მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2020 წელს სოფლის მეურნეობის სამინისტრო მთავრობას იმაზე მეტ თანხას სთხოვს, ვიდრე გათვალისწინებულია

5d8deb4e0fe7b
დავით ჯალაღონია
27.09.19 14:56
2076
2020 წლის ბიუჯეტში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო იმაზე მეტი თანხის გამოყოფას ითხოვს, ვიდრე ეს ფინანსთა სამინისტროს საბიუჯეტო პროექტით აქვს განსაზღვრული.

ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ გელა ხანიშვილმა დღეს პარლამენტში, აგრარულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც მომავალი წლის ბიუჯეტის პრიორიტეტებზე ფინანსთა მინისტრის მოადგილესთან გიორგი კაკაურიძესთან და კომიტეტის თავმჯდომარესთან ოთარ დანელიასთან ისაუბრა.

"ფინანსთა სამინისტროსთან აქტიურად ვმუშაობთ. ჩვენი მოთხოვნები საკმაოდ ამბიციური იყო მომავალი წლისთვის. მოთხოვნები ციფრებში რომ გამოვხატოთ, ასე ჟღერდა – რომ ჭერს ზემოთ, ანუ ბიუჯეტს რასაც ითვალისწინებდა ფინანსთა სამინისტრო, იმის ჩათვლით, ჩვენი მოთხოვნა იყო 572 მილიონზე (ლარზე), მათ შორის საბიუჯეტო სახსრები იყო 526 მილიონი. რეალურად ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოყოფილი რესურსი მიმდინარე ეტაპისთვის არის 317 მილიონი. ამ დღეებში გვქონდა ამაზე მსჯელობა.

ჩვენ გვქონდა ინიციატივები სხვადასხვა ახალი პროგრამების ინიცირების და არსებული პროგრამების გაზრდის შესახებ. არის რაღაც პროგრამები, რომელზედაც შევჯერდით, გვაქვს ერთნაირი ხედვა და ერთნაირ პარამეტრებში ვყალიბდებით, მეტნაკლებად. არის მთელი რიგი პროექტები, რომელზედაც რესურსის სიმწირის გამო, ფაქტობრივად ვერ ვიწყებთ ამ პროექტების განხორციელებას მიმდინარე წელს. ალბათ, მოგვიწევს 2021 და შემდგომ წლებში დაწყება, თუმცა სასურველი იქნებოდა, თუკი დავიწყებდით რაღაც გარკვეულ თემებს, ეს უკვე დამოკიდებული იქნება, რესურსის გამოყოფა რამდენად იქნება შესაძლებელი.

ჩვენი მხრიდან, გვქონდა გარკვეული მონახაზი, მზადყოფნა, ვმუშაობთ სხვადასხვა პროექტებზე ბევრი მიმართულებით. გარდა ამისა, რაც აქ არის წარმოდგენილი ბიუჯეტში, იმის გარდა, კიდევ არის ახალი თემები, რაც მუშავდება", – განაცხადა მინისტრის მოადგილემ და აქვე ის პროგრამები დაასახელა, რომელიც სამომავლოდ საბიუჯეტო პრიორიტეტებში უნდა მოექცეს.

"გვაქვს ისეთი სექტორები, რომლებიც ასათვისებელია და სოფლის მეურნეობისთვის ძალზე მნიშვნელოვანია. ეს არის ხორბლის მიმართულების განვითარება, სადაც ფაქტობრივად სახელმწიფო პროგრამა არცერთი არ მუშაობს, თუ არ ჩავთვლით საყოველთაო აგროპროექტს, რომელიც მასშტაბურად შეიძლებოდა მოგვხმარებოდა. აქ იყო საუბრები ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციის წარმოების შესაძლებლობებზე, თხილის სექტორზე და ა.შ.

ბევრი პარამეტრის მიხედვით ვთანხმდებით. ძირითადად სხვაობა არის იმ ახლადდასაწყებ პროექტებზე, რომლებიც სასურველია, თუკი რესურსი მოიძებნება და დაიწყება", – აღნიშნა გელა ხანიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში ცვლილებები შედის, რომლის მიხედვით, სხვა უწყებებთან ერთად, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბიუჯეტიც იზრდება – 1.2 მლნ ლარით და 340.1 მლნ–ს შეადგენს.