26.დეკემბერი .2020 12:35

2020 წლის არჩევნებზე პარტიებმა რეკლამაში რეკორდულად დიდი თანხა დახარჯეს - კვლევა

2020 წლის არჩევნებზე პარტიებმა რეკლამაში რეკორდულად დიდი თანხა დახარჯეს - კვლევა
views 551
უკან

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ“ 26 დეკემბერს გამოაქვეყნა კვლევა, სადაც წარმოდგენილია მონაცემები 2008-2020 წლებში ჩატარებული არჩევნებისთვის რა თანხა დახარჯეს საარჩევნო სუბიექტებმა რეკლამაში. როგორც კვლევიდან ირკვევ, 2008-2020 წლებში ჩატარებული 10 არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდში, პოლიტიკურმა სუბიექტებმა ჯამში 225 მლნ ლარამდე დახარჯეს, საიდანაც 134 მლნ ლარი (59%) პოლიტიკური რეკლამის ხარჯი იყო, რაც მოიცავს რეკლამის წარმოებას, განთავსებასა და გავრცელებას.

კვლევის მიგნებებს შორის ერთ-ერთია ის, რომ საარჩევნოდ რეკლამისთვის ყველაზე მეტი - 29.1 მლნ ლარი, 2020 წლის პარლამენტის, ხოლო ყველაზე ცოტა - 3.8 მლნ ლარი, 2013 წლის პრეზიდენტის არჩევნებში დაიხარჯა.

„2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე რეკლამაში დახარჯული თანხა რეკორდულად მაღალია და წინა, 2016 წლის პარლამენტის არჩევნებზე გაწეულ ამ ხარჯს მნიშვნელოვნად, 11.3 მლნ ლარით, აღემატება”, - აღნიშნულია კვლევაში.

თავის მხრივ, სარეკლამო ხარჯებიდან ყველაზე მეტი სატელევიზიო რეკლამისთვის იხარჯება. 2008-2020 წლებში დახარჯული თანხიდან 79 მლნ ლარზე მეტი (59%) საარჩევნო სუბიექტებმა სატელევიზიო რეკლამისთვის გამოყვეს.

წინასაარჩევნო რეკლამებიდან ერთ-ერთი ყველაზე სტაბილურად მზარდი ინტერნეტ რეკლამაა - თუ 2012 წელს წინასაარჩევნო პერიოდში 50 ათასი ლარი დაიხარჯა, 2018 წელს მისმა ხარჯმა 800 ათას ლარს გადააჭარბა, ხოლო 2020 წელს 3 მლნ ლარს. ყველაზე ნაკლები კი ბრენდირებული აქსესუარებით რეკლამის ხარჯია - 2012-2020 წლებში ჯამში მხოლოდ 1 მლნ ლარამდე გამოიყო.

"კვლევის ფარგლებში იკვეთება ცალსახა ტენდენცია, რომ ყველაზე მეტ თანხას რეკლამაში მმართველი პარტიის სუბიექტები ან მათი მხარდაჭერილი კანდიდატები ხარჯავენ, რამაც 2008-2020 წლებში 98 მლნ ლარამდე შეადგინა. ეს პოლიტიკური სუბიექტების მიერ რეკლამაში ჯამურად დახარჯული თანხის 73%-ია", - წერია TI - საქართველოს მიერ მომზადებულ კვლევაში. 

კვლევის სრული ვერსია იხილეთ ამ ბმულზე.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა