მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2020 წლის ბიუჯეტის პროექტში დოლარის კურსი 2.98 ლარის ნიშნულზე ჩაიდო - რას ნიშნავს ეს?

5d922e624d3cb
თელარა გელანტია
30.09.19 21:15
7680
2020 წლის ბოლოსთვის საქართველოს სახელმწიფო ვალის საპროგნოზო ზღვრული მოცულობა არაუმეტეს 22 681.7 მლნ ლარის ოდენობითაა განსაზღვრული, მათ შორის, სახელმწიფო საგარეო ვალის – 17 711.7 მლნ ლარის ოდენობით, ხოლო სახელმწიფო საშინაო ვალის კი − 4 970.0 მლნ ლარის ოდენობით.

ბიუჯეტის პროექტის მე-4 თავში, რომელიც საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის მთლიანი სალდოს, ფინანსური აქტივებისა და ვალდებულებების ცვლილებას მოიცავს, ასევე აღნიშნულია, რომ გამოთვლისას გამოყენებულია გაცვლითი კურსები 27 სექტემბრის მდგომარეობით: 1 აშშ დოლარი = 2.98 ლარი; 1 ევრო = 1.09 აშშ დოლარი; 1 SDR = 1.36 აშშ დოლარი; 10 ჩინური იუანი = 1.40 აშშ დოლარი; 100 იაპონური იენი = 0.93 აშშ დოლარი; 1 ქუვეითური დინარი = 3.2873 აშშ დოლარი.

"საქართველოს სახელმწიფო ვალის ზღვრული მოცულობა გადაანგარიშდება შესაბამის პერიოდში მოქმედი გაცვლითი კურსის მიხედვით", - წერია დოკუმენტში.

მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტის წარდგენასთან ერთად, ყოველწლიურად აქტუალური ხდება კითხვა - მე-4 თავში მითითებული კურსი ნიშნავს თუ არა იმას, რომ სავარაუდოდ, 2020 წელს ლარი დოლართან მიმართებაში 2.98-ის ნიშნულთან ახლოს იქნება.

აღნიშნულთან დაკავშირებით, დღეს ფინანსთა მინისტრმა ვანო მაჭავარიანმაც გააკეთა მედიასთან კომენტარი.

"როდესაც სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის პარლამენტში გადაგზავნა ხდება, იმ დღის, იმ პერიოდის კურსს ვიყენებთ ხოლმე, ტრადიციულად ასეა. ეს არ ნიშნავს რაიმე კურსის მოლოდინს", - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა.