23.თებერვალი .2021 21:20

2020 წელს შაჰ-დენიზის მილსადენის დატვირთვა რეკორდულ 11 მლრდ კუბურ მეტრამდე გაიზარდა

2020 წელს შაჰ-დენიზის მილსადენის დატვირთვა რეკორდულ 11 მლრდ კუბურ მეტრამდე გაიზარდა
views 296
უკან

2020 წლის განმავლობაში საქართველოზე გამავალი, შაჰ-დენიზის მილსადენების, ანუ სამხრეთ კავკასიური მილსადენების (SCP) დატვირთვის მოცულობა რეკორდულად გაიზარდა. გატარებული ბუნებრივი აირის მოცულობამ 11.1 მილიარდი კუბური მეტრი შეადგინა, რაც 2019 წელთან შედარებით 21%-ით, ანუ 1.9 მილიარდი მეტრ კუბით მეტია.

2020 წელს რეკორდულ მაჩვენებლამდე ზრდა TANAP-ის პროექტის ექსპლოატაციის აქტიურ ფაზაში გადასვლას უკავშირდება.

ამ გაზსადენის დატვირთვა 2014-2017 წლებში საშუალოდ 6 მილიარდი კუბური მეტრი იყო, 2018 წელს 7.1, 2019 წელს - 9,2 მილიარდი კუბური მეტრი, 2020 წელს კი 11.1 მილიარდამდე კუბური მეტრით გაიზარდა.

შაჰ-დენიზის გაზსადენის სისტემა (SCP) უკავშირდება ტრანსანატოლიის გაზსადენს TANAP-ს, რომელიც თავის მხრივ დაუკავშირდება ტრანსადრიატიკის გაზსადენს (TAP) დასავლეთ თურქეთის საზღვარზე. ტრანსადრიატიკის გაზსადენი კვეთს საბერძნეთსა და ალბანეთს, საიდანაც იგი ადრიატიკის ზღვის ფსკერზე მდებარე მილსადენით სამხრეთ იტალიისაკენ მიედინება. ტრანსადრიატიკის გაზსადენის სრული სიგრძეა 870 კმ.

რუსეთის ფედერაციისა და სომხეთის დამაკავშირებელი მაგისტრალური გაზსადენის (ჩრდილოეთი სამხრეთის მილსადენის) დატვირთვა 2020 წელს უცვლელი დარჩა და 2.2 მილიარდი კუბური მეტრი შეადგინა. ამ მილსადენზე არის დამოკიდებული სომხეთის მოსახლეობისა და სომხეთის თბოსადგურების გაზმომარაგება.

რაც შეეხება სხვა სტრატეგიული მნიშვნელობის მილსადენებს - 2020 წელს ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენის დატვირთვა შემცირდა.

COVID-19-ის კრიზისის გამო ნავთობზე მოთხოვნის შემცირების შედეგად, მილსადენის დატვირთვა ათწლიან მინიმუმამდე შემცირდა და მისი მეშვეობით 2020 წელს სულ 27.6 მილიონი ტონა ნედლი ნავთობის გადაზიდვა მოხდა, რაც წინა წელთან შედარებით 11.5%-ით ნაკლებია.

მილსადენს მაქსიმალური დატვირთვა 2010 წელს ნავთობის პიკური ფასების პერიოდში ჰქონდა, როდესაც საქართველოს გავლით თურქეთს 38.4 მილიონი ტონა ნედლი ნავთობი მიეწოდა.

Reuters-ის ინფორმაციით, 2020 წლის 10 თვეში ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენის გავლით, 2020 წელს 3.3 მილიონი ტონა ყაზახური ნავთობის ტრანზიტიც განხორციელდა, რაც წლიურ ჭრილში 0.5 მილიონი ტონით არის შემცირებული. ამასთან, მილსადენში 2020 წელს არ გაუვლია თურქმენული ნავთობის ტრანზიტსაც.

ბაქო-სუფსას მილსადენის დატვირთვა კი 2020 წელს 0.5 მილიონი ტონით გაიზარდა და მთლიანმა ტრანზიტმა 4.2 მილიონი ტონა ნედლი ნავთობი შეადგინა.

ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი, რომლის სიგრძეც 1776 კილომეტრია, კასპიის ზღვიდან აზერბაიჯანული ნავთობის საქართველოს გავლით მსოფლიო ბაზრებზე ტრანსპორტირებას ემსახურება. იგი ისტორიულ საერთაშორისო ენერგოპროექტს წარმოადგენს, რომელმაც გახსნის დღიდან, ანუ 2006 წლის 13 ივლისის შემდეგ 3,3 მილიარდ ბარელზე მეტი ნავთობის ტრანსპორტირება განახორციელა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა