მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2020 წლიდან ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე განთავსებული თხევადი აირის ბალონებისა (LPG) და მისი სისტემების ინსპექტირება დაიწყება

5dfca23f4d666
BM.GE
20.12.19 14:25
8712
2020 წლის პირველი იანვრიდან ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე განთავსებული თხევადი აირის აირბალონისა და მისი სისტემის ტექნიკური ინსპექტირება ყველა ტიპის ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე სავალდებულო გახდება.

ეკონომიკის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ავტოსატრანსპორტო საშუალებებისა და მათი მისაბმელების პერიოდული ტექნიკური ისპექტირების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის შესაბამისად, ავტოსატრანსპორტო საშუალებების მფლობელები, რომლებსაც დამონტაჟებული აქვთ თხევადი აირის აირბალონი და სისტემა, 2020 წლის 1 იანვრიდან ვალდებულები იქნებიან ავტოსატრანსპორტო საშუალების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების დროს, თან თხევადი აირის აირბალონისა და შესაბამისი სისტემის ტექნიკური გამართულობის შესახებ ინსპექტირების სერტიფიკატი იქონიონ. აღნიშნული სერტიფიკატი გაცემული უნდა იყოს აკრედიტებული შესაბამისობის შემფასებელი პირის მიერ ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე აირბალონიანი მოწყობილობის განთავსების, ტექნიკურ მოთხოვნებთან მისი შესაბამისობის შეფასებისა და უსაფრთხო ექსპლუატაციის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის შესაბასად.

"ინსპექტირების სერტიფიკატის არქონის შემთხვევაში ავტოსატრანსპორტო საშუალებები პერიოდულ ტექნიკურ ინსპექტირებაზე არ დაიშვებიან.

ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე აირბალონიანი მოწყობილობის განთავსების, ტექნიკურ მოთხოვნებთან მისი შესაბამისობის შეფასებისა და უსაფრთხო ექსპლუატაციის შესახებ ტექნიკური რეგალენტის შესაბამისად გათხევადებული აირის აირბალონი ექვემდებარება პერიოდულ ტექნიკურ ინსპექტირებას 5 წელიწადში ერთხელ, ხოლო თხევადი აირის სისტემა - 3 წელიწადში ერთხელ.

მოცემულ ეტაპზე თხევადი აირის აირბალონისა და სისტემის ტექნიკური ინსპექტორების მიზნით ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლებელებს შეუძლიათ მიმართონ შემდეგ ინსპექტირების ცენტრებს:

შპს „გაზკონტროლი“ - ქ. თბილისი, კახეთის გზატკეცილი N67

შპს „ჰესლერი“ ქ. თბილისი, გიორგი მდივანის პირველი შესახვევი N100

შპს „გიომოტორსი“ - ქ. გორი, სუხიშვილის ქ.N63

შპს „გიომ1“ - ქ. ქუთაისი, აბაშიძი ქ. N32

გათხევადებული აირბალონისა და მისი სისტემის ინსპექტირების მიზნით სხვა აკრედიტირებული ინსპექტირების ცენტრების თობაზე საზოგადოებას ეტაპობრივად მიეწოდება ინფორმაცია, მას შემდეგ რაც დასრულდება მათ მიერ აკრედიტაციის მიღების პროცესი.

თხევადი აირის აირბალონისა და მისი სისტემების ინსპექტირებას ახორციელებენ ინსპექტირების ორგანოები, რომლებსაც აკრედიტაცია მინიჭებული აქვთ სსიპ აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს - აკრედიტაციის ცენტრისაგან. ინსპექტირების ორგანოების აკრედიტაცია ხორციელდება საერთაშორისო სტანდარტის ISO/IEC 17020-ის შესაბამისად.

საქართველოს აკრედიტაციის ცენტრი ევროკავშირის აკრედიტაციის ასოციაციის მიერაა აღიარებული. ცენტრის მიერ აკრედიტებული პირების სერტიფიკატები, მათ შორის საინსპექციო ორგანოების მიერ გაცემული დოკუმენტები, აღიარებულია, მათ შორის, ევროკავშირში", – ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.