მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2020 წლის დეკემბერში მობილური ოპერატორების აბონენტების რაოდენობა წინა წელთან შედარებით 129 ათასით შემცირდა

6040881dbd83b
შოთა ტყეშელაშვილი
04.03.21 14:58
1004
საქართველოში აქტიური მობილური აბონენტების (სიმ ბარათების) რაოდენობა 2020 წელს მკვეთრად შემცირდა - ამის შესახებ კომუნიკაციების კომისიისთვის წარდგენილი ანგარიშიდან ხდება ცნობილი. 2020 წლის დეკემბერში ჯამურად 129 ათასით იკლო აბონენტების რაოდენობამ წინა წლის იგივე პერიოდთან შედარებით.

2019 წლის დეკემბერში ქვეყანაში სულ 5.01 მილიონი აქტიური ნომერი იყო, შესაბამისად ერთ მოსახლეზე 1.35 ნომერი მოდიოდა, 2020 წლის დეკემბერში კი აქტიური აბონენტების რაოდენობა 4.88 მილიონი იყო, შესაბამისად ის 129 ათასი აბონენტით შემცირდა . ამ კლების გამო ერთ მოსახლეზე სიმ ბარათების რაოდენობამ 1.31 შეადგინა. როგორც თავად კომპანიები განმარტავენ, კლების მთავარი მიზეზი ქვეყანაში ვიზიტორების მიერ ნაყიდი ნომრების გაუქმება/შეჩერება იყო. ასევე ფაქტორი იყო კორპორატიული სიმ ბარათების შემცირება და სტუდენტებისა და მოსწავლეების მიგრაცია სახლის ინტერნეტზე. აბონენტთა რაოდენობა ყველაზე მეტად - 75,935-ით “სილქნეტის” ქსელში შემცირდა. “მაგთის” ქსელში კლება 42,772 იყო. შედეგად, 2020 წლის დეკემბერში კომპანიების მაჩვენებლები ასე გამოიყურებოდა:

1) მაგთიკომი - 1,972,358 აბონენტი, კლება წინა წელთან 42,772 აბონენტი;
2) სილქნეტი - 1,655,610 აბონენტი, კლება წინა წელთან 75,935 აბონენტი;
3) ვიონი საქართველო - 1,251,401 აბონენტი, კლება წინა წელთან 10,354 აბონენტი.

მონაცემების თანახმად, 2020 წელს მობილური მომსახურებებიდან მიღებულმა შემოსავალმა 490 მილიონი ლარი შეადგინა - ოპერატორების მთლიანი შემოსავალი წლიურ ჭრილში 9 მილიონი ლარით არის შემცირებული.


კომპანიების მიხედვით 2020 წელს მობილური მომსახურებებიდან მიღებული შემოსავალი (გადასახადების გარეშე) ასე ნაწილდება:

1) მაგთიკომი - 222,703,093 ლარი;
2) სილქნეტი - 178,575,892 ლარი;
3) ვიონი საქართველო - 88,569,657 ლარი.

მობილური ოპერატორებისთვის ერთ-ერთი მთავარი ინდიკატორი ერთი აბონენტიდან თვის განმავლობაში მიღებული შემოსავლებია. ამ კუთხით ყველაზე მეტი შემოსავალი 2020 წლის დეკემბერში (9.80 ლარი) "მაგთის" აქვს, მეორე ადგილზეა "სილქნეტი" 9.16 ლარით, მესამეზე კი "ვიონი" 6.13 ლარით.

როგორც კომუნიკაციების კომისიის ანგარიშში არის წარმოდგენილი, ქვეყანაში მობილური ინტერნეტის მოხმარება წლიურ ჭრილში გაორმაგებულია. კერძოდ, 2020 წლის დეკემბერში სამივე ქსელის აბონენტებმა 20,355 ტერაბაიტი ინტერნეტი მოიხმარეს, რაც წინა წელთან შედარებით 120%-ით მეტია.

მთლიანად 2020-ში კი აბონენტებმა 192,316 ტერაბაიტი მობილური ინტერნეტი მოიხმარეს, რაც წლიურად 119%-ით არის გაზრდილი.

სტატიაში წარმოდგენილი მონაცემები კომუნიკაციების კომისიის ანალიტიკურ პორტალში ასახულ მაჩვენებლებს ეყრდნობა, სადაც მობილური ოპერატორების შემოსავლები აქციზისა და დღგ-ს გარეშე არის წარდგენილი.