04.ივნისი .2020 09:00

2020 წელს წვენების ექპორტის 30%-ით გაზრდას ვგეგმავთ - "ჯორჯიან ნექტარი"

views 363
უკან

2020 წელს ნატურალური წვენების ექპორტის 30%-ით გაზრდას ვგეგმავთ - განუცხადა BM.GE-ს კომპანია "ჯორჯიან ნექტარის" ექსპორტის მენეჯერმა ნატა დავითაიამ.

მისი თქმით, მიმდინარე წელს მათი გეგმები დიდწილად მსოფლიოში არსებულ მდგომარეობაზეა დამოკიდებული. როგორც ნატა დავითაია ამბობს, პანდემიის პერიოდში პარტნიორებმა შეკვეთები გადაავადეს, რამაც მათი საქმიანობა გეგმის მიხედვით წარმართა.

"COVID-19-მა ვერ ვიტყოდი, რომ დიდი გავლენა იქონია ჩვენი წარმოებისა და ექსპორტის მაჩვენებლებზე. ერთადერთი, რაც შეგვიძლია აღვნიშნოთ არის ის, რომ კვიპროსმა, ბრიტანეთმა და ნორვეგიამ კარანტინის გამო გადაგვივადეს შეკვეთები, თუმცა დღეისთვის ჩვენ ურთიერთობები განახლებული გვაქვს.

პირველი პარტიები გავუშვით გასულ წელს ბაჰრეინში და 2020 წლის დასაწყისში ქუვეითში, სადაც ახლა საკმაოდ დაძაბული მდგომარეობაა, თუმცა ჩვენი პროდუქცია იქ მალე უნდა მიიღონ და შემდგომ უკვე მათთანაც აქტიურ თანამშრომლობას ველოდებით.

ბაზრების გაფართოვება ევროპის მასშტაბითაც გვაქვს დაგეგმილი. საცდელი ვარიანტი შევიტანეთ გერმანიაში, რომელიც ჰორეკა ჯგუფზე იყო ორიენტირებული და კარანტინის გამო პასუხის მოლოდინის რეჟიმში ვართ.

2020 წელს საერთო ჯამში, ექსპორტის 30%-ით გაზრდას ვგეგმავთ, თუ პანდემიის გავლენით მდგომარეობა არ შეიცვალა. ამასთან უნდა აღვნიშნო, რომ დღევანდელი მოცემულობით შარშანდელთან შედარებით ბრუნვა გაზრდილია", - განაცხადა ნატა დავითაიამ და დასძინა, რომ მოლაპარაკებები კიდევ რამდენიმე მიმართულებით მიმდინარეობს.

მისივე თქმით, პანდემიის პერიოდში ყველაზე რთული სხვადასხვა ქვეყნის სპეციფიკიდან გამომდინარე პარტნიორების მიერ მოთხოვილი საბუთების მომზადება და საცდელი ნიმუშების ტრანსპორტირება იყო.

"ყველაზე რთული ამ პერიოდში საბუთების მომზადების პროცესი იყო. დამკვეთების მხრიდან იყო დამატებითი მოთხოვნები დოკუმენტაციასთან მიმართებაში და საელჩოები უარს გვეუბნებოდნენ, ეს იყო გამოწვევა, რაც ცოტა გვაფერხებდა. ამასთან, ფრენები კვირაში ერთხელ სრულდება და ნორმალურ რეჟიმში პოტენციურ პარტნიორთან ურთიერთობას ვერ ვაგრძელებთ. თუ ადრე 3-4 დღე გვჭირდებოდა, ახლა გვჭიედება 2-3 კვირა ნიმუშების ტრანსპორტირებისთვის. ვისთანაც ვთანამშრომლობთ, ის კომპანია უარს გვეუბნება გზავნილის შესრულებაზე, რადგან ფრენები არ არის. გვიწევს სხვა კომპანიასთან თანამშრომლობა, მათ საკუთარი მოთხოვნები აქვთ დოკუმენტაციასთან მიმართებაში, იზრდება ნიმუშის გაგზავნის საფასურიც. 6 ბოთლის გაგზავნაზე შეიძლება 2 000 ლარი დაგჭირდეს, რაც არარეალურია და ჩვენნაირი ბიზნესისთვის წნეხია", - აღნიშნავს ნატა დავითაია.