებიც გაუარესებულია, რის გამოც ის ფინანსთა სამინისტრომ “მაღალი რისკის მქონე კომპანიების” სიაში შეიყვანა. 2020 წელს კომპანიის წმინდა მოგება მხოლოდ 3 მილიონი ლარი იყო, მაშინ როდესაც 2019 წელს კომპანიის მოგება 120 მილიონ ლარს შეადგენდა.

ფინანსთა სამინისტროს შეფასებით, 2020 წელს, პანდემიით გამოწვეულმა კრიზისმა სახელმწიფო საწარმოების ჯამური შემოსავალი დაახლოებით 300 მილიონი ლარით შეამცირა.

“ენგურჰესის” შემთხვევაში, 64-მილიონიანი ზარალის მიზეზი აფხაზეთში ელექტროენერგიის მოხმარების მკვეთრი ზრდა გახდა, რასაც კომპანია “უფასოდ” უზრუნველყოფს. “2020 წლის განმავლობაში აფხაზეთის ტერიტორიაზე მიწოდებული ელექტროენერგიის წილმა მთლიან გამომუშავებაში გადააჭარბა 70%-ს”, - ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს ანგარიშში.

სახელმწიფო საწარმოების სავალალო ფინანსური მდგომარეობის ფონზე, საერთაშორისო სავალუტო ფონდი საქართველოს მთავრობას მათი ფართომასშტაბიანი რეფორმირებისკენ მოუწოდებს.

სახელმწიფოს კუთვნილ კომპანიებში მთლიანობაში 56,000-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული, მათში შრომის ანაზღაურების და თანამშრომლების აყვანის პოლიტიკა სრულიად გაუმჭვირვალეა.

სახელმწიფო კომპანიებს ჯამში 9.86 მილიარდ ლარზე დიდი ვალი აქვთ აღებული, რომელთა გადახდაც ამ ფირმების გაუარესებული შედეგების გამო, შესაძლოა გადასახადის გადამხდელებს მოუწიოთ.